Accessibility links

ინტერნეტში კვლავ გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, თანმხლები ტექსტების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებია გადმოცემული. ჩანაწერების მთავარი თემა თბილისში კავკასიელი ხალხების შეკრების ორგანიზება და საქართველოს პარლამენტის მიერ კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების მომზადებაა. ვინ და რა მიზნით შეიძლება აქვეყნებდეს მსგავს ჩანაწერებს და შესაძლებელია თუ არა სატელეფონო საუბრების ფაბრიკაცია?

ინტერნეტში ვებგვერდ www.YouTube.com-ზე გამოქვეყნებულ ექვსიდან ერთ-ერთ ჩანაწერში (http://www.youtube.com/user/TaliesinUK) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ჩეჩნეთის სათვისტომოს ხელმძღვანელ ხიზრი ალდამოვს ესაუბრება და „სერიოზული, განათლებული და ავტორიტეტიანი“ ადამიანების მოძებნას სთხოვს. პასუხად, ჩანაწერის მიხედვით, ხიზრი ალდამოვი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში რეკავს და საჭირო ხალხზე გასვლას ცდილობს.

თავად ხიზრი ალდამოვი ამბობს, რომ მსგავსი საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან არ შემდგარა. ჩეჩნური სათვისტომოს ხელმძღვანელი მიუთითებს ჩანაწერის დაბალ ხარისხზე, როგორც ფაბრიკაციის ნიშანზე, თუმცა სხვა არგუმენტებსაც იშველიებს:

„ეს ამბავი სჭირდებათ რუსებს... ჩვენებიც ტრიალებენ, ჯამბაზობენ... მე რა შუაში ვარ! ჩემი სახელი საერთოდ არ უნდა ახსენოს არც ერთმა და არც მეორე მხარემ. მსოფლიოში არ დარჩა ადამიანი, ვისთანაც არ მისაუბრია, მაგრამ არც „ემ-ვე-დეს“ ვიცნობ და არც სხვებს ვიცნობ... უმუშევარი კაცი ვარ - რამდენი ხანია, სამსახურს ვთხოულობ. თუ ამდენ ხალხს ვიცნობ, აქ რასა ვზივარ უმუშევრად?! ეს არის ვიღაცის მოგონილი ზღაპარი. ჩემს გვარს საერთოდ ნუ ახსენებენ!“

ინფორმაციის შემოწმების მიზნით, რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსს შოთა ხიზანიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც თავაზიანად გვთხოვა, ცოტა ხანში დამირეკეთ, თუ შეიძლებაო.

თუმცა შოთა ხიზანიშვილმა „ცოტა ხნის“ კი არა, კომენტარის გასაკეთებლად მთელი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა. არადა, ინტერნეტში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ჩანაწერში, თანმხლები ტექსტის მიხედვით, ვანო მერაბიშვილი სწორედ მას ესაუბრება. ჩანაწერი ძალიან დაბალი ხარისხისაა და გარკვევით თითქმის არაფერი ისმის.

ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ჩარანაწერები ფაბრიკაცია იყოს და მიზნად საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდეს. „ექსპერტთა კლუბის“ წევრი გოჩა გვარამია განმარტავს:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ის ორგანიზაციაა, რომლის მიყურადებაც, ტექნიკური აღჭურვილობის გათვალისწინებით, შეუძლებელია. მით უმეტეს, გამორიცხულია მინისტრის მოსმენა. ამას აკეთებენ რუსეთის სპეცსამსახურები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფაბრიკაცია!“

მაგრამ რა შეიძლება იყოს ფაბრიკაციის თუ ავთენტიკური ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანი? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ რესპუბლიკური პარტიის წევრს, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიმართა. მისი თქმით, ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2010 წლის მარტში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა კონფერენცია მოამზადა და ჩაატარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისში ჩატარებული კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტს კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პაატა ზაქარეიშვილი ასკვნის:

„ვინც ეს მასალები გამოაქვეყნა, უნდოდა ეჩვენებინა, რომ საქართველო ორმაგ თამაშს ეწევა, რომ მისთვის მთავარი კავკასია კი არაა, მთავარია რუსეთის საქმეებში ჩარევა და არეულობის ხელშეწყობა. ანუ ვინც ეს გააკეთა (ჩემი აზრით, რუსების გაკეთებულია), იმას უნდა აჩვენოს მსოფლიოს საქართველოს სახე - როგორ ცდილობს კავკასიაში აურიოს საქმე.“

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ჩანაწერებს თან ახლავს სტენოგრამები, რომელთა მიხედვით, საუბარი ხიზრი ალდამოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, ეგვიპტესა და სირიაში საქართველოს ელჩს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს შორის გასული წლის 11-15 დეკემბერს შედგა. პარლამენტის წევრი, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ, ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, თუკი რუსეთის სპეცსამსახური საქართველოს ხელისუფლების სატელეფონო საუბრებს ინტენსიურად უსმენს.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი თანამგზავრი, ჩვენი სატელიტი, რაც ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩვენი ხვედრი. ბევრი პატარა სახელმწიფო მსგავს მდგომარეობაშია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, უფრო მეტი ყურადღება მართებს ყველა იმ სახელმწიფო მოხელესა თუ ოფიციალურ პირს, რომელიც დაკავშირებულია სპეცსამსახურების საქმიანობასთან, ვინც დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციასთან, ანუ შეხება აქვს ასეთ ინფორმაციასთან. მეტი თავშეკავება და ყურადღებაა საჭირო პირადი საუბრების დროსაც კი“, უთხრა ნიკა ლალიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG