Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 24 აპრილი 2010


უცხოეთის პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა დღეს ერთადერთი ქვეყნის მედიას ეთმობა - პოლონეთის საინფორმაციო საშუალებებს, რადგან გასული კვირის მანძილზე მათში ბევრჯერ იყო საუბარი საქართველოზე. თუ რა თემასთან დაკავშირებით, ეს პირველივე სტატიის ნაწყვეტით გამოჩნდება.

ყოველდღიური „ჟეჩპოსპოლიტა“ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის მომდევნო დღეს, გაზეთის 19 აპრილის ნომერში წერდა: „სახელმწიფოს ლიდერების ნაწილი, ყველაფრის მიუხედავად, კრაკოვში ჩამოვიდა: ვულკანური ფერფლის, ფრენის აკრძალვისა და გარკვეული შიშის მიუხედავად. პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნას მართლაც განსაკუთრებული პატივი მიაგეს. დაკრძალვის ცერემონიის ბევრ მონაწილეს მრავალი საათი მოუწია მოუხერხებელ პირობებში მგზავრობა. რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი შაბათს ჯერ კიდევ ბრაზილიაში იყო და მოსკოვის გავლით ჩამოვიდა კრაკოვში - ეს მართლაც რაღაცას ნიშნავს! ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ ჩამოსვლა ვაშინგტონიდანაც იყო შესაძლებელი“.

ვაშინგტონიდან კრაკოვში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას, რაც იმ დღეებში საჰაერო მიმოსვლის პარალიზების გამო, ლამის შეუძლებელი მიზნის მიღწევად შეფასდა, ზოგადად, ფართო გამოხმაურება მოჰყვა პოლონეთის მედიაში.

„ბარაკ ობამა, მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი, კრაკოვში ვერ ჩამოფრინდა ვულკანური ფერფლის გამო, რომელმაც, საოცარია, მაგრამ ხელი ვერ შეუშალა საქართველოს პრეზიდენტს“, წერს გამოცემა „ფაქტი“. მასშივე ვკითხულობთ ასეთ სათაურს „სააკაშვილმა ობამა შეარცხვინა“. „ფაქტის“ სტატიაში აღწერილია მარშრუტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გაიარა კრაკოვში ჩასაფრენად - პორტუგალიის, იტალიის, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით. ნათქვამია ისიც რომ იოლი არ ყოფილა არც საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოფსის მოგზაურობა. სააკაშვილის მეუღლე, გაზეთის ინფორმაციით, თვითონ მართავდა ავტომანქანას, რომლითაც 13 საათი დასჭირდა ბრიუსელიდან კრაკოვში ჩასასვლელად. გაზეთში გამოთქმულია კრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და იტალიის პერმიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მიმართ, პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე მათი არ-ჩასვლის გამო.

კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის დაკრძალვაზე ჩასასწრებად საქართველოს პრეზიდენტის და მისი მეუღლის მიერ გავლილ მარშრუტებს აღწერენ საინფორმაციო ტელეარხ tvn 24-ის ვებსაიტზეც, ისევე როგორც პოლონეთის წამყვან ყოველდღიურ გამოცემა „გაზეტა ვიბორჩაში.“

„ფრთხილად, ჯიგიტი მოფრინავს“ - ასეთია „ვიბორჩას“ სტატიის ერთ-ერთი ქვესათაური. „საქართველოს ლიდერმა გაუგონარი შეუპოვრობა გამოიჩინა მეგობრის დაკრძალვაზე ჩამოსასვლელად“, წერს გამოცემა. ისიც საჭიროდ მიიჩნევს შედარებას სხვა ლიდერებთან, რომლებმაც უარი თქვეს ცერემონიაში მონაწილეობაზე საჰაერო მიმოსვლის შეჩერების გამო. ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა ვენიდან ავტომანქანით ჩამსოვლაზეც კი უარი თქვაო, ვკითხულობთ „გაზეტა ვიბორჩაში“.

პოლონეთშივე რადიო RMF-მა შესთავაზა მსმენელებს, ამ მაუწყებლის მეშვეობით, მადლობა გადაუხადონ საქართველოს ლიდერს „სოლიდარობისა და ხსოვნის გამომხატველი ჟესტისთვის“. იმ დროისთვის, როცა პრესის მიმოხილვას ვამზადებდით, მადლობა 400-მდე კომენტარში იყო გამოთქმული.

ბოლოს მოკლე ინფორმაცია ორ საყურადღებო სტატიაზე, რომლებიც სხვა თემებზე და სხვა, ანუ არაპოლონურ მედიაში გამოქვეყნდა. ერთი გახლავთ რონალდ ასმუსის ცნობილი წიგნის „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ რეცენზია. წერილი, რომლის ავტორიცაა ტომას დე ვაალი, გამოცემა „ნეშნალ ინტერესტში“ გამოქვეყნდა. და თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ასევე ლინკოლნ მიჩელის სტატიაზე სათაურით „აფხაზეთის დილემა და მეფის ძაღლი“, რომელიც გამოცემა „ფორინ პოლისისთვის“ დაიწერა.
XS
SM
MD
LG