Accessibility links

კვირის მოვლენების მიმოხილვა დავიწყოთ უპრეცედენტო მოვლენით, რომელსაც თბილისის მწვავე პროტესტი მოჰყვა. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა დევიდ ვილშაერმა ”მოსკოვში სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საელჩოში გამართა. ვილშაერი იქ "პოსტკონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან" ბორის ჩოჩიევთან შესახვედრად მივიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებული "საელჩოს" შენობაში. აქვე განვმარტოთ, რომ თბილისი პროტესტს გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის ადგილთან და არა უშუალოდ შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით.

”საქართველო გამოხატავს სრულ პატივისცემას პარლამენტარის თავისუფლების მიმართ, თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბ-ნი ვილშაერი მოქმედებდა ასამბლეის თანამომხსენებლის სტატუსით და, შესაბამისად, წარმოადგენდა მთელ ორგანიზაციას”, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების ვებ-გვერდზე 22 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც შეხვედრის ფაქტი ”შემაშფოთებელ ფაქტად” არის შეფასებული.

აქვე ნათქვამია, რომ ”აღნიშნული ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მთავარ პრინციპებს, ანუ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს.” შეშფოთებულმა საგარეო უწყებამ 22 აპრილს საქმის კურსში ჩააყენა ევროპაბჭოს წევრი სახელმწიფოების ელჩები და, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ”მათ სრულად გაიზიარეს თბილისის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით.”

საქართველოს საგარეო უწყებისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის ქმედება მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ”ვილშაერს აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების იმპლემენტაციას.” როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საგაზაფხულო სესიაზე უნდა შეაფასოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციების მოთხოვნების რუსეთის მიერ შესრულების პროცესი. ამ საკითხის განხილვა სესიის დღის წესრიგში 28 აპრილს არის დაგეგმილი.

მანამდე კი, 23 აპრილს ტალინში გამართულ ნატოს მინისტერიალზე, რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეახსენა ნატოს გენერალურმა მდივანმა. აქვე ანდრეს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა. ამ საკითხებზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ყურადღება კვირის დასაწყისშიც გაამახვილა რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. საუბარი შეეხო საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის მისტრალის ტიპის ვერტმფრენმზიდების მიყიდვის თემასაც. ანდერს ფოგ რასმუსენისთვის ცნობილია ყველა ის ეჭვი თუ შეშფოთება, რომელიც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა არაერთხელ გამოხატეს ”მისტრალის” თემასთან დაკავშირებით, თუმცა ის თვლის, რომ საფრანგეთისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში ჩარევა ნატოს საქმე არ არის:

„...როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ამგვარი სამხედრო აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო წესებისა და ნორმების სრული დაცვით. ვიცი, რომ ამ საკითხზე არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება ნატოს სხვადასხვა წევრების მხრიდან. და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს ამ შეშფოთებას. მე იმასაც ვგულისხმობ, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ამ სამხედრო აღჭურვილობას ნატოს წევრი არც ერთი სახელმწიფოს ან რუსეთის რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.”

მისტრალის სადავო თემასთან დაკავშირებით პოზიცია 21 აპრილს საქართველოში ამერიკის ელჩმაც გამოხატა. ჯონ ბასი ამ პროცესში აუცილებლად მიიჩნევს ”რეგიონალური თავისებურებების გადახედვას.”

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა შეერთებული შტატების კიდევ ერთი შეფასება, რომელიც ასევე უკავშირდება საქართველოს. საუბარი ამ შემთხვევაში გამდიდრებულ ურანს ეხება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველო იმ აქტიურობის გამო, რომელსაც ქვეყანა გამდიდრებული ურანით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში ამჟღავნებს. აქვე გაისმა დაპირება, რომ ამერიკა კვლავაც დაეხმარება საქართველოს მის ტერიტორიაზე შეტანილი რადიაქტიული მასალების მოძიებისა და ამოღების საქმეში. გავიხსენოთ, რომ გასულ კვირაში ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმაურა მანამდე უცნობი ფაქტი, კერძოდ, რომ საქართველოს სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში აღკვეთეს. ამავე თემაზე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი ”ასოშიეიტიდ პრესისთვის” მიმდინარე კვირაში მიცემულ ინტერვიუში. ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის ხელშემწყობ ”შავ ხვრელებად” საერთაშორისო კონტროლის გარეშე დარჩენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სახელდება.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტ სააკაშვილს, ის, პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე 18 აპრილს შეერთებული შტატებიდან ჩასვლის შემდეგ, კვლავ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ამ ვიზიტს ”ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ნიუ-იორკის მერს მაიკლ ბლუმბერგსა და ამერიკელ მულტიმილიარდერს დონალდ ტრამპს. საქართველოს პრეზიდენტს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ასევე შედგა შეხვედრა ჰარვარდში კენედის პოლიტიკურ ინსტიტუტში, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლის მთავარი თემა საქართველო და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო.

მოდით, ახლა ერთად გადავხედოთ მიმდინარე კვირის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებას, რომელშიც თანდათან სულ უფრო აქტუალური ხდება 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა. წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ამომრჩეველთა სიები წარმოადგენს.

საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 აპრილს გამართა. გაირკვა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პროცესის შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჩასწორება მხოლოდ ნაწილობრივ ხდება. მაგალითად, რესპუბლიკურმა პარტიამ მონიტორინგის პროცესში ამომრჩევლის დუბლირების 222 შემთხვევა აღმოაჩინა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი აქედან მხოლოდ 95 დაადასტურა. ცესკოს ინფორმაციით, 19 აპრილისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში ჩასწორებული იყო პოლიტიკური პარტიების ანგარიშებიდან ამოკრებილი 16 ათასი დარღვევა, საიდანაც 13 000 მისამართებს, 3000 კი გარდაცვლილებსა და ამა თუ იმ პირის გაორებულ მონაცემებს უკავშირდებოდა. ასევე ცესკოს ცნობით, იმ ეტაპზე კიდევ 133 000 მონაცემი იყო ჩასწორებული, თავად ცესკოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე.

რამდენად აისახება პოლიტიკურ პარტიათა მონიტორინგის შედეგები საერთო სიებში, ეს პირველად აპრილის ბოლოს გამოჩნდება, როდესაც საარჩევნო უბნებში ეგრეთ წოდებული კედლის სიები გამოქვეყნდება.

მონიტორინგის პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართვას, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოიყო, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ნდობის აღდგენის ჭრილში განიხილავდა. თუმცა, თუკი მაგალითად, პარტია საქართველოს გზის წარმომადგენელს სოფო ჯაჯანაშვილს მოვუსმენთ, ნდობის აღდგენის მიზანს საკმაოდ დიდი კითხვის ნიშანი უკავშირდება:

”ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თვალით ნამდვილად გვენახა იყო ეს პიარ-კამპანია თუ იყო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნება, რომ სიები გამოსწორებულიყო... სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ამ პროცესში. დღეს კი უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ეს იყო პიარ-კამპანია.”

ამომრჩეველთა სიების გარდა, არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების ნუსხაშია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემაც, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის უთანასწორო გარემოს ქმნის. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის თავისი პირველი ანგარიში 23 აპრილს გამოაქვეყნა. სხვა საკითხებთან ერთად, მასში საუბარია გარემოებაზე, რომელიც მმართველ ძალას შესაძლებლობას აძლევს კანონის დარღვევის გარეშე გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. მაგალითი „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს თამარ ხიდაშელს მოჰყავს:

