Accessibility links

რატომ აკავებენ მოქალაქეებს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე?


ადმინისტრაციული საზღვარი

ადმინისტრაციული საზღვარი

დღეს აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ გალის რაიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა გალის რაიონის სოფლების - ფიჩორისა და ოტობაიის საზღვარზე მიკროავტობუსი და მისი 10 მგზავრი დააკავეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილი მთავრობის წარმომადგენლის თორნიკე კილანავას ინფორმაციით, დაკავებული მგზავრები ჯერ ოტობაიაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი გალის მილიციაში გადაიყვანეს. სხვა ცნობები მგზავრების მდგომარეობის შესახებ კილანავას თქმით, ამ დრომდე არ მოეპოვებათ.

”მგზავრების დაკავება მოხდა ოტობაიის საზღვართან, ისინი ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდნენ. მათ არ ჰქონდათ საშვები, რომელსაც რუსი მესაზღვრეები ითხოვენ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას. მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის”, - განმარტავს თორნიკე კილანავა.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ოკუპირებულ სოფელ ფიჩორის მკვიდრი. შუახნის მამაკაცის ცნობით, წუხელ, გვიან ღამით რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 15-ივე მგზავრი დღეს დილით, სავარაუდოდ, ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

”წუხელ გააჩერეს მიკროავტობუსი, რომელიც ზუგდიდისკენ მიდიოდა. მგზავრები დააკავეს და გალში გადაიყვანეს. დილით კი გაათავისუფლეს”, - ამბობს ფიჩორელი მამაკაცი.

თავის მხრივ, აფხაზეთის დევნილ მთავრობაში განმარტავენ, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეების დაკავება უკავშირდება დე ფაქტო მთავრობის მიერ გასულ კვირაში ფასიანი საშვების შემოღებას, რომლის შეძენას ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG