Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სკანდალის წინაშე დგას


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ბრიტანელი დეპუტატი დევიდ უილშირი ნამდვილ განხეთქილების ვალშად იქცა საქართველოსა და რუსეთის დელაგაციებისათვის, რომელთა დაპირისპირებას სიმძაფრეისედაც არასოდეს აკლდა ევროსაბჭოში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა დევიდ უილშირმა, საქართველოს დელეგაციის აზრით, “წითელ ხაზს” გადააბიჯა, როდესაც ასამბლეის დაწყებამდე, 22 აპრილს, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჩოჩიევს მოსკოვში უკანონო საელჩოში შეხვდა.

საქართველოს საპარლამენტოს დელეგაცია აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში ვეღარ ხედავს კიდევ ერთი ახალი რეზოლუციის აზრს. ჩვენ არ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ “რეზოლუციების ბიზნესშიო” განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პეტრე ცისკარიშვილმა, საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

საქართველოს დეპუტაციის ასეთმა დემარშმა სულაც არ დაამწუხრა რუსეთის საპარლამენტო დელაგაცია, რომელმაც თავიდან აირიდა კიდევ ერთი უარყოფითი რეზოლუციის მიღება, რომელშიც რუსეთი მოხსენიებული იქნებოდა, როგორც ოკუპანტი, რომელსაც არ გაჰყავს ჯარები 2008 წლის აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე და არ უარყოფს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. უფრო მეტიც - კონსტანტინ კოსაჩოვი, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის თავმჯომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების მიმართ ასამბლეის დამოკიდებულება “ემოციურიდან რაციონალურში” გადავიდა. პირველად მომზადდა მონიტორინგის კომიტეტის ორი სრულიად განსხვავებული, - ერთი მათიას ეორშის, მეორე კი ზემოხსენებული დევიდ ულიშირის - ანგარიში, რომელთა განხილვაც საქართველოს დელეგაციას, კოსაჩევის აზრით, ხელს არ აძლევდა.
„ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაცია სასურველს რეალობად ასაღებს. გუშინ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მართლაც სცადა, ეჭვქვეშ დაეყენებინა ბატონ უილშირის უფლებამოსილება და ამის საბაბად გამოიყენა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა, რომელიც მოსკოვში, საელჩოს შენობაში გაიმართა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ დემარშს არავითარი მხარდაჭერა არ მოჰყოლია. და ეს დემარში ნამდვილად არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ სესიაზე ამ საკითხის განხილვის ფორმატი შეიცვალა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ღია საუბარშიც არ მალავენ, რომ დევიდ ულიშირი, შესაძლოა, მოსკოვის თამაშს თამაშობს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიანიშნა “უილშირის საკმაოდ ცუდ რეპუტაციაზე” სახაზინო თანხების ხარჯვის საქმეში. ჭიაბერაშვილს მხედველობაში აქვს ბრიტანეთის პარლამენტში შარშან მომხდარი სკანდალი, როდესაც რამდენიმე კანონდებელი მხილებული აღმოჩნდა თანხების გადახარჯვაში, რაც, ჭიაბერაშვილის თქმით, ბრიტანეთის პრესაშიც დაიწერა და რუსეთის დეპუტაციისთვისაც კარგად უნდა იყოს ცნობილი.

რადიო თავისუფლებამ სტრასბურგში ვრცელი ინტერვიო ჩამოართვა დევიდ უილშირს. მან განაცხადა, რომ მოსკოვში ბორის ჩოჩიევთან შეხვედა არა საელჩოში, არამედ ჩვეულებრივ ოფისში მოხდა, რათა ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაცია მიეღო:

„სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს რაღაც ოფისში შევხვდი. ეს არ იყო საელჩო, რადგან ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ნებისმიერი განცხადება, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან ჩემი საუბარი რაიმე ისეთის აღიარებას ნიშნავს, რასაც ევროსაბჭო არ აღიარებს, აბსოლუტური ნონსენსია.“

რაც შეეხება მის მიმართ საქართველოს დელეგაციის მიერ წაყენებულ ბრალდებებს, თითქოს “მოსკოვის თამაშს თამაშობდეს”, ულიშირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და გააკეთა ის, რასაც პირდაპირი მოვალეობა აკისრებდა.

„მე პატივს ვცემ ნებისმიერი ადამიანის უფლებას, ჰქონდეს მოსაზრება. აშკარაა, რომ ქართველებს არ მოეწონათ, რაც გავაკეთე. ეს მათი უფლებაა და დემოკრატიის პირობებში ვალდებული ხარ, პატივი სცე მათს უფლებას, თავიანთი აზრი გამოხატონ. და მოხარული ვარ, რომ ამას საჯაროდ აცხადებენ და არა პირად საუბრებში. რადგან, როცა ეს განცხადებები საჯაროა, მათზე კომენტარის გაკეთების საშუალებაც გეძლევა. რაც შეეხება იმას, ვთამაშობ თუ არა მოსკოვის თამაშს, არა, არავის თამაშს არ ვთამაშობ. თუ ვინმეს თამაშს ვთამაშობ, ეს ევროპის საბჭოს თამაშია. იმისთვის, რათა ამ ტრაგედიას ბოლო მოეღოს, ერთადერთი რამის გაკეთება შეგვიძლია: ხალხი ერთმანეთს დავალაპარაკოთ.“

დევიდ უილშირის და თვითაგმოცხადებული სამხრეთი ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრას მოსკოვში, 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუშოღლუც, რომელმაც რადიო თავისუფლების შეკითხვაზე მოსკოვის შეხვედრას უილშირის პირადი ინიციატივა უწოდა:

„ეს გადაწყვეტილება მთლიანად ჩვენს მომხსენებელს, ბატონ უილშირს ეკუთვნოდა. ამ საკითხში ევროსაბჭოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია მკაფიოა: ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტს. ასე რომ, ეს ბატონ უილშირის პირადი გადაწყვეტილება იყო და მე მას ამ საკითხზე გუშინ ვესაუბრე.“

მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეზოულუციის კენჭისყრა აღარ გაიმართება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება და მხარეებმა ფარ-ხმალი დაყარეს. წინ არის 28 აპრილის დებატები რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე, და იმავე დღეს ჰაიდე ტალიავინის მოხსნება, რომელიც არა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს დელეგაციათა არგუმენტების მორიგი დემონსტრაცია, არამედ მათი მომხრეებისა და მოწინააღმდგეების რაოდენობის ერთგვარი “საბრძოლო დათვალიერებაც” იქნება.
XS
SM
MD
LG