Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა რუსი მოხელეების დაპატიმრება დაიწყო


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსი მოხელეების დაპატიმრება დაიწყეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში გენერალურმა პროკურატურამ 10-ზე მეტი მოხელის წინააღმდეგ, რომლებიც დე ფაქტო რსპუბლიკის სარეაბილიტაციო პროექტებს ხელმძღვანელობდნენ, სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, დიდი რაოდენობით ფინანსების მითვისებისა და კორუფციული სქემების აწყობის ბრალდებით. დაკავებულია არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი ბრეუსოვი, სახელმწიფო უნიტარული საწარმოს, ეროვნული პრიორიტეტული პროექტების დირექციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ალეინიკოვი, სახელმწიფო უნიტარული საწარმოს პრიორიტეტული პროექტების დირექციის ხელმძღვანელი ისმაილ კარიმოვი და მათთან კავშირში მყოფი პირები. აღსანიშნავია, რომ ყველა დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და ცხინვალში მთავრობის თავმჯდომარის ვადიმ ბროვცევის მიწვევით მუშაობდნენ. ეგრეთ წოდებული „გუპი“ - სახელმწიფო უნიტარული საწარმო - დე ფაქტო რესპუბლიკის სარეაბილიტაციო პროექტების რეალიზაციისთვის შეიქმნა და იქ, ძირითადად, ბროვცევის კადრები იყვნენ დასაქმებულნი. რუსი მოხელეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დეტალები დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა ძალოვნებთან გამართულ თათბირზე გააცნო. ეს თათბირი ცხინვალის ტელევიზიის ეთერით გადაიცა.

დაკავებული მოხელეები ახლა გამომძიებლებს აძლევენ ჩვენებებს. ცხინვალში კი ყველას ის აინტერესებს, კორუფციულ სქემებსა და გარიგებებში დაასახელებენ თუ არა ისინი თანამონაწილედ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვადიმ ბროვცევს. ბროვცევის წინააღმდეგ ცხინვალში საინფორმაციო შეტევა გრძელდება. ოსური ბეჭდური და ელექტრონული მედია მას და მის გუნდს ჩელიაბინსკელ მაროდიორებს და ქურდბაცაცებს უწოდებს, ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიებში კი ოსი ჟურნალისტები პირდაპირ სთხოვენ ბროვცევს, რომ რესპუბლიკა დატოვოს და შინ წავიდეს. აღსანიშნავია, რომ ანტიბროვცეული სტატიები კოკოითის მიერ კონტროლირებული მედიით ვრცელდება. აქამდე კოკოითი დუმილის რეჟიმში იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან მშენებარე ობიექტების სარევიზიო შემოვლა თვითონ განახორციელა, მთავრობის მუშაობით უკმაყოფილება არ დამალა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციიდან სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება შეწყდა, პრიორიტეტული პროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ახალი ბინების გადაცემას ითვალისწინებდა, შეფერხდა.

რუსი მოხელეების დაკავების შემდეგ ცხინვალში სხვადასხვა მოსაზრებები გაჩნდა. რადიო თავისუფლების ოსური წყაროს ცნობით, ზოგი მიიჩნევს, რომ კრემლმა კოკოითის კიდევ ერთხელ დაუთმო და ცხინვალში დანიშნული კადრები თვითონვე გაწირა. ამდენად, მათი აზრით, ბროვცევის მთავრობის დღეები დათვლილია. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კრემლი კოკოითის რუსეთის მოქალაქეების დაკავებას არ აპატიებს და მის შეცდომებს მალე გამოიყენებს. ამ ვერსიის მომხრეებს ცუდად ენიშნათ კრემლის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების შეწყვეტა, რამაც დე ფაქტო რესპუბლიკაში, შესაძლოა, კოკოითის წინააღმდეგ სოციალური აფეთქება გამოიწვიოს. ცნობისათვის: კრემლში ბროვცევის გუნდის ლობისტი ოსური მედიის ცნობით, რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვია. ახლა ბოლო სიტყვა, რომელსაც ცხინვალში მოუთმენლად ელოდებიან, კრემლის სათქმელია.
XS
SM
MD
LG