Accessibility links

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი აფხაზეთზე დასკვნის გაკეთების შემდეგ ისეთსავე დასკვნას სამხრეთ ოსეთზე ამზდებს. ჯგუფის დასკვნები, ძირითადად, კონფლიქტის ყველა მხარისთვის კონკრეტული რეკომენდაციებია, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში ადამიანთა პირობების გაუმჯობესებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზეა ორიენტირებული.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი მეორე დასკვნაზე მუშაობს. ჯგუფის ექსპერტის მედეა ტურაშვილის თქმით, ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი მთავარი პრობლემა არის იზოლაცია, რომელშიც სამხრეთ ოსეთია მოქცეული როგორც ოსური და რუსული, ასევე ქართული მხარის მიერ. უფრო მარტივად კი, მხარეები ერთმანეთს, უბრალოდ, უკრძალავენ მათი ტერიტორიებიდან კონფლიქტურ ზონებში გრძელვადიანი ჰუმანიტარული თუ სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შესვლას, რაც კონფლიქტური ზონის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას ხელს უშლის. ორივე ამ ფაქტორის გამო დღეს ადამიანებს კონფლიქტურ ზონებში დაბრუნება უჭირთ. ცენტრის ექსპერტის მედეა ტურაშვილის თქმით:

„დაბრუნების უფლება არის ადამიანის უფლება, რომ დაბრუნდეს თავის საცხოვრებელში ნებაყოფლობით.“

ეს კი, მარტივად, ნიშნავს ადამიანების ინდივიდუალურ უფლებას კონფლიქტურ ზონებში დაბრუნება- არდაბრუნება თავად გადაწყვიტონ, სახელმწიფომ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის მისაღწევად. დღეს კი ხშირად კონფლიქტის ზონაში მოძრაობას პოლიტიკური სარჩული უდევს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ იურიდიული დოკუმენტაციის დარიგება დაიწყო მოსახლეობისთვის, ეგრეთ წოდებული ფორმა ცხრისა, რომლითაც მოქალაქეებს ზონაში შესვლის საშუალება ეძლეოდათ, ქართული ლტოლვილთა ბანაკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტს განუცხადა:

„აიღებ ფორმა # 9-ს და სამშობლოს გამყიდველს დაგიძახებენ, არ აიღებ და, ხელცარიელი დარჩები."

თუმცა საქმე მარტო რეპლიკების დონეზე არ თავდებაო, ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ქართული მხარე, კანონმდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის სრული დარღვევით, შეგნებულად ართულებს კონფლიქტურ ზონაში დევნილების გადაადგილებას:

„აი, მაგალითად, ორი-სამი დღეა ახალგორთან დგანან გლეხები, რომელთაც უნდათ, რომ შეიყვანონ თავიანთ სოფელში საქონელი. ქართული საგუშაგო მათ არ ატარებს იქით მხარეს. ასეთი ფაქტები არის უამრავი.“

ის, რომ ოსური მხარე ადამიანების დაბრუნებაზე ღიად საუბრობს, ფორმებს არიგებს და, მაგალითად, ედუარდ კოკოითი ამბობს, მოძმე ხალხი - ქართველები და ოსები - ერთად ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთო, ზაქარეიშვილის აზრით, პოლიტიკური თამაშის ნაწილია: ოსური მხარე ცდილობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს თავისი მზაობა კონფლიქტის დარეგულირებისათვის, მეორე მხრივ კი, რუსეთს საომარი დანაშაულებანი ჩამორეცხოს:

„ქართულმა მხარემ იცის რა ეს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველები არ დაბრუნდნენ ახალგორში. რამდენად სწორი ნაბიჯია ეს, რამდენად ხელს შეუწყობს მომავალში, პერსპექტივაში, ამ ხალხის დაბრუნებას? ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ლოგიკა არსებობს ქართული მხარის ქცევაში, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, რადგან მოკლევადიანი წარმატების მისაღწევად, გამოააშკარაონ რუსეთი, ხელს უშლიან იმას, რომ იქ ფეხი მოიკიდოს ქართულმა საზოგადოებამ და ეს მომავალში გახდეს კონფლიქტის დარეგულირების შემადგენელი ნაწილი.“

კონფლიქტის რეალურად დასარეგულირებლად კი ქართულმა მხარემ, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის რჩევით, ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვის ნაცვლად, საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იფიქროს, რომლის ძალითაც ზონაში საერთაშორისო დამკვირვებლები შეძლებენ შესვლას, რაც, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის აზრით, უსაფრთხოების დონეს გაზრდის და ადამიანების დაბრუნებასა და კონფლიქტის დარეგულირებას ხელს შეუწყობს. ეს იგულისხმება თავად ქართულ სახელმწიფო სტრატეგიაშიც და კიდევ უფრო კონკრეტულად ითქმება საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მიერ, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში, როცა ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი თავის რიგით მეორე დასკვნას გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG