Accessibility links

logo-print

”მისტრალთან” დაკავშირებული კითხვის ნიშნები და რუსეთ-საფრანგეთის დაახლოების გზა


ბოლო დღეებში არაერთხელ გამოიხატა უკმაყოფილება რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგებასთან დაკავშირებით, იყო ეს ამერიკელი კონგრესმენის თუ საქართველოში ამერიკის ელჩის მხრიდან. მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდებით რუსეთის აღჭურვის პერსპექტივა, ძირითადად, განიხილება უსაფრთხოების რისკების კონტექსტში, რაც, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებსაც უკავშირდება. მისტრალის თემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ ნატოს წევრი ცალკეული ქვეყნებიც, მაგრამ ალიანსი მაინც არ აპირებს რაიმე გავლენა მოახდინოს რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგებაზე. რა უდევს საფუძვლად ამ გარიგებას?

მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდების რუსეთისთვის მიყიდვის საკითხი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, როდესაც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა თქვა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობსო. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ბევრი არაფერი გარკვეულა - მაგალითად, ის, თუ რა მიზნით სურს რუსეთს მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდების შეძენა და სად განთავსდება სუპერთანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა.

ვაშინგტონის შეკითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რომ რჩება, ამაზე საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ბასის მიერ 21 აპრილს გაკეთებული კომენტარიც მეტყველებს. ის ამ პროცესში აუცილებლად მიიჩნევს ”რეგიონალური თავისებურებების” გადახედვას.

სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა, ეჭვი თუ შეშფოთება, რომელიც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა არაერთხელ გამოხატეს ”მისტრალის” თემასთან დაკავშირებით, ცნობილია ალიანსის გენერალური მდივნისთვისაც, თუმცა, როგორც ანდერს ფოგ რასმუსენი რადიო თავისუფლებისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, საფრანგეთისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში ჩარევა ნატოს საქმე არ არის:

„...როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ამგვარი სამხედრო აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო წესებისა და ნორმების სრული დაცვით. ვიცი, რომ ამ საკითხზე არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება ნატოს სხვადასხვა წევრების მხრიდან. და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს ამ შეშფოთებას. მე იმასაც ვგულისხმობ, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ამ სამხედრო აღჭურვილობას ნატოს წევრი არც ერთი სახელმწიფოს ან რუსეთის რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.”

როგორც ვნახეთ, ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია ეფუძნება იმედს, რომ მისტრალებით აღჭურვილი რუსეთი საფრთხეს არავის შეუქმნის, არც მეზობლებს და არც ალიანსის რომელიმე წევრს. თუმცა ამაში ეჭვი ეპარება ბევრს და, მათ შორის, ამერიკელ კანონმდებელს ილეანა როს-ლეჰტინენსაც.

რესპუბლიკელი კონგრესმენი რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის გეგმაში აშკარად ხედავს ნატოსკენ მიმართულ საფრთხესაც, რადგან გაძლიერდება რუსეთის შეტევითი საბრძოლო პოტენციალი მაშინ, როცა მოსკოვი ააქტიურებს მეზობელი ქვეყნების შევიწროების კამპანიას. ვაშინგტონში გამომავალ გაზეთ ”ჰილისთვის” რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში როს-ლეჰტინენი იხსენებს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრას, რამაც ნატოს წევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს - მათ შორის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და პოლონეთს - დაუდასტურა მეზობელი რუსეთისაგან მომდინარე საფრთხის არსებობა. ამიტომ ამერიკელი კანონმდებელი ფიქრობს, რომ მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდების რუსეთისთვის მიყიდვას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს და რომ კონგრესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ მოსალოდნელობაში საფრანგეთის მთავრობის დასარწმუნებლად.

საფრანგეთის მთავრობას კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და მისი გადარწმუნება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებლად გამოიყურება. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციების გაცნობისას, მკითხველს ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ ”მისტრალის გარიგებით” საფრანგეთი რუსეთზე მეტადაც არის დაინტერესებული.

მართალია, ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის რამდენ ხომალდს მიჰყიდის პარიზი კრემლს და რამდენის აშენების უფლებას მისცემს, მაგრამ სულ საუბარია 4 ხომალდზე და, როგორც მოსკოვში აცხადებენ, ხელშეკრულება წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს.

ამ პროცესთან მიმართებით საფრანგეთს ეჭვი და ყოყმანი არც ერთ ეტაპზე არ გამოუმჟღავნებია. პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთს ”პარტნიორი”, ხოლო თავის რუს კოლეგას, დმიტრი მედვედევს, ”სანდო” ადამიანი არაერთხელ უწოდა. ასევე ნდობაზე გააკეთა აქცენტი მედვედევმა, როდესაც ის მარტის დასაწყისში პარიზს სტუმრობდა. მან თქვა, რომ სწორედ მისტრალი წარმოადგენს ”ნდობის სიმბოლოს” საფრანგეთისა და რუსეთის ურთიერთობებში.

ნდობას, რომელსაც მხარეები ერთმანეთის მისამართით იჩენენ, ანალიტიკოსების აზრით, ინტერესები უფრო ჰქვია. ამ კონტექსტში მისტრალთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება ეკონომიკური ფაქტორი - ბოლოს და ბოლოს, თითო ასეთი ხომალდის ღირებულება, ხომ, დაახლოებით ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს. რუსეთისთვის კი, მისტრალის ყიდვა, ანალიტიკოსების აზრით, არის მცდელობა განხეთქილება გამოიწვიოს ნატოს შიგნით. რუსეთ-საფრანგეთის დაახლოების ტენდენციის ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიჩნეულია ფაქტორი, რომელიც გულისხმობს ძალების გაერთიანებას ამერიკის გავლენების წინააღმდეგ ევროპაში. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება საფრანგეთის სურვილი კონკურენცია გაუწიოს გერმანიას რუსეთთან დაახლოების გზაზე. ამ ფაქტორთან მიმართებით რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ახსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გავლენიანი ფრანგული ჟურნალის „ნუველ ობსერვატორის“ კორესპონდენტი ვენსან ჟოვე. მისი თქმით, სარკოზი დარწმუნებულია, რომ რუსებს თბილისზე იერიშის მიტანა სწორედ მან გადააფიქრებინა.

”ფაქტობრივად, მან რუსეთი სწორედ მაშინ გაიცნო - მანამდე მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. კრემლის წარმომადგენლები გაიცნო და მიიჩნია, რომ წარმატებას მიაღწია. ახლა კი ფიქრობს, რომ მათთან უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. როგორც მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ახლო მოკავშირემ მითხრა, უნდა რომ ისინი „ცივილიზებულად“ აქციოს. უფრო ზოგადად კი, სურს, რომ ისინი დასავლეთისკენ წაიყვანოს. სხვები ამ პოზიციას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რუსები სარკოზის არ გაუჩერებია - მათ თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შემდეგ სარკოზი გამოიყენეს ამ აზრის დასამკვიდრებლად. ამდენად, თუ ამ აზრს გავყვებით, გამოდის, რომ სარკოზის "დათვი" არ მოუთვინიერებია - შესაძლოა, პირიქით, ის თავად მოათვინიერეს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ნუველ ობსერვატორის“ კორესპონდენტმა ვენსან ჟოვემ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG