Accessibility links

logo-print
გლობალურ სამოქმედო გეგმას, რომლის პრეზენტაციაც 28 აპრილს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო, ასეთი სათაური აქვს: ”გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად” და მასზე ხელის მოწერა როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მიზნად ისახავს მომავალ არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდას, ქალთა გააქტიურებას არა მხოლო პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

გაუქმდეს ყველა შეზღუდვა, რომელიც თანაბრად არ ეხება ქალისა და მამაკაცის არჩევნებში ხმის მიცემისა და კანდიდატურის წამოყენების უფლებას, ჩამოყალიბდეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა პოლიტიკური ძალადობის ყველა ფორმის მიმართ, განსაკუთრებით ქალი ამომრჩევლების თუ კანდიდატების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე, უზრუნველყოფილი იქნეს ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოდგენა გადამწყვეტილების მიმღებ შიდაპარტიულ საქმიანობაში... ამ შინაარსის არაერთ პუნქტს მოიცავს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი გლობალური სამოქმედო გეგმა, რომელზე ხელმოწერაც გახლდათ 28 აპრილს თბილისში ჩატარებული კონფერენციის მთავარი მიზანი.

ამ გეგმაში კიდევ ბევრი საყურადღებო პუნქტია, რისი მიღწევაც საქართველოში ჯერჯერობით არ ხერხდება, თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი განმარტავს, ამ გეგმის არსებობა ერთგვარი წინაპირობაა ვითარების შესაცვლელად.

რუსუდან კერვალიშვილი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შეზღუდვის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

რუსუდან კერვალიშვილი
”ქალისთვის საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის ის რესურსი, რაც ზოგადად ხელმისაწვდომია მამაკაცისთვის, როგორც ძალაუფლების, ისე მატერიალური რესურსის, თავისუფლების თვალსაზრისით. მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ოჯახიდან ქალის გათავისუფლება უფრო რთულია და წარმოვიდგინოთ მაჟორიტარი დეპუტატი ქალები რეგიონებიდან, რომლებმაც უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათი თავისუფლების ხარისხი მათივე ოჯახიდან ძალიან დაბალია...”


და ისიც ფაქტია, რომ 2010 წლის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი ვერ გაიზრდება:

”ჩვენ ვერ შევძელით წინასაარჩევნოდ შიდაპარტიული კვოტების დაწესება, რაც იქნებოდა მეტად წამახალისებელი იმ პარტიებისათვის, ვისაც უფრო მეტი ქალი ეყოლებოდა პირველ ათეულში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ათეული როგორ არის დაკომპლექტებული, ამას დიდი ყურადღება ექცევა.”

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2009 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხმას მისცემდით თუ არა ქალ კანდიდატს არჩევით თანამდებობაზე, გამოკითხულთა 49 პროცენტი პასუხობს, რომ ნამდვილად მისცემდა, 32 პროცენტი დასტურს ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ იძლევა, 4 პროცენტი უარზეა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში არის 7 ქალი 150 წევრიდან, ანუ 5%. გამოკითხულთა 45 % ამბობს, რომ ეს ძალიან ცოტაა და 33% ამბობს, რომ საკმარისია.

„NDI საქართველოს“ დირექტორი ლუის ნავარო აცხადებს, რომ ქალთა ის მცირე რაოდენობაც კი, რომელიც პარლამენტშია დღეს წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიითაა გასული. შესაბამისად, ის განსაკუთრებით ურჩევს ოპოზიციურ პარტიებს, გადახედონ საკუთარ შემადგენლობას ქალების სასარგებლოდ:

”ადრეც და ახლაც მეტად მნიშვნელოვანია ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ საქართველოს
ლუის ნავარო
პარლამენტში ძალიან ცოტა ქალია. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობაში არსებობს დიდი მზაობა, რომ ქალებს მიეცეთ შანსი ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხალხის აზრია, რომ ქალები ცვლილებების ერთგვარი აგენტები არიან, ეს კი აჩენს იმედს, რომ ამ სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერის შემდეგ პოლიტიკური პარტიები გაზრდიან ქალთა რიცხვს პარტიულ სიაში. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ გაიზრდება ქალთა რიცხვი აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაშიც და ვიხილავთ მეტ ქალ მოსამართლესა თუ მინისტრს.”

