Accessibility links

ცხვარიჭამიაში ჩამოწოლილ მეწყერს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, გარდაცვლილი ცხვარიჭამიაში აგარაკების მეთვალყურედ მუშაობდა. მეწყერის შედეგად ცხვარიჭამიაში ოთხი სახლია დანგრეული.

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავში კი, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ავტომანქანითაა მოხვედრილი. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სოფელ ველისციხეში წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ მოხსნილა. სოფელში საშიშროება კვლავ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ წყალსაცავში წყლის დონემ იკლო.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში შექმნილი ვითარების გამო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან და გამგებლებთან ოპერატიული თათბირი გამართა. უგულავას განცხადებით, გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობა თითქმის ყველა უბანში დააზარალა. მისივე თქმით, უამინდობას სინოპტიკოსები მომდევნო ერთი კვირის განმავლობშიც პროგნოზირებენ, რაც ავარიული სახლებისთვის განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია. ქალაქის მერმა საქალაქო სამსახურებსა და გამგებლებს მზადყოფნისკენ მოუწოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოქმედება შეძლონ. გადაუღებელი წვიმის შედეგად თბილისში რამდენიმე ავარიული სახლი ჩამოინგრა.

გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით საქართველოში ნალექის ინტენსივობა დღეიდან შემცირდება. ამასთან, წვიმა ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან და კახეთის ზოგიერთ რაიონებში შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG