Accessibility links

საბერძნეთმა აღიარა, რომ საფინანსო კრიზისის დაძლევა ვერ შეძლო. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა თხოვნით, აამოქმედოს სამაშველო პაკეტი ქვეყნის დასახმარებლად, რაც პირველი ასეთი შემთხვევაა ევროს ზონაში.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა თხოვნით, გადაურიცხოს მილიარდობით დოლარი, რათა ქვეყანა გაკოტრებას გადაურჩეს. ეს ორგანიზაციები და ათენი მარტში მორიგდნენ ამგვარი სამაშველო პაკეტის თაობაზე. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა თვითონ დაუძვრებოდა კრიზისს, მაგრამ ახლა აშკარად გამოჩნდა, რომ მან ეს ვერ მოახერხა. პაკეტი უნდა ამოქმედებულიყო უკიდურეს შემთხვევაში, თუკი საბერძნეთს ის მართლა დასჭირდებოდა.

სამწლიანი სესხის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას საბაზროზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ქვეყნის საერთო ვალი 300 მილიარდია. 2010 წლისთვის ათენს 54 მილიარდი ნაღდი ფული სჭირდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით საბერძნეთი ვერ ახერხებს განავითაროს თავისი სტრატეგია,რომელიც ადრევე ჰქონდა ჩაფიქრებული.

ამ ქვეყნის მთავრობის მიმართ ინვესტორთა ნდობა საბოლოოდ დასამარდა 22 აპრილს, როცა ერთდროულად ორი მძიმე რამ მოხდა. პირველი - გამოქვეყნდა ევროკავშირის სტატისტიკის უწყების, „იროსტატის“, მონაცემები და აღმოჩნდა, რომ 2009 წლის საბიუჯეტო დეფიციტი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მოელოდნენ. დეფიციტი ამ ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტის 13,6 მეათედს უტოლდება. ეს რიცხვი ოთხჯერ მაღალია იმ დაშვებულ ნორმაზე, რომელიც ევროს ზონის 16 სახელმწიფოს დაუწესდა. ამას მოჰყვა მსოფლიოს უდიდესი უწყების, “Moody’s Investor Services-ის”, განცხადება. ეს ორგანიზაცია ინვესტორთათვის საფინანსო რისკს აფასებს ამა თუ იმ ქვეყანაში. “Moody’s Investor Services-მა” საბერძნეთის ვალის რეიტინგი ერთი საფეხურით დაბლა დასწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთის სამთავრობო ობლიგაციების შემსყიდველ ინვესტორებს ფულის უკან მიღებისას მეტი და მეტი პრობლემა შეექმნებათ. 22 აპრილს, საღამოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა დომინიკ სტროს-კანმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს ასეთი განმარტება მისცა:

„აშკარაა, რომ საბერძნეთის ვითარება ძალიან სერიოზულია და ამის გამო ერთობ შეშფოთებულები ვართ. ვითარება სერიოზულია არა მხოლოდ საკუთრივ საბერძნეთის, არამედ საბერძნეთის მაკროეკონომიკური სტაბილურობის თავალსაზრისითაც.“

როცა სტროს-კანი ამას ამბობდა, ინვესტორებმა უკვე დაიწყეს მაღალი საპროცენტო განაკვეთის მოთხოვნა ქვეყნის ობლიგაციების შესყიდვისას. ბოლო ათ წელიწადში საპროცენტო განაკვეთმა 8,7-ს მიაღწია, ასეთი მაღალი პროცენტის უზრუნველყოფას კი ხანგძლივად ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს.

ახლა საკითხავი ისაა, როგორ იმოქმედებს საბერძნეთის მიერ მარცხის აღიარება, საერთოდ, ინვესტიციებზე ევროს მთელ ზონაში და, კერძოდ, ამ ვალუტაზე.

სახელმწიფო ობლიგაციების სესხის ხარჯები გაიზარდა პორტუგალიაშიც. აქედან ჩანს ევროს ზონის სხვა იმ ქვეყნების სისუსტე, რომლებსაც მეტი ვალი აქვთ, ვიდრე შესაძლებლობა გადაიხადონ ის. ბოლო ხანებში საბერძნეთის კრიზისმა იმოქმედა ევროს კურსზეც, თუმცა, ახლა, საბერძნეთისთვის დახმარების გამოყოფის ფონზე, მან კვლავ იმარჯვა და კურსი ოდნავ აიწია. მაგრამ, ის ფაქტი, რომ ევროს ზონის ქვეყანა ამგვარ დახმარებას საჭიროებს, რაც უპრეცედენტოა რეგიონში, თავის გავლენას მოახდენს ევროს მომავალზე. ამ ყველაფერმა კი, ხელი შეუწყო ბოლო წლებში დასუსტებული ამერიკული დოლარის კურსის ამაღლებას. წელს ის ხუთი პროცენტით გაიზარდა.
XS
SM
MD
LG