Accessibility links

ბრიტანულმა ექსპერტიზამ “იმედის” ხელმძღვანელობის საუბრის ნამდვილობა დაადასტურა


პოლიტიკურმა გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის” 26 აპრილს საზოგადოებას გააცნო ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობის გახმაურებული სატელეფონო ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბრიტანულ კომპანია GPW-ს ეკუთვნის. 13 მარტის ე.წ. მოდელირებული ქრონიკის გასვლის შემდეგ ინტერნეტით გავრცელებული გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ტექნიკურმა და ლინგვისტურმა ანალიზმა უჩვენა, რომ მათი საუბარი ნამდვილია. ექსპერტების შეფასებით, განცხადება, რომ ეს საუბარი ფაბრიკაციაა, მხოლოდ ღიმილს იწვევს.

მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სადაზვერვო და საგამოძიებო კომპანია GPW Limited-მა, ტექნიკური ანალიზისა და სასამართლო ლინგვისტიკის მეთოდების გამოყენებით, ცნობილი სატელეფონო ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნა დადო და თქვა, რომ ეს საუბარი ფაბრიკაცია არ არის, დამკვეთმა ”ალიანსმა საქართველოსათვის” მთელ საზოგადოებას მოუწოდა ერთად მიიყვანონ საქმე ბოლომდე და დამნაშავეებს პასუხი აგებინონ. ექსპერტიზის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ”ახლების” ლიდერი დავით გამყრელიძე, დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვინაიდან ამ საუბრის დროს გიორგი არველაძე სტამბულში იმყოფებოდა, ხოლო ჩაწერისათვის საჭირო აპარატურა შეუძლებელია თბილისის რომელიმე ცენტრალურ სატელეფონო სადგურში უცხო ქვეყნის სამსახურებს განეთავსებინათ, ჩანაწერი ქართული სპეცსამსახურების გაკეთებული უნდა იყოს.

როგორც ითქვა, ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს, - და ამ ტექსტის ნახვა „ახლების“ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი, - რომ სატელეფონო საუბარი ნამდვილია და მასში არაფერია ჩამატებული:

”ექსპერტებმა უარყვეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩანაწერი იყოს მონტაჟი. საუბარში სამჯერ ახსენებენ სააკაშვილს. საუბრისას შეინიშნება მცირე შეუსაბამობა, რაც შეიძლება მიუთითებდეს მცირე ჩარევაზე წაშლის ან ამოშლის გზით. მაგრამ ეს შეუსაბამობა შეიძლება აიხსნას საუბრის თემის დელიკატურობით... ექსპერტების აზრით,შესაძლოა, რამდენიმე ადგილი მართლაც ამოჭრილია, მაგრამ ჩანართებისა და დამატებების არანაირი კვალი არ არსებობს.”

”ალიანსი” საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს და საზოგადოების ჩართულობის იმედი აქვს. 26 აპრილს ზემოთ აღნიშნული ექსპერტიზის პასუხს საკმაოდ წარმომადგენლობითი საზოგადოება უსმენდა, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლები. როგორც „ალიანსის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სწორედ მათი დახმარებით უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი ბრძოლა, თანაც რამდენიმე მიმართულებით: კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტში.

საქმის გაძღოლა, როგორც რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თქვა, სახალხო დამცველის მიერ შერჩეული ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ომბუდსმენს დავით ებრალიძეს მიანდეს. სწორედ ის მოამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას. თავად უსუფაშვილმა კი სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა, თუ კანონის რომელი მუხლები დაირღვა ე.წ. მოდელირებული ქრონიკის ეთერში გასვლით. მათ შორის ერთ-ერთია კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც, მისი შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა. საუბარია 23-ე მუხლზე, რაც შემოქმედებით პროცესში ჩარევას გულისხმობს:

”შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. რა შეიძლება იყოს ჩარევის იმაზე უფრო აშკარა და მკაფიო მაგალითი, როდესაც ამ გადაცემის ავტორები თავად ამბობენ, რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ ვიღაც, ამ შემთხვევაში კი ქვეყნის პრეზიდენტი, ერევა შემოქმედებით პროცესში და ამით არღვევს კონსტიტუციას.”

”ალიანსის” მოწოდებას არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებიც შეუერთდნენ. მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით გიორგი ჩხეძემ განაცხადა, რომ პროცესში ჩაერთვებიან. როგორც ცნობილია, საიამ სასამართლოშიც შეიტანა ერთ-ერთი მოქალაქის სახელით სარჩელი, სადაც ის მოდელირებული ქრონიკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ჩხეიძე ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული სხვა დაზარალებულების აქტიურობაც.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი ხატია ყურაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათ არ ეხებათ ის, თუ რა ვითარებაში იგეგმებოდა ესა თუ ის გადაცემა. მათ მხოლოდ ტელეპროდუქციაზე შეუძლიათ მსჯელობა და, შესაბამისად, სანქციის დაწესება.

ჩვენ გვაინტერესებდა ხელისუფლების პოზიცია, ხელისუფლებისა, რომელიც ცნობილი სატელეფონო საუბრის გავრცელების შემდეგ აცხადებდა, ეს რუსული სპეცსამსახურების მიერ გაყალბებული ჩანაწერიაო. ხელისუფლების პოზიცია არც დღეს შეცვლილა. უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკითხს აღარ მიუბრუნდება:

”როგორც წესი, ასეთი ექსპერტიზის დროს ორიგინალს ითხოვენ ხოლმე ექსპერტიზისთვის და თუ „ალიანსს“ აქვს ამ ჩანაწერის ორიგინალი, გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება, საიდან მოიპოვს მათ ეს ორიგინალი... მაგრამ თავისთავად ის, რომ ეს ჩანაწერი რუსეთის სპეცსამსახურის მიერ გაკეთდა, ჩემთვის საკმარისია ვიფიქრო, რომ მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია დღეს ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ გაგრძელდება.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG