Accessibility links

logo-print
საქართველოში დედამიწის დღე წელს 21-ედ აღნიშნეს. სოციალურმა ჯგუფმა facebook-იდან რუსთაველის გამზირზე თეატრალიზებული აქცია გამართა, სახელწოდებით ”არა პოლიეთილენის პარკებს”, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა კი დედამიწის დღისადმი მზადება ერთი კვირით ადრე რეგიონების სკოლებში სპეციალური გაკვეთილების ჩატარებით დაიწყო. რუსთაველის გამზირზე მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა - ”დედამიწა ჩემი სახლია”.

”ყველაფერი, რასაც დედამიწას ვესვრით, აუცილებლად უკან დაგვიბრუნდება” - ეს არის იმ ერთ-ერთი აქციის მთავარი სლოგანი, რომელიც 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და თბილისში - უფრო კონკრეტულად კი, რუსთაველის გამზირზე - გაიმართა. დიდი ბურთი, რომელიც დედამიწის რკინის მაკეტს წარმოადგენს, სავსეა პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით. აქციის ორგანიზატორია სოციალური ჯგუფი Facebook-დან -”არა პოლიეთილენის პარკებს!”

პოლიეთილენის დაშლას ასწლეულები სჭირდება; მისი დაშლის დროს მომწამვლელი აირები გამოიყოფა; პოლიეთილენი გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიცაა. - ამ გზავნილებით აქციის მონაწილეები გამვლელების ყურადღებას იქცევდნენ. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მათ მიმართ, ვინც ბუნებას აბინძურებს, სადამსჯელო ღონისძიებები გაამკაცრონ, ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფო დათუაშვილი:

”გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა დედამიწის მოდელი, რომელშიც ჩავყარეთ პოლიეთილენის პარკები და ბოთლები და ეს ყველაფერი იმის ნიშნად, რომ დედამიწა სავსეა მსგავსი ტიპის ნარჩენებით. გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად შეამცირონ პოლიეთილენის პარკების გამოყენება.”

აქციის მონაწილე სტუდენტი ანა ბაქანიძე ამბობს, რომ ადამიანებს მხოლოდ დედამიწის დღეს არ უნდა ახსოვდეთ, რომ დედამიწაზე ცხოვრობენ და მასაც გაფრთხილება სჭირდება.

ცნობისათვის: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით ხუთასიდან ათას ლარამდე ჯარიმით ისჯება.

კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა USAID-ის მხარდაჭერით განახორციელა. მისი მიზანი ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. ქსელმა დედამიწის საერთაშორისო დღემდე ერთი კვირით ადრე მწვანე კამპანიის განხორციელება დაიწყო და ის 22 აპრილს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამუნა მთვარელიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მათ ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში - საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბორჯომსა და ახალციხეში -დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები სხვადასხვა სოფლის სკოლების მოსწავლეთათვის ჩაატარეს, რის შემდეგაც ბავშვებმა დაამზადეს 24 სტენდი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების თემაზე:

”თითოეული ბავშვი წარმოადგენს თავის სკოლას. ისინი საუბრობენ იმ ეკოლოგიურ პრობლემებზე, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან. მათმა ნამუშევარმა ჩვენს მოლოდინს აშკარად გადააჭარბა. ძალიან მომზადებულები არიან და განიხილავენ პრობლემას როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ კონტექსტში.”

მაკა ტოხიშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მან ბულაჩაურის მწვანე ცენტრში საკუთარი ხელით შექმნილი სტენდი წარმოადგინა. თითოეულ ადამიანს გვიყვარს სიცოცხლე. სწორედ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მომავალ თაობას დავუტოვოთ ისეთი დედამიწა, რომელიც ჩვენ არ გვქონია, ამბობს მაკა:

”გამოვაქანდაკე მთები, ჩემი საცხოვრებელი გარემოს ახლანდელი მდგომარეობა - ის, რომ ტყეები გაჩეხილია. მინდა ადამიანებს ვუთხრა, რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ დედამიწისთვის, ჩვენ უნდა დავუტოვოთ ისეთი დედამიწა მომავალ თაობას, როგორიც ჩვენ არ გვქონია, იმიტომ რომ ისევ და ისევ საკუთარი ხელებით ვანადგურებთ მას.”

წელს დედამიწის დღე საქართველომ 21-ედ აღნიშნა, მსოფლიოში კი ეს დღე 1970 წლიდან აღინიშნება - ის სათავეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. არც ისე რთულია დედამიწის დაბინძურებისაგან დაცვა - უბრალოდ, ნარჩენების ურნებთან ურთიერთობა არ დავივიწყოთ და მათი არსებობის შესახებ მომავალ თაობასაც შევატყობინოთ. ანუ ვასწავლოთ, რომ recycle bin მხოლოდ კომპიუტერის მონიტორზე განსათავსებლად არ გამოუგონიათ.
XS
SM
MD
LG