Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰრაირ თამრაზიანი: 24 აპრილი სომხებისთვის სიმბოლური დღეა


ჰრაირ თამრაზიანი, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი
ჰრაირ თამრაზიანი, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი
24 აპრილს სომხეთსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც სომხური დიასპორა სახლობს, „სომეხთა გენოციდის დღე“ აღინიშნება. სომხეთი „გენოციდს“ უწოდებს ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომხების ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც 1,5 მილიონამდე ადამიანი ემსხვეპლა. წელს ამ დღიდან 95 წელი სრულდება. გენოციდის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით საქართველოს სომეხთა სათვისტომოც აღნიშნავს. „სომეხთა გენოციდის დღის“ მნიშვნელობისა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ ჩვენი კოლეგა, სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორს, ჰრაირ თამრაზიანს, ესაუბრა. ინტერვიუს დასაწყისში სომეხ კოლეგას ვთხოვეთ 24 აპრილის მნიშვნელობა განემარტა:

ჰრაირ თამრაზიანი: „24 აპრილი სომხებისთვის სიმბოლური დღეა. 1915 წლის 24 აპრილს თურქეთის პოლიციამ 200 სომეხი ინტელექტუალი დააპატიმრა - მოგვიანებით ისინი დახოცეს. შესაბამისად, ეს სომეხთა გენოციდისთვის სიმბოლურ დღედ იქცა. თუმცა, როგორც იცით, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და დეპორტაციები უფრო ადრე დაიწყო და შემდეგაც გაგრძელდა. 24 აპრილი მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხებისთვის კონსოლიდაციის დღეც არის. როგორც იცით, მსოფლიოში თითქმის 10 მილიონი სომეხი ცხოვრობს.

რადიო თავისუფლება: 23 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის წყვეტს თურქეთთან კავშირების ნორმალიზაციის პროცესს, რაც ბევრმა ორი ქვეყნის პრობლემურ ურთიერთობაში ბოლო ხანს გაჩენილი პოზიტიური იმპულსების შეწყვეტად აღიქვა. რას გვეტყვით ამის შესახებ?

ჰრაირ თამრაზიანი: ვფიქრობ, დასავლეთის მედიაში - განსაკუთრებით იქ, სადაც ამ პროცესებს კარგად არ იცნობენ - არასწორად ითქვა, თითქოს პროცესი საერთოდ შეწყდა. ეს ასე არ არის. სომხეთის პრეზიდენტმა შეაჩერა მხოლოდ თურქეთთან ხელმოწერილი ოქმების პარლამენტში რატიფიკაციის პროცესი, თუმცა განაცხადა, რომ საკუთრივ დოკუმენტების ერთგული რჩება.

რადიო თავისუფლება: საპარლამენტო რატიფიკაციის პროცესი რატომ შეჩერდა?

ჰრაირ თამრაზიანი: მოგახსენებთ. საქმე ის არის, რომ შარშან ციურიხში ხელმოწერილ ოქმებში ნახსენები არ არის მთიანი ყარაბახი და ასევე არაფერია ნათქვამი ისტორიული კომისიის შექმნაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს, მოხდა თუ არა გენოციდი. მაგრამ ოქმებზე ხელის მოწერის შემდეგ თურქულმა მხარემ მაინც დაიწყო გამოსვლა განცხადებებით, რომ ამგვარი კომისიის შექმნა უნდათ, რომ ისტორიკოსების დასადგენია ის, იყო თუ არა გენოციდი. ამან ერევნის გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან იქ ყველა ეწინააღმდეგება გენოციდის ფაქტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომ ვიდრე მთიანი ყარაბახის საკითხი არ გადაიჭრება და სომხები აზერბაიჯანიდან არ გავლენ, თურქეთ-სომხეთის საზღვარი არ გაიხსნება. სომხეთის პრეზიდენტი ამანაც გააბრაზა.

რადიო თავისუფლება: სომხეთის ლიდერები აცხადებენ, რომ გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლა გაგრძელდება. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს აღიარება რას შემატებს თანამედროვე სომხურ ეროვნულ იდენტობას? რატომ არის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი?

ჰრაირ თამრაზიანი: სხვა თუ არაფერი, გაჩნდება განცდა, რომ სამართალმა პური ჭამა, რომ სამართალი აღსრულდა. ყველა სომხისთვის საზარელია იმის განცდა, რომ მთელ მსოფლიოს არ უღიარებია ეს ხოცვა-ჟლეტა გენოციდად - ტრაგედიად, მთელი ერის კოლექტიურ დასჯად. ჩემი აზრით, როცა ამას თურქეთი აღიარებს გენოციდად და ბოდიშს მოიხდის, სომხებიც მაშინ შეწყვეტენ ლობირების პროცესს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG