Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკიევი ყირგიზეთში პრეზიდენტად დაბრუნებას არ გეგმავს


ყირგიზეთის დამხობილმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა, პარასკევს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავის ქვეყანაში პრეზიდენტად დაბრუნებას არ აპირებს. თუმცა ბაკიევი აცხადებს, რომ სწორედ ის არის ყირგიზეთის ლეგიტიმური პრეზიდენტი და არ ცნობს გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც გასულ კვირაში თავადვე დაწერა.

როგორც პრეზიდენტი, ყირგიზეთში დაბრუნებას არ ვაპირებო, უთხრა ყირგიზეთის დამხობილმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა, ჟურნალისტებს პარასკევს.

„პრეზიდენტობას არ ვებღაუჭებიო“, - განმარტა მან და დასძინა, რომ მზად არის ყირგიზეთში სტაბილურობის დამყარებაში წვლილი შეიტანოს.

თუმცა მინსკის სახელმწიფო მედიის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ბაკიევმა ისიც თქვა, რომ საკუთარ გადადგომას არ აღიარებს.

„ბაკიევი კვლავაც ლეგიტიმური პრეზიდენტია“, - თქვა მან, თუმცა აღიარა, რომ გასულ კვირაში დაწერა და ხელიც მოაწერა გადადგომის შესახებ წერილს.

ბაკიევი მინსკში ორშაბათს ჩავიდა, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიწვევით.

მანამდე ის ყაზახეთში იმყოფებოდა, სადაც გასულ კვირაში თავისი ქვეყნიდან, ყირგიზეთიდან, ჩავიდა იქ ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, რომელსაც მინიმუმ 85 ადამიანი ემსხვერპლა.

ბიშკეკში დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ ბაკიევი მის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით შეთანხმების მიღწევასთან ერთად გადადგა.

შუა აზიის რეგიონალურმა მედიამ გაავრცელა ასლი გადადგომის შესახებ განცხადებისა, რომელიც, როგორც ჩანს, ბაკიევის მიერ ხელით არის დაწერილი.

მაგრამ თავად ბაკიევმა პარასკევს თქვა, რომ განცხადება ძალაში არ შესულა იმის გამო, რომ დროებითი მთავრობის წევრებმა მისი ნათესავების დაცვის შესახებ დადებულ პირობას უღალატეს:

"ჩემს გადადგომას არ ვაღიარებ, იმიტომ რომ მეორე მხარეს არ შეუსრულებია თავისი პირობები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსურს ხვალ ყირგიზეთში პრეზიდენტად დავბრუნდე. არა. ამას ახლავე მინდა წერტილი დავუსვა. პრეზიდენტის რანგში ყირგიზეთში დაბრუნებას არ ვაპირებ“, - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც ბაკიევმა ჟურნალისტებს უთხრა, ის არ ელოდა, რომ საპროტესტო დემონსტრაციებს მისი ხელისუფლების დამხობა მოჰყვებოდა.

7 აპრილის სისხლიან ამბოხებამდე „რევოლუციური ვითარება არ იგრძნობოდაო“, - თქვა მან.

„ყირგიზეთში ოპოზიციის დემონსტრაციებს მიჩვეულები ვართო“, - განაცხადა ბაკიევმა და იქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის განმავლობაში მისმა მთავრობამ ბევრი გააკეთა ცხოვრების დონის ამაღლებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით.

7 აპრილამდე ყირგიზეთის რეგიონებში რამდენიმე დემონსტრაცია მოეწყო.

გამომსვლელების ნაწილი აპროტესტებდა 1 იანვრის შემდეგ გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს. სხვები მოითხოვდნენ, ბაკიევის ვაჟს, მაქსიმს, რომელიც ინვესტიციებისა და სიახლეების სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაკიევმა ფასების ზრდა, ნაწილობრივ, რუსეთის მხრიდან საწვავ-საპოხ მასალებზე ბაჟის დაწესებით ახსნა. მისი თქმით, ის „შოკირებული“ იყო რუსეთის ამ ნაბიჯის გამო.

ამასთან, ბაკიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, უკმაყოფილო იყო მისი გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატებისთვის გაეხანგრძლივებინა მანასის საჰაერო ბაზის იჯარა:

„მათ სულ ვეკითხებოდი, ეს ბაზა ასე ძალიან რატომ გაღელვებთ-მეთქი. იქ არანაირი ისეთი შეიარაღება არ ყოფილა, რომელიც რუსეთს სტრატეგიულ საფრთხეს შეუქმნიდა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა ყირგიზეთში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის არსებობა. ეს მათ აღიზიანებდა და ამ პროცესებში გარკვეული როლი ამ ფაქტორმაც შეასრულა“, - თქვა მან.

ბაკიევის განცხადებით, მიუხედავად დროებითი მთავრობის მიერ დადებული პირობისა, რომ მისი ნათესავების და კოლეგების წინააღმდეგ რეპრესიები არ დაიწყებოდა, მის ახლობლებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

სამხრეთ ყირგიზეთის ჯალალ-აბადის რეგიონში ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი აცხადებს, რომ მისი ძმა, აკმატი, ოთხშაბათის შემდეგ აღარავის უნახავს. თუმცა ყირგიზეთის მედიაში ეს ინფორმაცია ბევრმა უარყო - აცხადებენ, რომ ის ადგილობრივი მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით არის გავრცელებული.

ამასთან, ადგილობრივი მთავრობის წევრები ამბობენ, რომ არ გამორიცხავენ ბაკიევის ექსტრადიციის მოთხოვნის შესაძლებლობას, რათა ის 7 აპრილის სისხლისღვრის გამო სასამართლოს წინაშე წარდგეს.

ყირგიზეთში ბევრი მოითხოვს ბაკიევმა პასუხი ორცოლიანობის გამოც აგოს. ბაკიევმა ყირგიზეთი მეორე ცოლთან და ორ შვილთან ერთად დატოვა. ამ ქორწინების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა.

ოფიციალურად ბაკიევი დაქორწინებულია ტატიანა ბაკიევაზე, რომელიც დროდადრო პირველი ლედის სტატუსით ჩნდებოდა ხოლმე საზოგადოებრივ ასპარეზზე. ერთად მათ ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავთ, მარატი და მაქსიმი.

ტატიანა ბაკიევასა და მისი შვილების ადგილსამყოფელი უცნობია.

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაკიევს თავისი სამომავლო გეგმები არ გაუმხელია. კვირის დასაწყისში მიცემულ ინტერვიუში კი თქვა, რომ ურჩევნია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რომელიმე წევრ ქვეყანაში იცხოვროს. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ამიერიდან სათამაშოების კეთებას მიჰყოს ხელი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG