Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მთავრობა აყოვნებს მანასის ბაზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას


ყირგიზეთის დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, შეაყოვნებს მანასის აშშ სამხედრო ბაზის მომავალზე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას. მანასის სამხედრო აეროპორტი უმნიშვნელოვანესია ავღანეთში ჯარების უზრუნველყოფისთვის. თუმცა, ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების გამო ბოლო დროს ამ ბაზიდან ფრენა შემცირდა. ვიცე-პრემიერმა ომურბეკ ტეკებაევმა როიტერზს განუცხადა, რომ მანასის საკითხი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადაწყდება. ტეკებაევს კონსტიტუციური რეფორმა აბარია. ის აცხადებს, რომ ახალი მთავრობის ზოგიერთ წევრს სურს, რომ ამერიკელებმა დატოვონ მანასის ბაზა, ნაწილს კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ესტონეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ არის აშშ-ს მიერ მანასის ბაზის გამოყენების წინააღმდეგი, ამასთან, რუსეთი პენტაგონს ნებას აძლევს რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით ჩაიყვანოს ავღანეთში სამხედროები და ჩაიტანოს საჭირო ტვირთი. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ კი განაცხადა, რომ მისი მთავრობა ივნისში კიდევ ერთი წლით გაუგრძელებს აშშ-ს მანასის ბაზით სარგებლობის ვადას.
XS
SM
MD
LG