Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აღიარებს, რომ ლიცენზიები ახრჩობს მეწარმეობას


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 20 აპრილს ყოველწლიური ანგარიშით წარდგა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის წინაშე
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 20 აპრილს ყოველწლიური ანგარიშით წარდგა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის წინაშე
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 20 აპრილს ყოველწლიური ანგარიშით წარდგა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის წინაშე. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ რუსეთში კვლავ არ არსებობს მეწარმეობის თავისუფლება, ხოლო სამედიცინო დაწესებულებების თითქმის ნახევარი ავარიულ მდგომარეობაშია.

პუტინმა თავის საანგარიშო სიტყვაში განაცხადა, რომ რუსეთმა დაძლია ეკონომიკის რეცესია და შეძლო თავიდან აეცილებინა 1998 წლის მსგავსი ფინანსური კოლაფსი. მეტიც, რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავკაცი ვარაუდობს, რომ 2010 წელს ეკონომიკური ზრდა რუსეთში 3.1 პროცენტიან მაჩვენებელს მიაღწევს. თუმცა პუტინმა სათათბიროს წინაშე გააფრთხილა კაბინეტის წევრები, რომ ვიდრე ეკონომიკური კრიზისი საბოლოოდ არ დასრულდება, უფრო მომჭირნედ ხარჯონ თანხები, რათა არ მოუწიოთ მათხოვრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან:

რომელ თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა სულ ახლახან ჩვენში 500 სახის სალიცენზიო საქმიანობა არსებობდა
„აუცილებელია, რომ ყველამ, მთავრობამაც და იმათაც, ვინც დარბაზში იმყოფება, პასუხისმგებლობით გავატაროთ საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა, რათა არავისთან არ მოგვიხდეს ხელგაწვდილი სიარული და არ დავკარგოთ ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა.“

ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით თქვა, მეწარმეებს რუსეთში „ქაღალდის გროვასთან“ უწევთ გამკლავებაო და კანონმდებლებს დაჰპირდა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ლიცენზირების გასამარტივებლად და მცირე ბიზნესის დასაწყებად:

„ნამდვილ სამეწარმეო თავისუფლებაზე ლაპარაკი რუსეთში, რა თქმა უნდა, ნაადრევია. რომელ თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა სულ ახლახან ჩვენში 500 სახის სალიცენზიო საქმიანობა არსებობდა, ხოლო ქვეყანაში გაყიდული პროდუქციის 78 პროცენტი საჭიროებდა აუცილებელ სერტიფიცირებას, თითის ყოველი განძრევა ცალკეული ნებართვისა თუ ცნობის აღებას მოითხოვდა.“

ვლადიმირ პუტინმა საანგარიშო მოხსენებაში ისაუბრა ასევე სამედიცინო სფეროს სავალალო მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების 30 პროცენტი ან ამორტიზებულია, ან კაპიტალურ რემონტს ექვემდებარება. მიუხედავად ასეთი არცთუ სახარბიელო მდგომარეობისა, პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება. პუტინის თანახმად, სოჭში ოლიმპიური ნაგებობების მშენებლობაზე 27 ათასი ადამიანია დასაქმებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG