Accessibility links

უკრაინა მზადაა, რუსეთის სამხედრო ფლოტს იჯარა გაუგრძელოს


რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ახალი გარიგებით დასრულდა. რუსეთის ლიდერმა პირობა მისცა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ 30 პროცენტით შეამცირებს უკრაინელი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის საფასურს. სამაგიეროდ, უკრაინამ თანხმობა განაცხადა, 2017 წლის შემდეგაც გაუგრძელოს იჯარის ვადა ყირიმის ნახევარკუნძულთან დისლოცირებულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს.

დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვმა და კიევმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინაში, შავ ზღვაში, რუსეთის ფლოტისთვის 2017 წლის შემდეგ იჯარის 25 წლის ვადის გაგრძელების თაობაზე. მოსკოვი კი პირობას დებს, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს გაზის საფასურს უკრაინისათვის. ეს არის ცხადი სიგნალი რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობის დათბობისა, რაზეც ხარკოვში, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქში, ჩასულმა დმიტრი მედვედევმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დაწყებისთანავე ილაპარაკა:

„მე სულ ახლახან ჩამოვფრინდი ხარკოვში და უცბად მივხვდი, რომ პრაქტიკულად ხუთი წელიწადი არ ვყოფილვარ თქვენთან. ეს კი, როგორც თქვენ თქვით, სინამდვილეში, მაჩვენებელია ჩვენ შორის ურთიერთობის გაციებისა, რაც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მოხდა და რისი ინიციატორებიც, გულწრფელად რომ ითქვას, ჩვენ არ ვყოფილვართ.“

მედვედევის და იანუკოვიჩის შეხვედრამდე, ერთმანეთს მოსკოვში პრემიერ-მინისტრები - მიკოლა აზაროვი და ვლადიმირ პუტინი - შეხვდნენ. უკრაინის ახალი ხელისუფლებისათვის რუსეთის ბუნებრივი აირის საფასურის შემცირება ეკონომიკის აღორძინებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი კრედიტის მიღების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უმთავრესი პირობაა.

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა სერგეი ტიგიპკომ სამშაბათს იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა რუსეთისგან 1000 კუბურ მეტრ გაზს 230-340 დოლარად მიიღებს, რაც 4 მილიარდი დოლარით შეამცირებს დანახარჯებს. ამჟამად უკრაინა 100 კუბურ მეტრ გაზს 304 დოლარად ღებულობს. როგორც ითქვა, 21 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 30 პროცენტით შეამცირებს ბუნებრივი აირის საფასურს უკრაინელი მომხმარებლებისათვის.

გაზის საფასურის შემცირების სანაცვლოდ რუსეთის საზღვაო ფლოტის იჯარის გახანგრძლივებას მწვავე შეფასება მისცა უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა, განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის მთავარმა მეტოქემ, იულია ტიმოშენკომ. რუსეთთან ოთხშაბათს გაფორმებულ შეთანხმებას ტიმოშენკომ უკრაინის კონსტიტუციის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება უწოდა:

„იანუკოვიჩის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მოწმობს, რომ უკრაინას არ ჰყავს პრეზიდენტი. ეს არის პერსონა, რომელიც დაეპატრონა ამ პოსტს უკეთური გზით, რომელიც დღეს საკუთარი სახელისუფლებო იმიჯის შესაქმნელად და უცხო ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვებისათვის ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და მთლიანად ხელყოფს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს.“

იულია ტიმოშენკომ განაცხადა, იანუკოვიჩმა დაიწყო ქვეყნის სუვერენიტეტის სისტემური რღვევაო და დაიმუქრა, რომ „ბიუტის“ საპარლამენტო ფრაქცია უმაღლეს რადას წარუდგენს რეზოლუციის პროექტს, შავი ზღვის ფლოტის თაობაზე ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით.

გაზის ფასში შეთანხმების სანაცვლოდ, უკრაინა დაყაბულდა იჯარის ვადა გაუგრძელოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს. გარდა ამისა, როგორც ვარაუდობენ, უკრაინას რუსეთმა, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებისაკენ მიმავალი გაზსადენის ერთობლივი მართვა და რუსული ინვესტიციებისათვსი შეღავათიანი პირობების შექმნა მოსთხოვოს.
XS
SM
MD
LG