Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის მმართველმა კოალიციამ არ ისურვა თურქეთთან შეთანხმების რატიფიკაცია


სომხეთის პარლამენტი
სომხეთის პარლამენტი
თურქეთის და სომხეთის დაახლოების იმედი, ამ ეტაპზე მაინც, გაქარწყლდა მას მერე, რაც ერევანში მმართველმა კოალიციამ არ ისურვა რატიფიცირება გაუკეთოს ორ, ტრადიციულად არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ოქტომბერში გაფორმდა, ახლა კი კოალიციას არ სურს, ის ძალაში შევიდეს.

შეთანხმების დამტკიცება ჩაიშალა, რადგან სომხეთის კანონმდებლები თურქეთის მიერ წამოყენებულ პირობებს არ მიიჩნევენ მისაღებად. სამმა მმართველმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ისინი არ განიხილავენ რატიფიკაციის საკითხს, სანამ თურქეთი არ გამოხატავს მზადყოფნას, უპირობოდ გააგრძელოს ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესი. უმრავლესობის მქონე რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, გალუსტ საჰაკიანმა, ასე განმარტა პოლიტიკური ძალის პოზიცია:

„სანამ თურქეთი არ გადაწყვეტს რატიფიცირება გაუკეთოს ოქმებს და არ შეწყვეტს მათ დაკავშირებას სხვა საკითხებთან, როგორიცაა მთიანი ყარაბახის პრობლემა, ჩვენ ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუკი ქვეყნის პრეზიდენტი შეაჩერებს რატიფიკაციის პროცესს, სანამ თურქული მხარე არ მოახდენს ოქმების რატიფიცირებას.“

რატიფიცირების შეჩერების შესახებ ცნობა გავრცელდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ტელევიზიით მიმართავდა ქვეყანას და მას თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივასთან დაკავშირებით თავის პოზიციას ამცნობდა. სარქსიანის გამოსვლის ტექსტში ნათქვამია, რომ ერევანი პროცესს ყინავს, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის პატივისცემის ნიშნად, მას საბოლოოდ არ ტოვებს. გარიგება ორ მხარეს შორის, საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით, ოქტომბერში შედგა ციურიხში. როგორც უკვე ითქვა, შეთანხმებაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაზე იყო ლაპარაკი. თურქეთმა სომხეთთან დიპლომატიური ურთიერობა გაწყვიტა, აზერბაიჯანთან სოლიდარობის გამო, 1993 წელს. შეთანხმებაში არის ასევე მოწოდება ორივე მხარისადმი, შექმნან ერთობლივი კომისია, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა მასობრივი დახოცვის გარემოებებს შეისწავლის.

დოკუმენტმა თავიდანვე უნდობლობა გააძლიერა ორ მხარეს შორის. ერევანი გაანაწყენა ციურიხის შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღესვე თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ნათქვამმა, რომ რატიფიცირება არ მოხდება, სანამ სომხეთი მთიანი ყარაბახიდან ჯარს არ გაიყვანს. ეს ითქვა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ შეთანხმება ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტს არ ეხება. ანკარა, თავის მხრივ, გააღიზიანა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილებამ, რომ ოქმები თანხმობაშია სომხეთის კონსტიტუციასთან, იმ პარაგრაფის ჩათვლით, სადაც სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებაზეა ლაპარაკი. ამ პასაჟში წაიკითხავთ, რომ სომხეთი ცდილობს მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა ოსმალეთში სომეხთა ხოცვის გენოციდად აღიარების საქმეში.

ახლა საქმე ისაა, გაირკვეს, რა ხნით დასამარდა თურქეთისა და სომხეთის შერიგების საკითხი, არის თუ არა მისი მიზანი თურქეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება. თუკი შეთანხმება უპერსპექტივო აღმოჩნდა, ეს გაამწვავებს არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანას, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობასაც და შეაშფოთებს მათი შერიგების საერთაშორისო მომხრეებს, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური კოორდინატორი ხავიერ სოლანა. ახლახან კი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში სომხეთის და თურქეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა, მათი დაახლოების სტიმულირების მიზნით.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG