Accessibility links

logo-print
4 აპრილი, კვირა
დილის 9 საათზე ჩემმა მეგობარმა, გერმანელმა ფოტოგრაფმა თომას დვორჟაკმა დამირეკა, ლაგოდეხში ჯარის ნაწილში წასვლა შემომთავაზა. თომასი კარგი ფოტოგრაფია, ცოტ-ცოტა ყველგან ცხოვრობს: ნიუ-იორკში, თეირანში, თბილისში. პარიზში ჩემი უბნელია - მონმარტრის ფეხებს ეძახიან ჩვენს უბანს. ახლა თბილისშია. თავდაცვის სამინისტროსათვის ქართული არმიის შესახებ ფოტორეპორტაჟს ამზადებს და ამიტომ ხან ავღანეთშია და ხან - ლაგოდეხში. ვუთხარი, 1978 წელს საწყალმა დედაჩემმა პროცენტიანი ვალი აიღო, 5 ათასი მანეთი, და ამ გაიძვერა სამხედრო კომისრებს გადაუხადა, ჯარში რომ არ გავეშვით, ახლა შენ როგორ გამოგყვები-მეთქი? სინამდვილეში გული დამწყდა.

დღეს, იმედი მაქვს, ჩემს ძმას ვნახავ, რომელიც სამ წელიწადზე მეტია, არ მინახავს. დილით მოსკოვიდან ჩამოვიდა რაღაც საქმეებზე. ამიტომაც არ გავყევი თომასს ჯარის ნაწილში.

5 საათამდე სახლში ვიყავი. მთელ თბილისს საღამომდე ეძინა. გუშინ საქართველო ლიტონიობას ზეიმობდა დილამდე. დღეს აღდგომაა. ყველას ძინავს. ძალიან უცნაურია.

საერთოდ, თბილისში ისედაც ძალიან ბევრი სძინავთ. 10-11 საათამდე ვერავის დაურეკავ. საღამოს ჩემმა ბიძაშვილმა გოჩამ გამომიარა და ჩემს ძმასთან ერთად მამის საფლავზე ვიყავით. უკვე გვიანი იყო, ძლიერი ქარი ქროდა. ერთი ბოთლი წითელი საფერავი, პატარა პასკა და სამი ცალი კვერცხი გვქონდა. კიდევ - ერთი ხაჭაპური. სანთელი ვერ დავანთეთ ქარის გამო. ღვინო მოვსვით, უფრო მეტი საფლავზე დავღვარეთ. ციოდა, დიდხანს არ გავჩერებულვართ, მალე წამოვედით. მამაჩემი რვა წელი გულაგში ნამყოფი კაცი იყო. მომეჩვენა, რომ სწორედ ასეთი ცივი, ქარიანი და უკაცრიელი სასაფლაო უხდებოდა მის აღდგომას.

მერე „გუდვილში“ შევიარეთ. პირველად ვნახე ჰიპერმარკეტი საქართველოში. ტკბილეული და კონიაკი ვიყიდეთ და ჩვენს დეიდაშვილს ვესტუმრეთ ვორონცოვზე. ძალიან სევდიანი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. „გუდვილიც“ კი.

8 საათზე რადიკალურად განსხვავებულ გარემოში მოვხვდით – ვაკის პარკში, უზარმაზარ რესტორანში, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელი ჩემი უახლოესი მეგობარია. გრძელ სუფრას თავიდან ხუთნი ვუსხედით. დარბაზში რამდენიმე დიდი, სულ ცოტა, 20-კაციანი სუფრა იყო გაშლილი. მომღერალი ქართულ და რუსულ საესტრადო სიმღერებს მღეროდა. ხალხი უზომოდ ბედნიერი იყო. განსაკუთრებით „კატიუშაზე“ იხალისეს. მერე კოტე, ნანა, დათო და კუკა მოვიდნენ. კოტე თავიდან, ტრადიციულად, ცოტა იღრინებოდა, მგონი რესტორნის საბჭოთა ატმოსფერომ გააღიზიანა. ბოლოს, საბედნიეროდ, ხასიათზე მოვიდა, თორემ გაბრაზებული ყუბანეიშვილი სუფრაზე არც ისე სასიამოვნოა. ჩემი ძმა საერთოდ გაგიჟდა, როდესაც „კატიუშაზე“ ნახევარმა დარბაზმა სტვენა და ბუქნაობა დაიწყო. ისიც კარგა ბრაზიანი ვინმეა. მერე ვიღაც ახალგაზრდებმა აჭარული იცეკვეს ძალიან ლამაზად და დიდხანს. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

რომ წამოვედით, გვერდითა 20-კაციან სუფრაზე რაღაც ნიუორლეანური რელიგიური ბლუზის მსგავსის დადგმას შეეცადნენ. თამადის სამ შეძახილს - „ქრისტე აღდგა!“ - დანარჩენი ოცი გაბრაზებული მამაკაცის გუნდური სამჯერადი ღრიალი მოსდევდა: „ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!“ მერე ვიღაც ყვიროდა: „არ ვარგა!!!“ და ამას თამადის კიდევ უფრო ომახიანი „ქრისტე აღდგა“ მოსდევდა შესაბამისი მთვრალი „ჭეშმარიტებებით“.

არტისტული ბუნება რომ გვქონდა ქართველებს, ვიცოდი. მხოლოდ დღეს შევამჩნიე პირველად მასში ბლუზისა და ჯოსპერის ელემენტები. ღმერთო, გვიშველე! ამენ! და ა.შ...

5 აპრილი, ორშაბათი
დღეს გოჩას დაბადების დღეა, ჩემი ბიძაშვილისა და მეგობრის. თავი მოიკლა, დაბადების დღე არ გამაგონოთ, მკვდრების დღეა არისო. არადა აქამდე მთელი კვირა მიმტკიცებდა, პატრიარქმა გამოაცხადა, ორშაბათი სულაც არ არის სასაფლაოზე გასვლის დღეო. მგონი, უბრალოდ პახმელიაზეა და მატყუებს. გუშინ თავის კარდიოლოგთან უქეიფია, რომელმაც ორი წლის წინ ინფარქტიანი გოჩა სიკვდილს კლანჭებიდან გამოსტაცა. როგორც ჩანს, ორივეს ისე გაუხარდა ეს ამბავი, რომ მას შემდეგ სულ ერთად აღნიშნავენ.

ისე, ჩემი პარიზელი კარდიოლოგი, პოლონური წარმოშობის დოქტორი ზელასკოც კარგი ლოთი ჩანს. ერთხელ მოსკოვში მივდიოდი რაღაც დოკუმენტური ფილმის მასალებისათვის, და მითხრა, მართალია ხიზილალაში ბევრი ქოლესტერინია, მაგრამ კარგი რუსული, მით უმეტეს, პოლონური არაყი მშვენივრად ანეიტრალებსო. მოკლედ ჩამოვუტანე. ერთი უნდა შევთავაზო, იქნებ იმასაც ესიამოვნოს ჩემთან ერთად ორი-სამი ჭიქის გადახუხვა...

მერე ჩემმა ძმამ გამომიარა და ბაგებში ავედით ჩემს მეგობართან. მას ძალიან ლამაზი სახლი და კიდევ უფრო ლამაზი, არისტოკრატი კატა ჰყავს, რომელიც წელიწადნახევარი ძუ ეგონა და სულ ახლახან აღმოაჩინა, რომ ხვადია. ისიც ვეტერინარმა უთხრა. ძალიან გახარებულია. აქამდე ისე ნერვიულობდა, როგორც ლამაზი ქალიშვილის მამა – ვინმე უჯიშო კატისგან კნუტები არ დამიყაროსო. ცოტა დაბნეული კია: აქამდე სულ „ჩემო ლამაზო გოგო“-თი მოიხსენიებდა, ახლა „ბიჭოს“ ეჩვევა. მართლა ძალიან ლამაზი კატაა!

იქიდან ექვს საათზე რადიო თავისუფლებაში მივედი. პირდაპირ ეთერში ათწუთიან ინტერვიუზე ია ანთაძესთან. მსმენელისა და ბლოგერების კითხვებს ვუპასუხე ძალიან მოკლედ. ვრცლად პასუხის გაცემა ხვალ მომიწევს ინტერაქტიული ინტერვიუს დროს. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყე, რომ კონკურსის მიხედვით ამირჩიეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმრად.

