Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები დახმარებას მინისტრს კობა სუბელიანს სთხოვენ


ზუგდიდში, მანჯგალაძის 118 ნომერში, ყოფილი მე-12 ტრესტის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი 17 წელია უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს.

კორპუსს დაზიანებული აქვს და თითქმის ჩამოშლილია სახურავი, რის გამოც წვიმის წყალი ოთახებში ჩადის. ოჯახების უმრავლესობას ძილი იატაკზე უწევს. დედები ამბობენ, რომ საძირკველში დაგროვილი ფეკალური მასებისა და ჭარბი ნესტის გამო მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ.

”შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ. კედლები თითქმის დაშლილია. კარ-ფანჯრები დალპა. იატაკზე გვიწევს ძილი. ბავშვები ფილტვების ანთებით ხშირად ავადმყოფობენ. გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები გვაქვს. ჩვენთან დასახმარებლად არასოდეს მოსულან”, - გვეუბნება ოჩამჩირიდან დევნილი ქალი.

შენობის კედლები სინესტის გამო დაშლილია

ყოფილი მე-12 ტრესტის კორპუსში მცხოვრებმა 19-მა ოჯახმა, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.

”წერილიც გავუგზავნეთ და დავურეკეთ კიდეც მინისტრ სუბელიანს, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. რამდენჯერ ჩამოვიდა მინისტრი ზუგდიდში, მაგრამ ჩვენთან არც ერთხელ არ მოსულა. მოვიდნენ და ნახონ როგორ პირობებში ვცხოვრობთ”, - ამბობენ აფხაზეთიდან დევნილები.

რადიო თავისუფლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს ლევან მიქავას დაუკავშირდა, რომელმაც სამინისტროს პრესსამსახურის დაუკითხავად კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. თუმცა, საუბარში აღნიშნა, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, 2013 წლისთვის იძულებით გადაადგილებული ყველა პირი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
XS
SM
MD
LG