Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კატინთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი საჯარო გახადა


რუსეთის სახელმწიფო არქივმა ინტერნეტში გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით პოლონელის დახოცვას საბჭოთა ძალების მიერ. სახელმწიფო არქივი - „როსარხივი“ - გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ დოკუმენტები პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ბრძანებით გამოქვეყნდა. 1940 წლის აპრილსა და მაისში სტალინის საიდუმლო პოლიციამ კატინსა და დასავლეთ რუსეთის სხვა ადგილებში დაახლოებით 22,000 პოლონელი ოფიცერი და ინტელექტუალი დახოცა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ წლების წინ მოეხსნა და მათი შინაარსი უკვე დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ ამ დრომდე დოკუმენტების ორიგინალების ნახვა მხოლოდ სპეციალისტებს და მკვლევრებს შეეძლოთ. კატინთან დაკავშირებულ დოკუმენტაციის ნაწილს კვლავაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. პოლონეთი რუსეთს ყველა დოკუმენტის გამოქვეყნებას უკვე დიდი ხანია სთხოვს.
XS
SM
MD
LG