Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლორინ მაზელი – დირიჟორი და ადამიანი


ლორინ მაზელი - დირიჟორი, მევიოლინე და კომპოზიტორი
ლორინ მაზელი - დირიჟორი, მევიოლინე და კომპოზიტორი
დღეს მინდა გიამბოთ ცნობილ მუსიკოსზე, რომელსაც გასულ თვეში 80 წელი შეუსრულდა. ეს გახლავთ ლორინ მაზელი, ბოლო დრომდე ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელი, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად უცერემონიოდ გააძევეს ამ პოსტიდან.

მისმა შემცვლელმა, ალან გილბერტმა, ჯერჯერობით ვერ მიაღწია მაზელის ხელოვნების მასშტაბსა და სიმაღლეს. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი სიუჟეტის გმირი ძალზე საინტერესო ფიგურაა - მსმენელს, პირველ რიგში, მისი უმაღლესი პროფესიონალიზმი იზიდავს. იმავდროულად, მაესტრო ხშირად ისე ეპყრობა ორკესტრს, როგორც ბავშვი სათამაშოს – დაავლებს ხელს და იწყებს მის მტვრევას.

ცნობილი დირიჟორი, მევიოლინე და კომპოზიტორი ლორინ მაზელი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ნეი-სიურ-სენში, ებრაულ-ამერიკულ ოჯახში, 1930 წლის 6 მარტს. გაიზარდა კი შეერთებულ შტატებში. მისი პაპა, ისააკი, ”მეტროპოლიტენ-ოპერის” ორკესტრის მევიოლინე იყო. დედამ, მარია ბარნეტ მაზელმა, დააარსა პიტსბურგის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ლორინის მამამ, ლინკოლნმა, ცნობილ ჰოლივუდელ კინორეჟისორ ჯორჯ რომეროს საშინელებათა ფილმში ითამაშა.

ბიჭუნა ნამდვილი ვუნდერკინდი იყო და თავისი პირველი მუსიკალური გაკვეთილი შვიდი წლის ასაკში მიიღო. თერთმეტი წლის ლორინმა უკვე რადიოში უდირიჟორა NBC-ს სიმფონიურ ორკესტრს, ხოლო მაზელის, როგორც მევიოლინის, დებიუტი თხუთმეტი წლის ასაკში შედგა.

მოგვიანებით ის სწავლობდა პიტსბურგის უნივერსიტეტში და, საბოლოო ჯამში, ჩინებული მუსიკალური განათლება მიიღო. თავისი კარიერის მანძილზე მაზელი მრავალ ცნობილ ორკესტრს დირიჟორობდა, რომელთა შორის იყო გერმანული ოპერის, ბერლინის რადიოს, ვენის ოპერის ორკესტრები.

1972 წელს ლორინი კლივლენდის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. ორკესტრთან ერთად მან ჯორჯ გერშვინის ოპერა “პორგი და ბესის” პირველი სტერეოჩანაწერი განახორციელა, რომელშიც, გუნდის გარდა, მხოლოდ აფროამერიკელი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ნიუ-იორკის ფილარმონიკულ ორკესტრამდე მაზელი შვიდი წლის მანძილზე ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო. სწორედ “ნიუ-იორკ ფილარმონიკთან” ერთად გამართა მან ტრიუმფალური ისტორიული გასტროლები ფხენიანში, სადაც უდირიჟორა დვორჟაკის მეცხრე სიმფონიას, ჯორჯ გერშვინის “ამერიკელს პარიზში” და კორეულ ხალხურ სიმღერას “არირანი”.

მაზელის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ოპერა ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის, “ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი წლის”, სიუჟეტზე. როცა ლორინი დირიჟორობს, თითქმის ფიზიკურად გრძნობ, თუ როგორ “ღუნავს” და “კეცავს” ის თავისი საოცარი დირიჟორული ტექნიკით ორკესტრს.

მაზელის ხელმძღვანელობით ნებისმიერი ორკესტრი სასწაულებს ახდენდა და ნიუ-იორკელი მუსიკოსებიც ახერხებდნენ ამას. არადა, ორკესტრანტები, როგორც წესი, საკმაოდ სკეპტიკური, ცინიკური, ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანები არიან.

ცხოვრებაში მაზელი ძალზე საინტერესო და ექსცენტრიული ადამიანია. მას ვირჯინიის შტატში 550 აკრის ფართობის მამული აქვს და იქ თავისუფლად დასეირნობენ სირაქლემები, აქლემი და ზებრა. იქვე მაზელმა ააშენა საკუთარი 130-ადგილიანი საოპერო თეატრი. მაზელის მამულში დგას აგრეთვე ცვილისგან დამზადებული, ადამიანის სიმაღლის, ბახის და ჩაიკოვსკის ქანდაკებები.
XS
SM
MD
LG