6 აპრილი, სამშაბათი
მთელი დღე უსაქმოდ გავატარე. შუადღისას სალომემ გამომიარა, ჩემმა პარიზელმა მეგობარმა, რომელიც დროებით სამშობლოს დაუბრუნდა. ტერასაზე ვისხედით, ყავას ვსვამდით და მზეს ვეფიცხებოდით. ულამაზესი ხედია ჩემი პანორამული ტერასიდან – მთელი თბილისი ჩანს. ძალიან ლამაზ ბინაში ვცხოვრობ, ზუსტად კონსერვატორიის გვერდით. დღისით განსაკუთრებით მიყვარს სხვადასხვა ფერის სახურავების თვალიერება. საერთოდ, ქალაქს, სადაც სახლების სახურავები არ ჩანს, ქალაქად არ ვთვლი. ისინი ჩემთვის მხოლოდ დასახლებული პუნქტებია. მე ყოველთვის ლამაზსახურავიან ქალაქებში ვცხოვრობდი: თბილისში და მერე - პარიზში.

ეს ავთო გიგინეიშვილის ბინაა - ჩემი მეგობრის, რომელიც ლონდონში ცხოვრობს თავის შვილთან, სანდროსთან, ერთად. შვილის გარდა ავთოს ორი დიდი სიყვარული ჰქონდა: ფრენკ ზაპა და ძალიან ლამაზი ლანა, მეუღლე. ორივე გარდაიცვალა... ლანას სიკვდილი ჩემთვის საშინელი უსამართლობა იყო, ბუნების უსინდისობა. იშვიათად, ან იქნებ არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ამდენი წელი ასე უყვარდათ ერთმანეთი...

ბინა დიდი, თეთრი და ძალიან ნათელია. ავეჯი თითქმის არ არის. მხოლოდ ერთი დივანი და ერთი სავარძელია უზარმაზარ თეთრ სალონში, ერთ-ერთ საძინებელში კი - ჩემი საწოლი. ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. აქ 2006 წელსაც ვცხოვრობდი ჩემს თანაავტორთან და ოპერატორთან ერთად, როდესაც „არტესათვის“ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩამოვედი ორი კვირით.

ერთადერთი, რაც სტრესულ მდგომარეობაში მაგდებს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძაა, რომელიც, ფაქტობრივად, თავზე მადგას. ასე მგონია, ანძა ღამ-ღამობით გიჟდება და ხტუნვას იწყებს. მსგავსი ატრაქციონი დისნეილენდშიც არ მინახავს. საინტერესოა, ამ განათების ავტორს სახლში მკურნალობენ თუ ფსიქიატრიულში?

მერე „პურპურში“ წავედით მე და სალომე, ყავა დავლიეთ. ძალიან ლამაზია ყველაფერი. გუგა მართლა ძალიან ნიჭიერია, ისევე, როგორც ყველა კოტეტიშვილი. ჩემი წიგნის პრეზენტაცია აქ გაიმართება შაბათ საღამოს.

ამაღამ კი 9-დან დილის 3 საათამდე რადიო თავისუფლების მსმენელების კითხვებს ვპასუხობდი. თან ჩემი ძმის წარმოების ძალიან გემრიელ წითელ ღვინოს ვწრუპავდი. იმედი მაქვს, შეკითხვების ავტორები არ ნანობენ, რომ ღამე ჩემი გულისათვის გაიტეხეს.

7 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს დილიდან ვცდილობ, ჩემი წიგნის პრეზენტაციას რეკლამა გავუკეთო. მისამართი შემეშალა: ჩემს არყოფნაში „ხლებნი პლოშჩადი“ ჯერ პურის მოედანი გამხდარა, მერე კი - გუდიაშვილის.

რა აწყობილი ქალაქი დავუტოვე და რა უქნეს – ვეღარაფერს ვპოულობ! გასულ კვირაში, გოგი გვახარიას „წითელი ზონის“ ჩაწერისას, მთლად უცენზურო გამოთქმა – ლენინის მოედანი – ვიხმარე (ამ მოედანს ბებიაჩემი სიკვდილამდე ერევნის მოედანს ეძახდა). გოგიმ არ შეიმჩნია და დელიკატურად შემისწორა, თავისუფლების მოედანიო. ბავშვობიდან ასეთი წესიერი იყო, არასოდეს იგინებოდა. პირველი კლასიდან ვიცნობ. 23-ე სკოლის მთელი „ფაკინგ“ ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. ყოველთვის მინდოდა მისი მეგობარი ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც სულ ქუჩის ბიჭებთან მიწევდა ძმაკაცობა. ისევ ისეთი მაწანწალა დავრჩი ახლაც - თბილისში პარიზიდან შატალოზე გამოპარული მგონია თავი.

...მთელი დღე ვწერდი. საღამოს, სრულიად შემთხვევით, ევროპის სახლის პრეზენტაციაზე ამოვყავი თავი ნელის წყალობით, რომელმაც თითქოს კაფეს გახსნაზე დამპატიჟა. აქ კი, ქალაქის საკრებულოს გვერდით, თავისუფლების-ერევნის–ლენინის მოედანზე იმდენი გაბრაზებული დაკუნთული ბოდიგარდი დამხვდა, რომ გული კინაღამ გამისკდა! თუმცა, ვისი „ბოდის“ სადარაჯოდ იყვნენ მოსულები, თავიდან ვერ მივხვდი.

კაფე ევროპის სახლის პირველ სართულზე ყოფილა. ძლივს შევაღწიეთ, უამრავი ოფიციალური პირი იყო. და კიდევ - მხატვრები, რომლებ შარშან ნანტში თბილისის „ანდერგრაუნდს“ წარმოადგენდნენ. რამდენიმე ნაცნობი შემხვდა. ყველა - ოფიციალური პირებიც და სრულიად საქართველოს ანდერგრაუნდიც - ელოდა პრეზიდენტს, რომელიც სულ მალე თავისი საფირმო ღიმილით შემოვიდა ნატო ყანჩელთან ერთად და მეორე სართულზე ავიდა. ისე, მეც ნატომ შემომიყვანა და სააკაშვილიც. ნატო ჩემი ძველი მეგობარია. რა მაგარი ქალაქია თბილისი - საერთო მეგობარს პრეზიდენტთანაც კი გამონახავ! საფრანგეთში ამას ვინ მაღირსებს?..

მერე ქეთათო ვნახე, ირაკლი ჩარკვიანის ცოლი. ძალიან გამეხარდა. მთელი საღამო ერთად გავატარეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, ძალიან სასიამოვნო გოგოა. ბართან შევრჩით კარგა ხანს, ღვინის ჭიქებით ხელში. მეფეზე ლაპარაკში პრეზიდენტი ისე გაგვეპარა, ვერც კი გავიგეთ.

8 აპრილი, ხუთშაბათი
ძალიან ორიგინალური საუზმე მქონდა. ჩემმა ძმამ ახაშენში წამიყვანა თავისი ვენახების საჩვენებლად. დილით ვერ მოვასწარი მესაუზმა და გზაში ცოტა უხასიათოდ ვიყავი. კაჭრეთის შესასვლელთან ცხელი დედას პურის და ყველის საყიდლად შევჩერდით. ცხელი პურის სუნს ვერ გავუძელით და სანამ თონის პატრონი გოგია გუდის ყველს წონიდა, ორი პური შემოგვეჭამა. ასე როგორ შეიძლება, ჩემს სახლთან პურს უღვინოდ ჭამთ, ერთ ლიტრა ღვინოს მაინც გამოვიტანო, გვითხრა გოგიამ. პასუხს არც დაელოდა, ისე გაუჩინარდა ეზოს ჭიშკარში. დაბრუნდა „ფანტის“ ლიტრნახევრიანი ბოთლით, რომელშიც ქარვისფერი ღვინო ესხა. მეორე ჭიქის შემდეგ გოგიამ მითხრა, ჩემმა ქალიშვილმა სილამაზის კონკურსი მაიგოო. სად-მეთქი, ვკითხე. აღარ მახსოვს კარგად, მგონი ჩუღურეთის რაიონშიო. მესამე ჭიქით ჩვენი შვილები ვადღეგრძელეთ „მის ჩუღურეთის“ თამადობით და გოგიას დავემშვიდობეთ. ყველის ფულის აღებისას, ძალიან უხერხულად იშმუშნებოდა. აი, ასეთი petit déjeuner, ანუ საუზმე მქონდა დღეს დილით.

მერე ჩემი ძმის ვენახებში ვიყავით ულამაზეს ფერდობზე, რომელიც ალაზნის ველს და მის ბოლოში კავკასიონს გადაჰყურებს. სამოთხე, ალბათ, ასეთი იყო, ევას მატრაკვეცობამდე.

9 აპრილი, პარასკევი
დღეს დილით წიგნის ტირაჟის ნახევარი ვნახე, ყდაზე ფერები არევიათ. იმედი მაქვს, ტირაჟის მეორე ნახევარს მაინც გამოასწორებენ. ლუკა გაგიჟდება! უზარმაზარი და ძალიან შთამბეჭდავი ტილოს რეპროდუქციაა ყდაზე. სურათს „ფსიქოდელიური ველი“ ჰქვია. ნიუ-იორკშია დახატულიც, გამოფენილიც. ყდა ლუკა ლასარეიშვილმა გამიკეთა, ახლა კი ფერშეცვლილნახატიანი წიგნი უნდა გავუგზავნო ნიუ-იორკში!.. ისე, მართლა რაღაც ფსიქოდელიური წიგნი გამოვიდა – ფერებს თავისით იცვლის, თითქოს LSD-გარეული საღებავებით იყოს დაბეჭდილი.

საღამოს „ცხელი შოკოლადიდან“ და „ტელეიმედიდან“ იყვნენ მოსულები. ბევრი ფოტო და ვიდეო გადამიღეს.

10 აპრილი, შაბათი
რა პრეტენზიული სიტყვაა პრეზენტაცია - საკუთარი წიგნისაც კი! დილიდან ვფიქრობდი, ნეტავ უკვე ხვალ იყოს-მეთქი. დღეს საღამოს ჩემი წიგნი უნდა წარვუდგინო მათ, ვისთვისაც მთელი წელი ვწერდი: ყოველღამე, მარტო ჩემს ოთახში. ისინი თითქოს აბსტრაქტულნი იყვნენ, დღეს კი რეალურები გახდნენ. მიუხედავად სისასტიკის ზღვარზე დაწერილი ჩემი წერილებისა, ერთი საყვედურიც არავის უთქვამს, არავის მოუწერია.

ერთადერთი, რაც მათთვის სათქმელი დამრჩა და რაც წიგნში არ შევიდა (და რის თქმასაც დღეს საღამოს ვაპირებდი) ამისათვის მადლობა იყო. მაგრამ, მგონი, დამავიწყდა.

„პურპურის“ ძველი შენობა ჭრიალებდა – ვერასოდეს ვიფიქრებდი. რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა! დავიბენი და უხერხულად ვიგრძენი თავი.

საღამო კოტე ყუბანეიშვილმა გახსნა მისთვის ჩვეული ექსტრავაგანტულობით. შემდეგ ია ანთაძემ გააგრძელა ასევე მისთვის ჩვეული აკადემიური სტილით. ბოლოს მე დავამთავრე, ჩემთვის უჩვეულო, ყველანაირ სტილს მოკლებული, რაღაც სულელური მანერულობით. თუმცა, რა ვილაპარაკე, კარგად არ მახსოვს. ხალხი თანაგრძნობითა და სინანულით მიყურებდა. აშკარად უფრო ჭკვიანი ვეგონე ყველას. კიდევ კარგი, საუკეთესო ადგილებზე ახლობლები იყვნენ გამაგრებულნი. წიგნის უცნობი თბილისელი მოყვარულები ფიზიკურად ვერ მოხვდნენ საპრეზენტაციო დარბაზში, გვერდით ოთახში ღვინოს წრუპავდნენ და ჩემი ბურტყუნი არ ესმოდათ. პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი ნანა მაჭავარიანმა გადაარჩინა: სწორედ იმ დროს, როცა აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, მკითხა, ფრანგულადაც თუ ვაპირებდი ამ წიგნის გამოცემას. ამით საშუალება მომცა, კიდევ ათი წუთი მელაპარაკა. მოკლედ, ფაქტია: წერის დროს გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თუნდაც ასეთი ძალიან თავაზიანი და მიმტევებელი აუდიტორიის წინაშე.

ყველამ მითხრა, რომ პრეზენტაცია შესანიშნავი იყო. ძალიან მინდა, დავიჯერო. მგონი, უკვე მჯერა კიდეც...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG