Accessibility links

logo-print

სომხეთის რელიგიური ლიდერი ისტორიული ვიზიტით იმყოფება ბაქოში


სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათალიკოსი გარეგინ მეორე

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათალიკოსი გარეგინ მეორე

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათალიკოსი გარეგინ მეორე პირველად ჩავიდა აზერბაიჯანში. ის მონაწილეობს ბაქოში მიმდინარე სამიტში, რომელმაც მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 200 რელიგიურ ლიდერს მოუყარა თავი.

გარეგინ მეორე სამიტზე აზერბაიჯანის შიიტმა სულიერმა ლიდერმა შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კირილემ მიიწვიეს.

სამიტის კულუარებში სამმა რელიგიურმა ლიდერმა ცალკეც გამართა შეხვედრა, რომელზეც, კირილეს თქმით, მთიანი ყარაბახის ირგვლივ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

გარეგინ მეორემ, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სულიერი ლიდერი სომხეთში დაპატიჟა.

თავის გამოსვლაში გარეგინ მეორემ რელიგიურ ლიდერებს მსოფლიოში არსებული კონფლიქტების გადაჭრაში დახმარებისკენ მოუწოდა და უშუალოდ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი ახსენა:

„უნდა გავაგრძელოთ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიება. პრობლემები საერთაშორისო სამართალსა და ერების უფლებებთან თანხვედრით უნდა გადაიჭრას“, - თქვა სომხეთის სულიერმა ლიდერმა და დასძინა: „როგორც სომხეთის პარტიარქს, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია გავაგრძელოთ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება კავკასიელი მუსულმანების მეთაურ შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადესთან ერთად. ეს ჩვენი ვალია.“

მთიანი ყარაბახის საკითხი აზერბაიჯანის სულიერმა ლიდერმაც ახსენა. „ჩვენ სომხეთთან კონფლიქტის გადაჭრისთვის ვმუშაობთ“, - თქვა ფაშაზადემ და დასძინა: „სომხეთის კათალიკოსთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. ჩემი აზრით, ის, რომ სომხეთის კათალიკოსმა მოწვევა მიიღო და სამიტზე ჩამოვიდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია.“

გარეგინის ვიზიტს აზერბაიჯანში მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციაც მოჰყვა, რომელიც „ყარაბახის გათავისუფლების ორგანიზაციად“ წოდებული რადიკალური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

ჯგუფის თორმეტიოდე წევრმა, რომელთა შორის, როგორც თვითონ აცხადებდნენ, ომში დაღუპულთა მშობლებიც იყვნენ, ბაქოში მოაწყო აქცია, რომელიც მოგვიანებით დაშალეს.

სამიტში მონაწილეობას დაახლოებით 30 ქვეყნის სულიერი ლიდერები იღებენ. განსახილველ საკითხებს შორის არის გლობალიზაცია, კონფლიქტების გადაწყვეტის გზები, ეკუმენიზმი და რელიგიის როლი საჯარო ცხოვრებაში. სამიტი სამშაბათს დამთავრდება.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, სამიტის მონაწილეებს შორის არიან რელიგიებს შორის დიალოგის პონტიფიკალური საბჭოს მეთაური კარდინალი ჟან ლუი ტაურანი და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი მიტროპოლიტი ქრისტეფორე.

სამიტში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც, მაგრამ მისი ვიზიტი არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორე ამჟამად ჩეხეთში გადის მკურნალობის კურსს, რომლის კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელებაც მას ექიმებმა ურჩიეს. საქართველოს სამიტზე ეპისკოპოსი გერასიმე წარადგენს.

გავრცელებული ცნობებით, სამიტის კულუარებში გათვალისწინებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა გარეგინ მეორესთან. ალიევმა სამიტის მონაწილეებს გაუმხილა თავისი იმედი , რომ ერთ დღეს ბაქო „რელიგიებს შორის დიალოგის“ ცენტრად გადაიქცევა:

„აზერბაიჯანი ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ხიდს წარმოადგენს. აზერბაიჯანში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიის თუ ეროვნების წარმომადგენლები. იმედი მაქვს, დადგება დღე, როცა ბაქოს ევროპული კულტურის დედაქალაქად აირჩევენ. ეს დადებითად აისახება ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროებთან აზერბაიჯანის კავშირების გაღრმავებაზე“, - განაცხადა ალიევმა.

თუმცა, რელიგიებს შორის დიალოგის შესახებ პრეზიდენტის ამ ამაღლებული განცხადების პარალელურად, არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია - ისევე როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მარტში გავრცელებულ ანგარიშში - შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში გარკვეული კანონები ცალკეული რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენება - მათ შორის არიან არარეგისტრირებული ისლამური ჯგუფები, იეღოვას მოწმეები და რამდენიმე პროტესტანტული მიმდინარეობის წარმომადგენლები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 29 ნოემბერს პოლიციამ სცემა და დააპატიმრა იეღოვას მოწმეთა თემის 81 წლის წარმომადგენელი ლიდია სულეიმანოვა.

ახლახან, 13 თებერვალს, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იტყობინებოდა, რომ ბაქოში შიიტების რელიგიური მსვლელობა ძალის გამოყენებით დაშალეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG