Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სასამართლო „გირგვილანის საქმეზე“ სარჩელის გამოსატანად გავიდა


ადამიანის უფლებებათა ევროპის სასამართლო სტრასბურგში
ადამიანის უფლებებათა ევროპის სასამართლო სტრასბურგში
27 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ, ბელგიელი მოსამართლის ფრანსუაზ ტულკენსის ხელმძღვანელობით, დაასრულა მხარეების ზეპირი მოსმენა საქმეზე, სახელწოდებით „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი - საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლო სხდომა სტრასბურგში 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსარჩელე მხარეს ადვოკატები დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე წარმოადგენდნენ, საქართველოს ხელისუფლებას კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი და ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი ლევან მესხორაძე იცავდნენ. ახლა ჯერი ევროპის სასამართლოზეა, რომელიც გადაწყვეტილებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე რამდენიმე თვეში გამოაცხადებს.

თინათინ ბურჯალიანი და ლევან მესხორაძე.
საქმე 25091/07 ევროპის ათი მოსამართლის ხელშია. ახლა მათ უნდა გამოიტანონ ვერდიქტი სარჩელზე, რომელშიც ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი სასამართლოს მიმართავენ, საქართველოს ხელისუფლება დამნაშავედ ცნოს ევროკონვენციის ოთხი მუხლის დარღვევაში. ეს მუხლებია: სიცოხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევა. მოსარჩელე მხარე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს ხელისუფლებისაგან სამასი ათასი ევროს ანაზღაურებას მოითხოვს. საქართველოს მხარე კი სარჩელს დაუსაბუთებელს და „არარელევანტურს“ უწოდებს. თინა ბურჯალიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, რომელიც ევროსასამართლოში საქართველოს მთავრობას იცავდა, სხდომის დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არ ელის მოსარჩელე მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

საპირისპიროშია დარწმუნებული მოსარჩელე მხარე. ირინა ენუქიძისა და გურამ გირგვლიანის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი სასარჩელო განცხადება იმდენად მყარ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სერიოზული პრეცედენტი იქნება საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც ყველანაირად ცდილობდა დაემალა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი, აეცილებინა მკაცრი სასჯელი მკვლელებისათვის, ხოლო 2009 წლის ნოემბერში ციხიდან გაეთავისუფლებინა ისინი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე.

მარცხნიდან: გურამ გირვგვლიანი, დავით ჯანდიერი და შალვა შავგულიძე.
სარჩელი, სახელწოდებით „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განსახილველად 2007 წლის ივნისში შევიდა. ერთ თვეში კი, 2007 წლის აგვისტოში, ქალბატონი ირინა ენუქიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა სარჩელში, რომელიც ევროპის სასამართლომ წარმოებაში მიიღო, გურამ გირგვლიანის თხოვნით, გარდაცვლილი მეუღლის სახელიც დარჩა. გურამ გირგვლიანი, რომელიც 27 აპრილს ესწრებოდა სტრასბურგში გამართულ ზეპირ სასამართლო მოსმენას, სხდომის დასრულების შემდეგ აღელვებულიც იყო და იმედიანიც.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG