Accessibility links

მსოფლიოში წამყვანი საინფორმაციო ტელეკომპანია CNN-ი აპრილში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს. ერთგვარი კულმინაცია იყო ბოლო დღეები, როცა თბილისის დროით 23:30 საათზე პირდაპირ ეთერში ერთვებოდა CNN International-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი, ჯიმ კლენსი, რათა თბილისიდან გაძღოლოდა საინფორმაციო გამოშვებას. ასეთ ჩართვებს ითვალისწინებს პროგრამა სახელწოდებით iList Georgia. საქართველო აპრილის ბოლომდე დარჩება CNN-ის ყურადღების ცენტრში, ვიდრე მას რუბრიკაში iList სხვა ქვეყანა ჩაენაცვლებოდეს. რას და რატომ იუწყება CNN-ი საქართველოზე?

iList-ი CNN-ის ახალი რუბრიკაა - გადაცემების სერია, რომელიც ერთი თვის მანძილზე ერთ რომელიმე ქვეყანას ეთმობა: მის ტრადიციებს, დღევანდელობასა და განვითარების პერსპექტივას, მის ცნობილ წარმომადგენლებს პოლიტიკის, ბიზნესის, რელიგიის, სპორტისა თუ ხელოვნების სფეროებიდან. საქართველომდე ეს ყურადღება საფრანგეთმა და ბაჰრეინმა დაიმსახურეს.

რა პრინციპით არჩევენ ქვეყნებს? - ამ შეკითხვით მივმართეთ CNN-ს, რომელმაც წერილობით გვიპასუხა:

„iList-ი არის ციკლი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თქვენს წარმოდგენას იმ ქვეყნებზე, რომლებსაც, გგონიათ, რომ უკვე იცნობთ და წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებიც თქვენთვის სრულიად უცნობია. ეს არის ყოველთვიური ციკლი და რახან წლის მანძილზე მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ქვეყნებში შეგვიძლია ჩასვლა (ასეთი სამუშაოს გასაწევად - მ.ჭ.), ამ დროისთვის მოვინახულეთ საფრანგეთი, ბაჰრეინი და საქართველო, გვაქვს სურვილი, დროთა განმავლობაში ყურადღება გავამახვილოთ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაზე.“

რაც შეეხება საქართველოს შერჩევას რუბრიკისთვის iList, ჩვენთან საუბარში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, თამარ კოვზირიძემ განაცხადა:

„ჩვენ CNN-თან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ შარშანაც და წელსაც მათ დავუკვეთეთ საეთერო დრო. საქართველოს შესახებ საინვესტიციო რეკლამები გადის CNN-ზე. და ამ კომუნიკაციის შედეგად გაჩნდა იდეა და ინიციატივა, რომ iList-ის ერთ-ერთი პროგრამა ყოფილიყო საქართველოს შესახებ. რა თქმა უნდა, ამის დამკვეთი ჩვენ ვართ.“

რაც შეეხება საქართველოს ფინანსურ მონაწილეობას, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, თამარ კოვზირიძე განმარტავს:

„როგორც წესი, ასეთი შეკვეთა, რა თქმა უნდა გარკვეული ანაზღაურების ხარჯზე კეთდება და შესაბამისად არის ამ შემთხვევაშიც. ჩვენ გარკვეული რაოდენობის საეთერო დრო ვიყიდეთ და რეკლამები შევუკვეთეთ და რაღაც პაკეტზე მოხდა მოლაპარაკება. ასე რომ აი, ამ რეკლამების პარალელურად გადის iList-ი“.

მოგვიანებით თამარ კოვზირიძისაგან, დამატებით, დაზუსტებული ინფორმაცია მივიღეთ:

„iList-ი არის CNN-ის სპეციალური პროგრამა. ის ყოველთვის კეთდება CNN-ის ინიციატივით. შინაარსის განსაზღვრა და პრიორიტეტების განსაზღვრა მთლიანად ხდება, რასაკვირველია, CNN-ის მიერ და წინადადება, შემოთავაზება წამოვიდა CNN-ისაგან. მათ შემოგვთავაზეს, რომ ეს პროგრამა გაგვეკეთებინა და ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა და დავთანხმდით და დავამთხვიეთ საქართველოს სარეკლამო კამპანიას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს.“

რადიო თავისუფლებამ დასვა შეკითხვა - რას გულისხმობდა თვით თამარ კოვზირიძის განცხადება, რომ „დამკვეთი“ საქართველოს მთავრობა იყო - იმას, რომ ჯერ შესთავაზეს და ამას მოჰყვა საქართველოს მთავრობის მიერ დაკვეთა?

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პასუხი: „ჩვენ დავეთანხმეთ. არ ვიცი, ჩვენ რომ გვეთქვა, არ გვაინტერესებს, შესაძლოა, მაინც გაეკეთებინათ...“

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ფინანსურ მონაწილეობას (თამარ კოვზირიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას), საქმე ეხება მხოლოდ რეკლამის შესყიდვას.

„მხოლოდ რეკლამა არის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ CNN-ზე შეიძლება იყიდო მხოლოდ რეკლამა. მაგრამ iList-ი, რა თქმა უნდა, გარკვეული შინაარსია - ამაზე გავლენის მოხდენა ჩვენი მხრიდან შეუძლებელია, ანუ ამის ყიდვა, რა თქმა უნდა შესაძლებელი არ არის“, - დასძენს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

აქვე გეტყვით, რომ თანხის დადგენა ვერ შევძელით - თამარ კოვზირიძეს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. მან გვირჩია ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, კერძოდ, საინვესტიციო სააგენტოსთან დაკავშირება. მაგრამ სააგენტოს ხელმძღვანელთან, ირაკლი მატკავასთან საუბრისას გაირკვა, რომ მის უწყებას არა აქვს შეხება iList Georgia-თან. ასეა თუ ისე, ირაკლი მატკავა, ისევე როგორც თამარ კოვზირიძე, ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს CNN-ის პროგრამების ციკლს:

„არ არის საჭირო საუბარი იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი არხია თავისთავად CNN-ი და როგორი დიდი დაფარვა აქვს და როგორი ავტორიტეტული მედიაა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ არხის მეშვეობით და არა წმინდა კომერციული რეკლამით, არამედ ამ ტიპის გადაცემებით ხდება საქართველოზე ცნობადობის ამაღლება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საქართველო იყოს ცნობადი. და ის, თუ რა კუთხით ხდება საქართველოს წარმოჩენა, ვფიქრობ, პოტენციურ ინვესტორებს აჩვენებს, რომ საქართველო ბიზნეს-შესაძლებლობების თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა როგორც ქვეყანა, სადაც შეგიძლია ჩახვიდე, დაათვალიერო, სასიამოვნოა, რომ იქ იცხოვრო და ა.შ.“.

თუმცა, ოპოზიცია სკეპტიკურად არის განწყობილი. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილი როგორც ამბობს, CNN-ის გადაცემები აჩვენებს რომ „ხელისუფლებას ერთმანეთში ერევა საქართველო და საკუთარი თავი“. მისი თქმით, ხელისუფლება „სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ახდენს საკუთარი თავის პოპულაზიაციას და ეს აქვს გაიგივებული ქვეყნის პოპულარიზაციასთან. ესაა მორიგი მაგალითი პროპაგანდისტული აქციის, რომელიც ზოგადად, ქვეყნისთვის იყოს კარგი, თუკი ხელისუფლება ამ სიუჟეტებს გაიაზრებდა, როგორც ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებელს და არა საკუთარი იმიჯის შემქმნელს, რითაც იგია დაკავებული. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ საქართველო იყოს პრესტიჟული, პოპულარული, პატივსაცემი ქვეყანა მსოფლიოში, მაგრამ ამ ტიპის პროპაგანდისტული სიუჟეტებით ეს, სამწუხაროდ, ვერ მიიღწევა. რადგან იმავე CNN-ზე გადაიცემა ხოლმე ისეთი სამარცხვინო ამბები, რასაც ეს ხელისუფლება სჩადის საქართველოში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 13 მარტის იმიტირებული ომი ღირს ამად“.

სხვათა შორის, iList Georgia-თვის მომზადებული ერთ-ერთი სიუჟეტი სწორედ ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებულ ქრონიკაზე თხრობით იწყება.

საქართველოს შესახებ CNN-ის საგანგებო პროგრამების გეგმისამებრ, 12 აპრილს დაწყება, შეუძლებელი აღმოჩნდა. სმოლენსკთან 10 აპრილს მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის კიდევ ათობით, მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერის სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ბუნებრივია CNN-ის ყურადღების ცენტრშიც ეს ტრაგედია მოაქცია. მოგვიანებით, როცა CNN-ის გუნდმა და მის შემადგენლობაში ცნობილმა წამყვანმა ჯიმ კლენსიმ პოლონეთიდან საქართველოში გამგზავრება დააპირა, აღმოჩნდა, რომ საჰაერო მიმოსვლა პარალიზებული იყო ისლანდიაში ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ცნობილი ღრუბლის გამო...

„ვიმყოფებით ვარშავის საუცხოო საერთაშორისო აეროპორტში. პრობლემა დღეს ის არის, რომ ვერსად გავფრინდებით... ვერავინ ვერსად მიფრინავს ფერფლის ღრუბლის გამო. ჩვენ საქართველოში, თბილისში ჩასვლას ვცდილობთ,“ - ამ სიტყვებს ტელეწამყვანი ჯიმ კლენსი წარმოთქვამს, შემდეგ კი ჰყვება, რა სირთულეების გადალახვა მოუწია CNN-ის ჯგუფს თბილისში ჩასასვლელად. ეს ყველაფერი აღწერილია კლენსის ვიდეო-რეპორტაჟში, რომელიც განთავსებულია საქართველოსადმი მიძღვნილი პროგრამების სერიის - iList Georgia-თვის განკუთვნილ ვებსაიტზე.

ამავე ვებსაიტზე გაეცნობით საქართველოს შესახებ ზოგად ინფორმაციას; რეპორტაჟს, რომლის თემაც არის საქართველო-რუსეთის ომი და ტელეკომპანია იმედის მოდელირებული ქრონიკა; გაეცნობით ინტერვიუებს საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებთან, რეპორტაჟს ბათუმის რენესანსზე (დიახ, ეს სიტყვაც არის ნახსენები...); ნახავთ სიუჟეტს ნინო ანანიაშვილის და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის შესახებ, ინტერვიუს კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასთან და იხილავთ რეპორტაჟს ქართულ ღვინოზე.

„საქართველოში ვაზის 540 ენდემური ჯიშია ცნობილი, მაშინ როცა მსოფლიოში სულ 3000 ჯიში არსებობს. და როცა საქმე გაქვს 540 ჯიშთან, რომლებსაც სხვაგან ვერსად შეხვდები, ისინი უნდა შეისწავლო, რაც საინტერესო იქნება მთელი მსოფლიოსთვის,“ - მოუთხრობს CNN-ის მაყურებელს მეღვინეობის ტრადიციებზე რეპორტაჟში ტელეკომპანიის კორესპონდენტი, აივან უოტსონი. ის ქართული ვაზის ენდემური ჯიშების შესასწავლად, როგორც მოსალოდნელი იყო, კახეთში ჩასულა, ქვევრები უნახავს, მასპინძელთან ერთად ვახტანგური დაულევია და სახელდახელო წვეულების დროს, კახელების ცეკვაც უნახავს.

CNN-ის ციკლი iList აპრილის ბოლომდე ეთმობა საქართველოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG