Accessibility links

logo-print
1995 წელს ”იუნესკომ” 23 აპრილი - სერვანტესისა და შექსპირის გარდაცვალების დღე - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. „იუნესკოს“ გადაწყვეტილება მსოფლიომ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. განსაკუთრებით აქტიური ორი ქვეყანა აღმოჩნდა: ნიდერლანდები, სადაც ამ დღესასწაულს "თეთრი წიგნის კვირეულით" აღნიშნავენ, და დიდი ბრიტანეთი, სადაც "წიგნის მსოფლიო დღე" დიდ დღესასწაულად იქცა. თუმცა, ზეიმის გარდა, 23 აპრილს გამომცემლებს საავტორო უფლებების დაცვასაც შეახსენებენ.

საავტორო უფლებები, პირველ რიგში, დუბლირების დაძლევის მიზნით არსებობსო, გვითხრა ბაკურ სულაკაურმა, როცა ვკითხეთ, ეგრეთ წოდებული პოსტმოდერნიზმის საუკუნეში, როცა კულტურა, ფაქტობრივად, ციტატების კოლაჟად იქცა და როცა ავტორის გაგება ნელ-ნელა იკარგება მასკულტურაში, რატომაა აუცილებელი საავტორო უფლებების დაცვა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა საქართველოში იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საავტორო უფლებების დაცვა თავისი მოღვაწეობის უმთავრეს პრინციპად აღიარა.

გამომცემლობა იწყებს იურიდიული პრობლემების მოგვარებით - არკვევს, არის თუ არა ნაწარმოების დაბეჭდვის უფლებები თავისუფალი, ანუ შესაძლებელია თუ არა ამ უფლებების შეძენა..სადღაც 90-იან წლებში, როცა საგამომცემლო ბიზნესი საქართველოში მხოლოდ იბადებოდა და ქვეყანას უჭირდა, იყო შემთხვევები, როცა ავტორები უსასყიდლოდ გადასცემდნენ გამომცემლობებს თავიანთ ნაწარმოებებს, მაგრამ დღეს ამას თითქმის არავინ აკეთებს - 15 წლის წინ საქართველო ბერნის კონვენციას შეუერთდა.

რა მოიგო საქართველომ ამ კონვენციით? - ვკითხეთ ბაკურ სულაკაურს.

”-რასაკვირველია, იმხანად საქართველო კონვენციის წევრი იმიტომ გახდა, რომ აიძულეს გამხდარიყო. საქართველო პატარა ქვეყანა იყო და ვერ გაუძლო ასეთ ზეწოლას, თორემ ირანი დღესაც არ გაერთიანებულა ამ კონვენციაში. თუმცა ქვეყანამ მოიგო კიდეც - მოიგო ის, რომ როდესაც გარემო ცივილიზებულია, საქმე უფრო სწრაფად ვითარდება.”

ბაკურ სულაკაურის თქმით, სწორედ საავტორო უფლებების დაცვის გამოა, რომ ქართული წიგნის ბაზარი განვითარდა და ცენტრალური ევროპისას არ ჩამორჩა. ბაკურმა გაიხსენა კონფლიქტი ერთ-ერთ გამომცემლობასთან, საქმე სასამართლომდეც მივიდა... იმ გამომცემლობამ აღიარა დარღვევის ფაქტი და კონფლიქტი მოლაპარაკებით დამთავრდა.. ბაკურს ვკითხეთ, საავტორო უფლებების დაცვა კონკურენციასაც ხომ რ ქმნის წიგნის ბაზარზე ...ანუ, ავტორი უპირატესობას ხომ არ ანიჭებს იმ გამომცემლობას, რომელიც უფრო მეტ ჰონორარს უხდის.

”კომერციული თვალსაზრისით, ქართველი ავტორების გამოცემა იმდენად მცირე მოგებასთან არის დაკავშირებული, რომ, ბუნებრივია, ძალიან ადვილია მოლაპარაკება გამომცემელსა და ავტორს შორის. ორივე მხარეს კარგად ესმის, რომ ამით ბევრს ვერ მოიგებს და უფრო მორალური კმაყოფილება მიიღწევა ხოლმე”, - გვითხრა ბაკურ სულაკაურმა. თუმცა ისიც დაუმატა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების სეგმენტში შეინიშნება კონკურენციის ნიშნები.

ბაკურ სულაკაურის თქმით, მეტი თანხის შეთავაზება არც აქაა გადამწყვეტი ფაქტორი. ავტორს თანხასთან ერთად სჭირდება გარანტია, თუ რამდენად სტაბილურად მიიღებს ამ თანხას. ასე რომ, საავტორო უფლებების დაცვა ამ მხრივაც არეგულირებს ბაზარს.
XS
SM
MD
LG