Accessibility links

logo-print
საქართველოს განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა მცხეთისა და თბილისის სკოლებში ერთობლივად გახსნეს რამდენიმე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის კაბინეტი. ამ მოვლენის ამსახველ ტელესიუჟეტში ჩანდა ლამაზად გაფორმებული ოთახები, თვალსაჩინოება და თვალებანთებული გოგო-ბიჭები, რომლებისთვისაც ეს საგანი არის ერთგვარი სიურპრიზი, ხოლო საგანმანათლებლო სისტემისთვის - გამოწვევა. სიურპრიზი იმიტომ, რომ სამხედრო ვიდეოფილმები, პლანშეტზე ტაქტიკური თამაში, საველე გასვლა, კომპასზე ორიენტირება და ავტომატით სროლა ყმაწვილების უმრავლესობას მოსწონს. მაგრამ პედაგოგი, რომელიც ე.წ. სამხედრო კაბინეტში შევა, აღჭურვილი უნდა იყოს დიდი მოთმინებით და ცოდნით, რადგან ყველაზე რთულ შეკითხვებს სწორედ 15-16 წლის ახალგაზრდები სვამენ და მათ ყოველთვის აქვთ პროტესტი პედაგოგის „ჩაციკლული“, დაშტამპული პასუხების მიმართ.

ძალაუნებურად მახსენდება ჩემი სკოლის, თბილისის მე-15 სკოლის, სამხედროს მასწავლებელი. ძალიან მოწესრიგებული, პირველი რანგის გადამდგარი კაპიტანი პიტუნინი (სახელი არ მახსოვს, რადგან ყველანი ასე ვეძახდით). პიტუნინს ჰქონდა ყველაზე უკეთ გაფორმებული და გარემონტებული კლასი. პირველად იქ ვნახე მოძრავი ეკრანი და ფარდები, რომლებიც ჩვენი სამხედრო მასწავლებლის ხელით შექმნილი პულტით გადაადგილდებოდა. პიტუნინი უნაკლოდ გვასწავლიდა ქიმიური დაცვის კომბინეზონის, აირწინაღის, კომპასისა და პლანშეტის ხმარებას, ავტომატის დაშლა-აწყობას და სამხედრო ოლქში პირადი ნაცნობების წყალობით „კარაბინითაც“ და „კალაშნიკოვითაც“ რამდენჯერმე გაგვასროლინა.

მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა დისტანცია ჩვენსა და ჩვენს სამხედრო მასწავლებელს შორის. და ამის მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ რუსული ენა. მიზეზი უფრო სიღრმეში იდო. ეს იყო ტაბუდადებული თემები, უფრო სწორად, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის დამკვიდრებული მეთოდოლოგია, რომელიც არ ცნობდა "თემიდან გადახვევას". არადა ჩვენ, ვისაც ერთ წელიწადში საბჭოთა არმია გველოდებოდა, - გვსურდა გაგვეგო, რატომ უნდა წავსულიყავით ავღანეთში და დავღუპულიყავით ცხრა მთას იქით, როდესაც ავღანელს ჩემთვის არაფერი დაეშავებინა. ანდა რატომ მსახურობენ რაიკომის მდივნებისა და პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენელთა შვილები თბილისთან ახლომდებარე სამხედრო ნაწილებში, სხვები კი – კურილის კუნძულებზე, ვლადივოსტოკში, ციმბირში, კამჩატკაზე, თეთრ დათვებში და ჯანდაბაში. ან რატომ უნდა წავსულიყავით ორი წლით სავალდებულო სამხედრო სამსახურში, თუკი არც მორალურად და არც ფიზიკურად არ ვიყავით მზად იარაღის ასაღებად და ადამიანის მოსაკლავად. ასეთი შეკითხვების შემდეგ რომელიმე ჩვენგანი, ცხადია, სკოლის დირექტორის, ამირან ლევანიჩის კაბინეტში იჯდა "აღმზრდელობით საუბარზე", პიტუნინი კი - სკოლის ექიმთან, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობდა აეხსნა ვალიდოლით მოსულიერებული სამხედროს მასწავლებლისათვის, რომ ჩვენ არცთუ ისე ხელიდან წასული და ღვთისპირიდან გადავარდნილი თაობა ვიყავით.

დღევანდელი თაობა, ჩვენგან განსხვავებით, თავისუფლებაში დაიბადა და აღიზარდა. ისინი უფრო ლაღები და გახსნილები არიან შეკითხვებშიც და აზრების გამოთქმაშიც. სამხედრო-პატრიოტული პრობლემატიკა კი მიმზიდველია და განსჯისაკენ უბიძგებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ცხოვრების გზის დასაწყისში არიან. თანაც, თუ სამხედრო მასწავლებელი, ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში ან სამაჩაბლოში ნაბრძოლი ოფიცერი იქნება, ძალიან ძნელია, გაუძლო ცდუნებას და არ დაუსვა მას შეკითხვა საქართველოს უახლესი ისტორიის საბრძოლო ოპერაციებზე, თავგანწირულ ბრძოლებზეც და გაუგებარ უკანდახევებზეც, დაკარგულ ტერიტორიებზე, გენერლებისა და მთავარსარდლების პირად მაგალითებზე, ღალატსა და გმირობაზე, პროფესიონალიზმსა და უვიცობაზე, საერთაშორისო სამხედრო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე, მოსალოდნელ სამხედრო კონფლიქტებზე, სამხედრო ვალდებულებაზე და ბევრ სხვა რამეზე, რაც ხდებოდა, ხდება და მოხდება სამხედრო-პატრიოტული საფრთხეებითა და გაუგებრობებით აღსავსე საქართველოში.

თუკი ასეთი ღია საუბრები არ იქნება სამხედრო-პატრიოტულ მეცადინეობებზე, მაშინ ამ სასწავლო დისციპლინის შემოღება დაემსგავსება საბჭოთა პერიოდში არსებულ “სამხედროს” - საგანს, რომელსაც, როგორც ზემოთ ვახსენე, უხალისოდ კითხულობდნენ თადარიგში გასული საბჭოთა არმიის კოპებშეკრული პოლიტმუშაკები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG