Accessibility links

logo-print

გაერო ვულკანის ფერფლს ფრენის ახალ სტანდარტებს დაუპირისპირებს


გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ, მისი თაოსნობით, იწყება მუშაობა ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევებისას უსაფრთხოების ახალი სტანდარტების შესამუშავებლად. ამ მიმართულებით მუშაობა იწყება იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე დღის განმავლობაში დახურული ევროპის საჰაერო სივრცე ნელ-ნელა კვლავ გაიხსნა საჰაერო მიმოსვლისათვის.

რაიმონდ ბენჟამინმა, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, გაეროს შტაბბინაში განაცხადა, რომ სააგენტო ქმნის წარმომადგენლობით ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ყველა წინადადებას, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში ფრენის ახალი სტანდარტების დადგენას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ მზად ვართ შევადგინოთ ჯგუფი, რომელშიც შევლენ მრეწველობის, წარმოების, საავიაციო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის, მთავრობებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც ამ სტანდარტების შექმნაზე იმუშავებენ.“

ამ განცხადებას წინ უძღოდა კრიტიკა იმ ადმინისტრაციების მიმართ, რომლებმაც ვულკანის ამოფრქვევაზე გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდათ. იკაო აცხადებს, რომ სინამდვილეში არ არსებობს სტანდარტები იმის დასადგენად, თუ როგორ ვულკანურ ფერფლს შეუძლია თვითმფრინავის ძრავის მწყობრიდან გამოყვანა. ამან სრული დაბნეულობა გამოიწვია ავიაციის უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოებში, რომლებმაც ერთობლივად დახურეს საავიაციო სივრცეები, რისი საჭიროებაც, ოპონენტების თქმით, არ არსებობდა.

საავიაციო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (იატას) ხელმძღვანელობამ საკუთარ პრესრელიზში მკაცრად გააკრიტიკა მთავრობები, რომლებმაც საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება, რისკების შეფასებისა და რეკომენდაციების გარეშე მიიღეს.

რაიმონდ ბენჟამინი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მიიჩნევს, რომ ფრენების მასობრივი აკრძალვის თაობაზე ევროპის მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი იყო პასუხისმგებლობა:

“თუკი თქვენ შეეკითხებით ძრავების მწარმოებლებს, თუ რა სახის ფერფლის კონცენტრაციას უძლებენ თვითმფრინავების ძრავები, ისინი ვერ გიპასუხებენ, რადგან ეს არის პასუხისმგებლობის საქმე. ხედავთ? საბოლოო ჯამში, ყველაფერი პასუხისმგებლობამდე მიდის. ამიტომაც ვამბობ, რომ არავინ იფრენს, თუკი რისკი არსებობს.“

ევროპის საჰაერო სივრცის რამდენიმე დღით დახურვით, საავიაციო სააგენტოებს, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად 250 მილიონი დოლარის ზარალი მიადგათ.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ მიუთითებს ვადებზე, თუ როდის იქნება მიღებული საერთო სტანდარტები, მაგრამ მაშინაც კი, თუკი ასეთი სტანდარტები შემუშავდება, ისინი არ იქნება სავალდებულო და საავიაციო უსაფრთხოების თითოეული ეროვნული სააგენტო თავად გადაწყვეტს მიიღოს თუ არა ისინი.

ვულკანის ფერფლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ძრავაში მოხვედრისას მის გათიშვას იწვევს და საფრთხეს უქმნის თვითმფრინავს. 1982 წლის ივნისში ბრიტანული ავიახაზების ბოინგ 747-ს, რომელიც ავსტრალიიდან მალაიზიისაკენ მიფრინავდა, ვულკანური ფერფლის ღრუბელმა ოთხივე ძრავი გაუთიშა და პილოტებმა მხოლოდ 15 წუთში, სიმაღლის საგრძნობი დაკარგვის შემდეგ, შეძლეს მათი ხელახლა ამოქმედება.
XS
SM
MD
LG