Accessibility links

logo-print

მილიცა კორიუსის დიდი ვალსი (II ნაწილი)


სოპრანო მილიცა კორიუსი ფილმში ”დიდი ვალსი”

სოპრანო მილიცა კორიუსი ფილმში ”დიდი ვალსი”

დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავის, ცნობილი სოპრანო მილიცა კორიუსის ისტორიის დასკვნით ნაწილს გთავაზობთ. მილიცას მამა, ეროვნებით შვედი არტურ კორიუსი, ტალინის მკვიდრი იყო. 1891 წლიდან ჭაბუკი რუსეთის ჯარში მოხალისედ მსახურობდა. მისი სამხედრო კარიერა ვლადიკავკაზში, ვარშავაში, ოდესაში და კიევში ვითარდებოდა. ვარშავაში არტურმა ცოლი შეირთო. კორიუსებს ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი შეეძინათ. ოჯახში სალაპარაკო ენა რუსული იყო. მილას (ასე უწოდებდნენ ოჯახში) მშობლები უაღრესად განათლებული ადამიანები იყვნენ. მათ ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ არტურის მეგობრები, გამუდმებით ჟღერდა მუსიკა. დადიოდა ხმები, რომ მილიცას მამა ერთ-ერთი თავადი რომანოვის მუსიკის მასწავლებელი იყო და მოწაფემ მას ნიკოლო ამატის ვიოლინო აჩუქა. პირველი მსოფლიო ომის დროს არტურ კორიუსის სამხედრო კორპუსი მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მილა სასწავლებლად ელიზავეტას გიმნაზიაში შევიდა. გოგონა არტისტულ მომავალზე ოცნებობდა - მას აბსოლუტური სმენა, ბრწყინვალე მუსიკალური მეხსიერება, შესანიშნავი ვოკალური მონაცემები ჰქონდა.

მილას მშობლების გაყრის შემდეგ ოჯახი ორად გაიყო: დედა შვილებთან ერთად საცხოვრებლად კიევში გადავიდა, ხოლო არტურ კორიუსი ტალინში დაბრუნდა. 1928 წელს მილიცაც ტალინში, მამასთან, გაემგზავრა. იქ მან კერძო სამუსიკო სკოლაში დაიწყო სწავლა. სკოლას პეტერბურგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, შესანიშნავი პიანისტი და ვოკალისტი, ვარვარა მალამა ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა მომღერლის პირველი საჯარო გამოსვლები ტალინსა და ნარვაში შედგა, თუმცა საოპერო თეატრში ის ესტონური ენის ცუდი ცოდნის გამო არ მიიღეს.

ესტონური პერიპეტიების შედეგად, მილიცა კორიუსი მაგდებურგელ ინჟინერს, ბარონ გუნო ფოლშს გაჰყვა ცოლად და მასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. წყვილს სამი ბავშვი - ქალიშვილი და ორი ვაჟი - შეეძინა. ევროპაში მილიცას მუსიკალური კარიერა ტრიუმფით აღინიშნა: ბერლინის, მაგდებურგის, ვენის საოპერო თეატრებში მისი გამოსვლები ოვაციით სრულდებოდა. კრიტიკოსებმა მომღერალი გერმანიის საუკეთესო კოლორატურულ სოპრანოდ აღიარეს, მას ”მაგდებურგის ბულბულს” უწოდებდნენ. 1936 წელს კორიუსი ჰოლივუდში მიიწვიეს, სადაც მან რამდენიმე კინოსურათში ითამაშა. ჟულიენ დიუვივიეს ფილმში ”დიდი ვალსი” პრიმადონა კარლა დონერის როლის შესრულება მისი ჰოლივუდური კარიერის მწვერვალი აღმოჩნდა.

კინოდან წამოსვლის შემდეგ მილიცა კორიუსი დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა ნიუ-იორკის ”მეტროპოლიტენ-ოპერაში”. 1998 წელს, მომღერლის გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ, ესტონეთში შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი მელისა ფოლშ უელსი დაინიშნა. ტალინის საზღვაო პორტში ელჩის დასახვედრად შეკრებილმა საზოგადოებამ დიპლომატის სახეზე უჩვეულოდ დიდი აღელვება შენიშნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალბატონი უელსი 1932 წელს სწორედ ტალინში დაბადებულა. დედამისი კი, თურმე, ლეგენდარული მომღერალი მილიცა კორიუსი იყო. ”დიდი ვალსი” ლამაზი აკორდით დასრულდა.
XS
SM
MD
LG