Accessibility links

იანუკოვიჩი იცავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სამხედრო-საზღვაო ბაზის იჯარის გაგრძელების შესახებ


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იცავს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს იჯარის ვადის გაგრძელებას ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზისთვის. სანაცვლოდ მოსკოვმა უკრაინას 30 პროცენტით გაუიაფა ბუნებრივი აირი. ამის შესახებ ნათქვამია ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც უკრაინის ქალაქ ხარკოვში იანუკოვიჩისა და მისი რუსი კოლეგის, დმიტრი მედვედევის მოლაპარაკებას მოჰყვა. დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება აუცილებელი იყო უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად: „მთავარი მიზეზი იყო ის, რომ უკრაინას ჰქონდა გაზის შესახებ 10-წლიანი კონტრაქტი, რომელიც გვანადგურებდა. ეს იყო მთავარი პრობლემა. გამოსავალი უნდა გვეპოვა“. უკრაინა 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 300 დოლარზე მეტს იხდიდა შეთანხმებით, რომელიც შარშან გააფორმა ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს პერიოდის მთავრობამ. მაგრამ იანუკოვიჩს მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ყირიმში იჯარის გაგრძელების გამო.
XS
SM
MD
LG