”გასულ წელთან შედარებით, 84 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისისათვის გამოყოფილ ტრანსფერებს, იგი 131 მილიონი ლარით აღემატება გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის მერიისთვის გამოყოფილ ტრანსფერებს. მთლიანობაში თუ შევხედავთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და თვითმმართველობებისათვის გადაცემულ ტრანსფერებს, თბილისზე მოდის ამ ტრანსფერების დაახლოებით 62 პროცენტი, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან მაღალი რიცხვია.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2009 წლის შემოდგომის მიწურულიდან თბილისის მერიამ განსაკუთრებული მასშტაბით დაიწყო თბილისელებისთვის ფულადი სახსრების დარიგებისა და სხვადასხვა შეღავეთების გამოყოფის კამპანია. ამასთან, საუბარია ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევაზეც, ანუ იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში არც სააგიტაციო მასალებში ხდება სახელმწიფო პროგრამებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გამიჯვნა.

ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები იყო იმ შეხვედრების მთავარი თემა, რომლებსაც ამ კვირაში პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელებთან მართავდნენ. საუბარია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიაზე, რომელიც მუშაობას საქართველოში 15 აპრილს შეუდგა. 22 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიღებულ დაპირებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თბილისის მერის პოსტზე გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილი კანდიდატი ირაკლი ალასანია:

”ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია ეუთოს დამკვირვებელთა მისიისგან, რომ ამომრჩეველთა ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული. სწორედ ეს არის დღეს მნიშვნელოვანი, მთელმა საზოგადოებამ იცოდეს - მოვიდნენ არჩევნებზე, მიიღონ მონაწილეობა და მათი ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული და უზრუნველყოფილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.”

არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს კვლავაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის ჭრილში წარმართავს ოპოზიციის ერთი ნაწილი და, კერძოდ, ნოღაიდელის, ძიძიგურის, დავითაშვილისა და კუკავას ხელმძღვანელობით მოქმედი ”ეროვნული საბჭო”. საბჭოს დელეგაცია ამჯერად სანკტ-პეტერბურგს ეწვია, სადაც 23-24 აპრილს "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებული შეხვედრა იმართებოდა. ებრალიძე დადებითად შეხვდა კობა დავითაშვილის მიერ გახმიანებულ შეთავაზებას, რომ სწორედ მან უხელმძღვანელოს რუსულ-ქართულ საკოორდინაციო საბჭოს, რომელშიც, თავის მხრივ, აქტიურად ჩაებმება ”ეროვნული საბჭო”. დავითაშვილი ამ ინიციატივის მთავარ მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეწყობას ასახელებს. პარასკევს გაირკვა, რომ სანკტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი საქართველოში აქტიური პოლიტიკური პროცესების დაწყებას უკვე მიმდინარე წელს გეგმავს, თუმცა ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს და მზად არის მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის სამოქმედო გეგმაც ყველაზე მისაღები იქნება მისთვის. ”ეროვნული საბჭოს” წარმომადგენლებისა და ცალკეული ექსპერტების რუსეთში სტუმრობის ახალი ტალღა მკვეთრად უარყოფითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მაგალითად, დეპუტატმა გია თორთლაძემ ”ეროვნულ საბჭოში” შემავალ ძალებს რუსეთის სპეცსამსახურებთან შეკრული ძალები უწოდა. აქვე ვთქვათ, რომ ებრალიძის კონგრესს ბოიკოტი არაერთი ქვეყნის დიასპორათა წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.

დაბოლოს, მიმდინარე კვირის იმ სამწუხარო მოვლენების შესახებ, რაც სტიქიის შემოტევას უკავშირდება. კოკისპირული წვიმების შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ასეული ოჯახი გახდა იძულებული, რომ საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა. სტიქია უტევდა საქართველოს არაერთ რეგიონს, მათ შორის - კახეთს, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთს. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა გზები და დაინგრა ხიდები. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა კახეთში, სადაც ჭერემის წყალსაცავი, დამცავი ჯებირების დაზიანების გამო, სოფელ ველისციხეს მასშტაბური დატბორვით ემუქრებოდა. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა, უამინდობის გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო ფული აუცილებლად გამოიყოფა.
XS
SM
MD
LG