რატომ არის ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასე მნიშვნელოვანი? - ვკითხეთ ლუის ნავაროს:

”როგორც ერთხელ მადლენ ოლბრაიტმა აღნიშნა, თუ ნამდვილად გინდა დემოკრატიული ქვეყანა იყო, მაშინ მის მართვაში ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. როცა ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია და აქედან მხოლოდ 5 %-ია, მაგალითად, პარლამენტში წარმოდგენილი, ეს მეტყველებს უთანასწორობასა და ქალების მიმართ დამოკიდებულებაზე.”

იმ მიზეზებს, რომლებიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას უშლის ხელს საქართველოში და რომლებიც კონფერენციაზეც დასახელდა, კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი არ ეთანხმება. არ ეთანხმება, მაგალითად, იმას, რომ ქალთა სოლიდარობა არ არსებობს, რომ პოლიტიკური პარტიები სათანადოდ ვერ განვითარდნენ და ა.შ. ციხისთავი ფიქრობს, რომ ეს სტერეოტიპული მიდგომებია, რომლებიც უნდა შეიცვალოს:

”მე მიმაჩნია, რომ ასეთი მშვიდი საუბარი იმაზე, რომ რაღაცები გაკეთდა, არის წინგადადგმული ნაბიჯები და შედეგიც გამოჩნდა, ჩემთვის მიუღებელია, რადგან ვერ ვხედავ საფუძველს ვილაპარაკოთ, რომ საქართველოში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის და თანაბარი მონაწილეობის მხრივ რამე წარმატება არსებობს.”

ნინო ციხისთავი ასევე შენიშნავს, რომ მთავარი პრობლემა, რის გამოც, მიუხედავად ათწლიანი მცდელობისა, საქართველოში ქალთა როლი სათანადოდ ვერ გამოიკვეთა, პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს, და ამის დასტურად მას მოჰყავს ის კანონები, რომლებიც, მისი აზრით, პირდაპირ არღვევს ქალთა უფლებებს, იქნება ეს შრომის კოდექსი თუ ნეიტრალური ხასიათის კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ. ციხისთავის ერთ-ერთი ინიციატივა ქალთა წასახალისებლად პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას გულისხმობს:

ნინო ციხისთავი
”ჩვენი მიდგომაა, რომ დავაკანონოთ საქართველოში ქალებისათვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მხარდასაჭერად, სპეციალური მხარდასაჭერი ზომები, რომელიც ასახული იქნება პოლიტიკური პარტიების მიმართ დაფინანსების მიდგომაში. ვგულიხმობ როგორც პირდაპირ, ისე ირიბ დაფინანსებას.”

მიზეზი, რის გამოც ზემოთ ნახსენებ გეგმაზე ხელის მოწერა ხდება საჭირო და, საერთოდ, რის გამოც ქალების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ციხისთავის აზრით, ძალიან მარტივია:

”დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შიში იმისა, რომ მამაკაცური პოლიტიკა, რომელიც ძმაკაცურ გადალაპარაკებებსა და მოლაპარაკებებზეა ორიენტირებული და კუნთებზე ორიენტირებული, დამარცხდება, თუ ქალთა მონაწილეობა გაიზრდება და მარტივ მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ის, რომ თუ პარლამენტში ნახევარი ქალი იქნება და ნახევარი მამაკაცი დეპუტატი, მაშინ ასე ადვილად თავდაცვის ბიუჯეტი ვერ გაიზრდება და მეტი ყურადღება ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროს ან განათლებას დაეთმობა.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG