Accessibility links

logo-print

გალში უცხოურ პასპორტებს ელოდებიან


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გამოცემული პასპორტი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გამოცემული პასპორტი

ახალი პასპორტების გასაცემად მზადება უკვე დაიწყეს გალის რაიონში და ამ მიზნით სოფლის გამგებლები აფხაზურ ადმინისტრაციაში რუს გენერალთან შეხვედრაზე დაიბარეს. მაღალი რანგის სამხედრო პირმა ქართველ გამგებლებს ახალი პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა გააცნო.

ახალი პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა და განმარტა, რომ აუცილებელია იმ ხელშეკრულების ამუშავება, რომელსაც სოხუმმა და მოსკოვმა შარშან მოაწერეს ხელი - აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთა ნებისმიერი მოქმედი პასპორტით შეუძლიათ, თუმცა ამ დოკუმენტს დაცვის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს.

შამბას განცხადებით, ადგილობრივ აფხაზურ პასპორტებს დაცვის მსგავსი მექანიზმი არ გააჩნიათ.

რადიო თავისუფლების ოტობაიელმა რესპონდენტმა, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა, გვითხრა, რომ უცხოურ პასპორტს მაისიდან სოფლის რწმუნებულები გასცემენ.

”პასპორტი სამენოვანი იქნება - აფხაზური, რუსული და ინგლისური. მის ასაღებად სხვადასხვა საბუთები უნდა მოვამზადოთ და ანაბეჭდი გალში უნდა ჩავაბაროთ, რის შემდეგაც პასპორტს სოფლის რწმუნებული მოგვცემს. მოსახლეობა ამ პასპორტის აღებაზე უარს არ ამბობს. რა ვქნათ, სადაც ვცხოვრობთ, იქაურ წესებს უნდა შევეგუოთ...” - ამბობს ოტობაიელი მამაკაცი.

დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემულ უცხოურ პასპორტს ძალა არ ექნება არც ერთ ქვეყანაში, გარდა რუსეთისა, ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა.

”დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაცემულ პასპორტებზე ვიზებს ევროკავშირისა და სხვა თანამეგობრობის ქვეყნები არ გასცემენ და ამის შესახებ მათაც კარგად იციან. ამიტომ ეს არის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისა კიდევ ერთი ფანდი ”, - ამბობს კილანავა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ახალი პასპორტის გაცემის შემდეგ ძალას დაკარგავს ამჟამად მოქმედი აფხაზური და ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტი, რომლის საშუალებითაც გალის რაიონის მოსახლეობა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკვეთს.
XS
SM
MD
LG