Accessibility links

logo-print

ზესტაფონში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცულმა მუშებმა დღეს შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეთა ხუთკაციანი ჯგუფი ქარხნის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა. მათთან მუდმივად იმყოფება გაფიცულთა 50-კაციანი ჯგუფიც, _ აცნობეს “მედიანიუსს” გაერთიანებული პროფკავშირებიდან. გაფიცულები პროფკავშირების წევრობის გამო სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებას, ხელფასის გაზრდას და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცვის გამო ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა დღეს დილიდან შეწყვიტა. ქარხნის ადმინისტრაციასთან დღის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა გაფიცულები არ დააკმაყოფილა. ქარხნის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა, ხელფასის მომატების გარდა. ამასთან, დირექცია კიევში, ქარხნის აქციონერების შეკრებასა და გადაწყვეტილებას ელოდება. ქარხნის ადმინისტრაციასთან საუბარი გამართა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა გვენეტაძემაც. მან გაფიცულებს აქციის შეწყვეტა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შესთავაზა, თუმცა, ვერ დაითანხმა. შაბათს ზესტაფონში ჩასვლას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პერტიაშვილი აპირებს ჩასვლას.
XS
SM
MD
LG