Accessibility links

logo-print

რა ბედი ელის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან უკანონო კავშირებს?


რუსეთი ცდილობს თავის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან საქართველოში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა დააკანონოს. თბილისი კი ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გზით წინ აღუდგეს კრემლის უკანონო განზრახვებს. ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტები აფხაზეთთან მიმართებით კეთდება, რადგან ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში საზღვაო კავშირს გეოგრაფიული მდებარეობა, ხოლო საჰაერო კავშირს ამ ეტაპზე აეროპორტის უქონლობა გამორიცხავს. ამასთან, თბილისს კვლავინდებურად უწევს იმის გამეორება, რომ, სპეციალური ნებართვის გარეშე, ნებისმიერ ქვეყანას ეკრძალება ოკუპირებულ ტერიტორიებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება.

რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის თებერვალში მოსკოვში გაფორმდა. მარტის მიწურულს კი აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ლიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო კოდი მიანიჭა და რომ ეს კანონიერ ნიადაგს ქმნის საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად. თბილისი მსგავს ცნობებს მუდმივად საპროტესტო განცხადებებით ხვდებოდა და სხვადასხვა სახით მოუწოდებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს შეეჩერებინათ რუსეთი თანმიმდევრული უკანონო ქმედებების გზაზე.

ამ გზაზე ერთ-ერთ მთავარ წინაღობად თბილისი განიხილავდა ეგრეთ წოდებულ იკაოს (ICAO), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.

”მინდა გითხრათ, რომ იკაო ამ ფრენებს გამოაცხადებს არალეგალურად და მოითხოვს ამ ფრენების შეწყვეტას... იმაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, რომ, თუ ამისთანა ფრენა განხორციელდება, ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ავიაციას მთელ კავკასიის რეგიონში”, - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თებერვალში გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ იკაო თბილისმა საქმის კურსში იქამდე ჩააყენა, ვიდრე ჯერ კიდევ იდეის დონეზე იყო რუსეთის განზრახვა - დაეწყო საჰაერო მიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთთან.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას რუსეთის მცდელობებთან დაკავშირებით ოფიციალური პროტესტი ჯერჯერობით არ გამოუხატავს და ამიტომ პროტესტის გამოხატვას აგრძელებს თბილისი. მომდევნო ნაბიჯს წარმოადგენს 22 აპრილისთვის დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს მხარესა და იკაოს ხელმძღვანელობას შორის.

საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს გაეროში ალექსანდრე ლომაიას იმედი აქვს, რომ გაეროს ფარგლებში მოქმედი იკაო - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - გვერდს ვერ აუვლის საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს:

”ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჰაერო სივრცე - ეს არის საქართველოს საჰაერო სივრცე და საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ამ სივრცეში საერთაშორისო ფრენების განხორციელება აკრძალულია საერთაშორისო სამართლით.”

რა სახით აღუდგება წინ იკაო რუსეთის უკანონო ქმედებებს, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუძლია ავიაკომპანიებისათვის ლიცენზიების ჩამორთმევა და ამ სახის სადამსჯელო სანქციების გამოყენება. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი მოითხოვს, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგზავნოს საგანგებო მიმართვის წერილი თავის წევრ ქვეყნებთან, რომ უკანონოდ გამოცხადდეს ყველანაირი საჰაერო კავშირი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან, თბილისის ნებართვის გარეშე.

მსგავსი შინაარსის ცირკულარი უკვე დაგზავნილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, ეგრეთ წოდებული აიმოს მიერ, რომელიც ასევე წარმოადგენს გაეროს ფარგლებში მოქმედ ორგანიზაციას. ამ ცირკულარის საშუალებით თბილისი მოითხოვს უკანონოდ გამოცხადდეს ყველანაირი საზღვაო მიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთთან.

ამ ფონზე სოხუმი მაინც ითხოვს პირდაპირი საზღვაო კავშირის დაწესებას თურქეთთან. სწორედ ამ საკითხის ფართოდ განხილვას მოითხოვდნენ დე ფაქტო ლიდერები მიმდინარე კვირის დასაწყისში, როდესაც სოხუმში თურქ დიპლომატებს მასპინძლობდნენ. მათ შორის იყო თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანი. მას, საქართველოში ელჩობის გამო, სოხუმში გარკვეული ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება, მაგრამ, როგორც აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება, ბურჰანი სოხუმში სტუმრობისას თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების სურვილს გამოხატავდა.

20 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლევენთ მურათ ბურჰანის ვიზიტი სოხუმში ”ქართულ მხარესთან წინასწარ შეთანხმებული” იყო და რომ სოხუმში მიღებული შთაბეჭდილებები თურქეთის ელჩმა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელს გაუზიარა. ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ ელჩმა ”კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის რესპუბლიკის პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.”

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სასტიკად კრძალავს ყველანაირი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, არცთუ იშვიათად ვრცელდება ცნობა თურქეთის მოქალაქეების მხრიდან ამ ტიპის აქტივობასთან დაკავშირებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მსგავსი ფაქტების არსებობას ადასტურებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებით ხელმძღვანელობს:

”ერთი თვის წინ მე ვიყავი თურქეთში, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ვესაუბრე იქ ჩემს კოლეგას და ვუთხარი, რომ ძალიან არასასიამოვნო ფაქტები ხდება, როდესაც თურქი მეწარმეები შედიან და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ, მაგრამ მან მითხრა, რომ ეს არ არის ოფიციალური ანკარის პოზიცია და რომ ამას ემიჯნება ანკარა. არის რამდენიმე მეწარმე, რომელიც თითონ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. თურქეთის მხარე ყოველთვის ჰპირდება ქართულ მხარეს, რომ ადეკვატურ ზომებს მიიღებს.”
XS
SM
MD
LG