Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 აპრილი 2010


ექსპერტები და პოლიტიკოსები ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ, წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. როგორც ”ეროვნული საბჭოს” წევრი კახა კუკავა აცხადებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა იუსტიციის მინისტრის შევიწროება დაიწყო და ყველა წამყვან თანამდებობაზე თავისი პროტეჟეები დანიშნა. როგორც ამბობენ, ამ დაპირისპირებაში მთავარ როლს ძმები ახალაიები ასრულებენ, წერს ”რეზონანსი”. ორ ძალოვან მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებას ”ალიანსის” წევრი სოზარ სუბარიც ადასტურებს. თუმცა, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, ”განსხვავებული მოსაზრებები არ ნიშნავს დაპირისპირებას”. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ ამ დაპირისპირების მთავარი ფაქტორი ძალაუფლების გადანაწილებაა.

”ჩვენი მერობის კანდიდატიც კი დაამარცხებს გიგი უგულავას, არათუ მე”, - ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს გაზეთ რეზონანსთან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია: ”არ მინდა მუქარის ტონი გამომივიდეს, მაგრამ ხალხის ამ მდგომარეობაში ჩაყენება შეიძლება ძალიან მძიმედ შემოუბრუნდეს ხელისუფლებას. ამ სიტუაციაში არჩევნებში ხელისუფლებას ხალხი ხმას არ მისცემს”. ინგა გრიგოლია მთავარ კონკურენტად ხელისუფლებას განიხილავს. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ამბობს, რომ მისი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციონერი ნახოს საკრებულოში.

ქართულმა ავიაკომპანიებმა ასეულ ათასობით დოლარი იზარალეს, წერს გაზეთი ”რეზონანსი“. ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენლის ვარაუდით, მიყენებული ზარალი 100 000 ევროს აღემატება. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ზარალის ოდენობამ 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, აეროპორტებში ჩარჩენილი მგზავრების რაოდენობამ კი ასობით ათასს მიაღწია.

მმართველი გუნდის შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა, წერს გაზეთი ”ახალი თაობა”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან. ერთმანეთს ებრძვის ორი მხარე - ერთი, რომელსაც სააკაშვილთან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და მეორე, რომელიც მის გარეშე ცდილობს ხელისუფლების სათავეში ჩადგომას, ამბობს ნანა კაკაბაძე. ”ალბათ, თუ რამე მოხდა, თუნდაც გადატრიალების მსგავსი, არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებით მოხდეს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ორივე გუნდს ეს დაპირისპირება გადმოაქვს გარე ოპოზიციაზე, თითქოს ეს ხალხია ის, ვისაც უნდა ქუჩის გზით ხელისუფლების შეცვლა და საპროტესტო ტალღის აგორება”, - აღნიშნავს კაკაბაძე ინტერვიუში.

ბაღათურია სახალხო დამცველის წინააღმდეგ გამოდის. ”ქართული დასის” ლიდერი გიორგი ტუღუშის ანგარიშში რეალური პრობლემების მიმართ სათანადო ყურადღებას ვერ ხედავს, წერს გაზეთი ”ახალი თაობა”. მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში ნახევარზე მეტი ადგილი ეთობა იმას, თუ როგორი არატოლერანტულია ქართული საზოგადოება, ქართული ეკლესია და როგორ ავიწროებს ის სხვა რელიგიებს, მაშინ როდესაც მხოლოდ სამი გვერდი ეთმობა უფლებათა დარღვევების ფაქტებს მედიაში. მისივე განცხადებით, არაფერია ნათქვამი საკუთრების უფლებების ხელყოფასა და უსამართლოდ დასჯილ ადამიანებსა და პოლიტპატიმრებზე.

ლეიბორისტული პარტია გაზეთ ”ვერსიაში“ საკუთარ პლიტიკურ ვერსიებზე საუბრობს. ”ნაციონალებში” არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს ლეიბორისტი ნესტან კირთაძე და ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას ფრთას ოპოზიციაში ვიხილავთ, მერაბიშვილი კი გაპრეზიდენტებისათვის იბრძოლებს... თუმცა ეს ცოტა შორეულ მომავალში მოხდება, წერს გაზეთი ”ვერსია”. მანამდე კი, ივნისის დასაწყისში, უგულავას მერობასა და ინგა გრიგოლიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას უნდა ველოდეთ.
XS
SM
MD
LG