Accessibility links

logo-print
საპარლამენტო კომიტეტებში სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვა დაიწყო. პირველი, ვინც სახალხო დამცველის ანგარიშის ავკარგიანობასა და აქცენტებზე იმსჯელა, როგორც მოსალოდნელი იყო, ადამიანის უფლებათა კომიტეტია.

2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები და ტენდენციები სახალხო დამცველის აპარატმა 327 გვერდიან ანგარიშში ასახა. ანგარიში 24 თავისაგან შედგება. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მათგან ყველაზე მწვავე და პრობლემურ საკითხებს გამოყოფს:

”ძალიან დიდი ადგილი ეთმობა სასჯელაღსრულების სისტემას და საკმაოდ დიდი ანალიზია გაკეთებული იქ არსებული ვითარებისა და მთელი რიგი პრობლემების. გარდა ამისა, ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ასევე საუბარია ბავშვთა უფლებებზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებზე, პროკურატურისა და პოლიციის საქმიანობაზე. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დეპუტატების მხრიდან შესაბამისი რეაგირება, იმიტომ რომ ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველი არის ერთ-ერთი კონტროლის მექანიზმი პარლამენტის.”

ჯერჯერობით კი სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანის თარიღი ცნობილი არ არის. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი არჩევნების გამო პარლამენტი მუშაობის საგანგებო გრაფიკზე გადადის და, შესაბამისად, სესიაზე ანგარიშის დაჩქარებული წესით გატანაა მოსალოდნელი. ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ანგარიში პარლამენტს 22 საკანონმდებლო ინიციატივის გატარებას ურჩევს.

”მე ვფიქრობ, რომ ნაწილი იმ წინადადებებისა არის ისეთი, რომელიც ისედაც ტრიალებს პარლამენტში, რომ უნდა განხორციელდეს, და ეს შედარებით ადვილად მივა პარლამენტის პლენარულ სხდომამდე. ნაწილი კი არის ისეთი, რომელიც მოითხოვს სერიოზულ მსჯელობას“, - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზე მსჯელობაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის შეფასებით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, სახალხო დამცველის იმ რეკომენდაციას შეეხება, რომელიც სასჯელთა შეკრების პრინციპის სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ჩანაცვლებას გულისხმობს.

”ანგარიშში განსაკუთრებით მწვავედ იყო ასახული სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა და ასევე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იყო დასახული მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობა საქართველოში.სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს რაც შეეხება, ძალიან დეტალურად იყო აღწერილი, იმავე სამედიცინო მომსახურების კუთხით რა პრობლემებია. კანონმდებლობის ანალიზი იყო შემოთავაზებული და ერთ-ერთი წინადადება, რასაც ვეთანხმები აბსოლუტურად, არის ის, რომ ბატონი სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ახალი ციხეების აშენება ქვეყანაში ვერ მოხსნის გადატვირთულობის პრობლემა”, - აცხადებს გია არსენიშვილი.

სახალხო დამცველი ასეთ ვითარებაში გამოსავალს სისხლის სამართლის ნულოვანი ტოლერანტობის სახელით ცნობილი პოლიტიკის ლიბერალიზაციაში ხედავს. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს ეს მიდგომა მისაღებად მიაჩნიათ, თუმცა თამარ ხიდაშელი აღნიშნავს იმასაც, რომ სახალხო დამცველმა 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში მკაცრად არ დასვა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ადამიანის ამა თუ იმ უფლებისა თუ თავისუფლების დარღვევა ბრალდებათ.
XS
SM
MD
LG