Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის დაწყება გადაწყვიტა


საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
გასულ კვირაში თბილისში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოაცხადა, რომ ახლა მისი უწყების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ”ლარიზაციაა”. მისი აზრით, ”ლარიზაცია” ეროვნული ვალუტის ფულადი ბაზრის განვითარებას და ”დოლარიზაციის” შემცირებას ნიშნავს. რით არის ნაკარნახევი საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივა და როგორ აფასებენ მას ექსპერტები?.

საქართველოში ”დოლარიზაციის” მაჩვენებელი, სხვადასხვა გათვლებით, 80-85 პროცენტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტებისა თუ კრედიტების 80 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია. ამ რეალობის გამო ერთი წლის წინ აქტიური დისკუსიის თემად იქცა მულტისავალუტო რეჟიმზე გადასვლის საკითხი. მოგვიანებით მთავრობამ ეს თემა დახურულად გამოაცხადა, ახლა კი ეროვნული ბანკი საქართველოს ბაზრიდან სხვა ვალუტების გაძევების გზას დაადგა.

ამ ინიციატივის ავტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის აზრით, ლარზე გადასვლა მოსახლეობას და ბიზნესს სავალუტო რისკებს ააცილებს:

გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
”მთავარი პრიორიტეტი არის ლარიზაცია, ანუ დეპოზიტებისა და სესხების ლარში კონვერტაცია და იმ კომპანიებისთვის ლარში სესხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელთაც შემოსავალი აქვთ ლარში, რაც მათ ააცილებს სავალუტო რისკს.”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ასეთი განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციების იმ დასკვნას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნები, სადაც მაღალი იყო დოლარიზაციის მაჩვენებელი, უფრო მეტად დაზარალდნენ. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა, რომლებიც თბილისში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ, მხარი დაუჭირეს გიორგი ქადაგიძის წინადადებებს, მათ შორის - დევიდ ოუენმაც, ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა. მისი განცხადებით, საკრედიტო ოპერაციების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა დადებითად აისახება ეკონომიკაზე.

ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილიც, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ეროვნულ ბანკს კონკრეტული გეგმა არ გააჩნია:

”ლარიზაცია, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუ მოხდება ეკონომიკის ლარიზაცია, ეროვნულ ბანკს უფრო მეტი ბერკეტი ექნება ფულის მასის მართვის. მაგრამ იმდენად მაღალია დოლარიზაცია, რომ გაუჭირდება ამის გაკეთება.”

ეროვნული ბანკის საქმიანობის გაიოლების გარდა, ”ლარიზაციის” პროცესის სარგებლიანობაში ეჭვი ბევრს ეპარება, მათ შორის, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს. მისი აზრით, თანამედროვე ეკონომიკაში, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო ვაჭრობის საკმაოდ დიდ თავისუფლებას, ვაჭრობის ძირითად საშუალებად რომელიმე უცხოურ ვალუტას იყენებენ. ასეთ პირობებში ეროვნული ვალუტის გამყარების მცდელობა დროის და რესურსების ფუჭი ხარჯვააო, ამბობს პაატა შეშელიძე:

პაატა შეშელიძე, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი
”კრიტიკას ვერ უძლებს იმის მცდელობა, რომ ბანკებს ან კერძო პირებს მიუთითონ, თუ რომელი ვალუტით გასცენ სესხები ან მოახდინონ დანაზოგები. ასეთი ტიპის შეზღუდვა ჩვენ ფორმალურად გადაგვაგდებს უკან ნებისმიერ სერიოზულ საერთაშორისო რეიტინგში, რომელიც იკვლევს ბიზნეს გარემოს, და, მეორე მხრივ, ეკონომიკური ნონსენსი იქნება, რადგან გაიზრდება ასეთი კრედიტების ფასი, ანუ პროცენტები გაიზრდება და გაჩნდება არალეგალური ბაზარი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აგრძელებს ტრადიციას და იგონებს სამსახურს თავისთვის.”

ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ლარის კურსის კორექცია უწოდეს წელიწად-ნახევრის წინ და რომელსაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოჰყვა, უამრავმა მოქალაქემ თუ ბიზნესმენმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც რიგითი მოქალაქეების უმრავლესობას ”დოლარიზაციის” საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

„ხალხმა რომ რაღაც გაიტანოს საზღვარგარეთ, დოლარი სჭირდება. მას შეუძლია გადაცვალოს, მაგრამ, რომ არ იწვალოს, ჯობია დოლარი ჰქონდეს ხელზე.“

„ჩვენთან უნდა მოქმედებდეს ჩვენი საქართველოს ვალუტა.“

„ევროც შეიძლება და დოლარიც. ეგრე არის, ფაქტიურად, და იყოს, რა უშლის ხელს.“

მოქალაქეების სურვილის მიუხედავად, მოქალაქეებისა, რომელთა ანაბრების 80 პროცენტზე მეტი უცხოურ ვალუტაშია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ”ლარიზაციისთვის” უკვე დაიქირავა უცხოელი მრჩეველი, ტელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი. ის აცხადებს, რომ ლარიზაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და მაგალითად მოჰყავს საკუთარი ქვეყანა, ისრაელი, სადაც დოლარიზაციის 80%-დან 40% პროცენტამდე შემცირებას 20 წელი დასჭირდა.

ასეც რომ არ იყოს, ”ლარიზაციის” პროცესი წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ”ეკონომიკური თავისუფლების აქტის” პრინციპებთან. სააკაშვილის ინიციატივის მიხედვით, საქართველო არასდროს შეზღუდავს უცხოური ვალუტის გამოყენების თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG