Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპიუტერული დედაენა - სიკეთე თუ საფრთხე


ახალი სასწავლო წლიდან 2500 პირველკლასელი პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპილოტო პროგრამითაა გათვალისწინებული.

2011 წლიდან კი დაახლოებით 40 ათას მოსწავლეს სპეციალურად განვითარებადი ქვეყნებისთვის შექმნილი XO mini ლეპტოპი უკვე წიგნების ნაცვლად უსასყიდლოდ გადაეცემა. ამ ინიციატივის ავტორი თავად საქართველოს პრეზიდენტია.

ეკა მეტრეველი წელს პირველკლასელი გახდება. დედაენის ნაცვლად ის პერსონალურ კომპიუტერს მიიღებს. ეკამ უკვე იცის კომპიუტერის დადებითი მხარეები და ისიც, რომ სწავლა კომპიუტერით ურჩევნია.

” კომპიუტერში უფრო იოლია წერა. თუ შემეშლება, წაშლაც შემიძლია, ცარცით უფრო მიჭირს ხოლმე წერა”, - ამბობს 5 წლის ეკა მეტრეველი.

განათლების და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით, ეს ლეპტოპები სპეციალურად 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა. მათი შემქმნელია ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „one computer per child“-ი, ანუ ”თითო კომპიუტერი თითო ბავშვს”. ამ ლეპტოპებს უკვე მსოფლიოს მრავალ განვითარებად ქვეყანაში იყენებენ.

კომპიუტერში პირველი ოთხი დაწყებითი კლასის პროგრამა ჩაიტვირთება.

მინისტრი აცხადებს, რომ ასე ხელმოკლე ოჯახებს ძვირად ღირებული სახლმძღვანელოების ყიდვა აღარ მოუწევთ, სხვებს კი შეეძლებათ ლეპტოპთან ერთად შვილს წიგნიც უყიდონ.

”ამ კომპიუტერს აქვს სასწავლო პროგრამები, რომელიც აგებულია ბავშვის ფსიქოლოგიაზე, ანუ 6 წლის ბავშვი თამაშის პრინციპით სწავლობს. გარდა ამისა, ამ კომპიუტერში არის წიგნების ჩატვირთვის საშუალება და ასევე ბავშვს შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით”, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

თამაშის პრინციპით მიღებული ცოდნის ეფექტურობზე არ დაობენ მომავალი პირველკლასელების მშობლები, თუმცა ისინი ღელავენ, რომ მუდმივად კომპიუტერზე მუშაობა ბავშვსა და წიგნს შორის ისედაც არსებულ დისტანციას კიდევ უფრო გაზრდის. ამ მშობელთა შორის არის რეზი შავლაძე.

”თამაშებით ინფორმაციის მიღება გაცილებით იოლია, ვიდრე მკაცრ გარემოში, მაგრამ წიგნს კონკრეტული ნიშა უნდა ჰქონდეს დაკავებული სასწავლო პროცესში” ,- ამბობს რეზი შავლაძე.

მშობელთა ამ საფიქრალის პასუხად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს: ”როგორ შეიძლება კომპიუტერმა გამორიცხოს წიგნი. თუ ადამიანები უყურებენ ტელევიზორს, ეს რა, გამორიცხავს იმას, რომ ისინი კითხულობენ გაზეთებს ან წიგნებს? ეს ყველაფერი ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული, მას ძალით კითხვას ვერავინ აიძულებს.”

რამდენად არიან მზად დაწყებითი კლასების პედაგოგები, რომ სწავლების ამ ახალ სისტემაზე გადავიდნენ? პროექტის მიხედვით, ისინი ზაფხულის განმავლობაში საგანგებოდ მოემზადებიან XO mini ლეპტოპის სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად.

რაც შეეხება თავად პედაგოგთა დამოკიდებულებას ამ სიახლის მიმართ, ისინი ჯერჯერობით აშკარად სიფრთხილეს ამჟღავნებენ.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის გამგე, ფსიქოლოგი მაკა ამონაშვილი მიიჩნევს, რომ კომპიუტერს გონივრული გამოყენება დასჭირდება: მასწავლებელმა მთლიანად არ უნდა გაიიოლოს საქმე და მოსწავლე კომპიუტერზე გადართოს, - ამით ის ვეღარ გააკონტროლებს მოსწავლის ქცევას. უმჯობესია კომპიუტერი გაკვეთილის ბოლოს ჩართოს სასწავლო პროცესში.

ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ სიახლის სკოლებში დანერგვის მეთოდებზე 70 მეთოდისტი მუშაობს.

22 აპრილს კი საქართველოში XO mini ლეპტოპის შემქმნელი კომპანია „one computer per child“- ის წარმომადგენლებიც ჩამოვლენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG