Accessibility links

logo-print
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საუბნო საარჩევნო კომისიებმა უბნებში მუშაობა უკვე დაიწყეს. სპეციალური საკანონმდებლო განკარგულების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე ოპოზიციის წარმომადგენლის არჩევა უნდა მომხდარიყო. გორში არჩევნები უკვე ჩატარდა.

მდივნების უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატებიდან და პაატა დავითაიას მოძრაობიდან ”ჩვენ თვითონ” აირჩიეს. არჩევნებამდე ამ მოძრაობას გორში ოფისი არ ჰქონია. გორში არც ის იციან, ვინ არიან ამ მოძრაობის წევრები. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ისინი არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად გამოდიან.

ირაკლი ალასანიას ”ალიანსის” წარმომადგენლები მხოლოდ ორ უბანზე აირჩიეს. ალიანსის ლიდერი დავით რაზმაძე ამის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის სასურველი კადრები გაიყვანა ამ თანამდებობებზე.

საარჩევნო უბნებში მდივნის თანამდებობა ეროვნული საბჭოს არცერთი წარმომადგენლისთვის არ გაიმეტეს, როგორც ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ჯემალ წიკლაური აცხადებს, მათთვის არჩევნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია გვიან გახდა ცნობილი, ამიტომ უბნებზე ეროვნული საბჭოს წევრები ან დაგვიანებით ან საერთოდ ვერ გამოცხადდნენ.

საუბნო კომისიებში მდივნების არჩევნებით ყველაზე მეტად კმაყოფილები ქრისტიან-დემოკრატები დარჩნენ, მათი ლიდერის ზურაბ როსებაშვილის ინფორმაციით, 107 საარჩევნო უბნიდან 57-ში მათი წარმომადგენელი იქნება კომისიის მდივანი.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ხორბალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების პრეტენზიებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ მდივნების არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდა და მასში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ალიანსი და ეროვნული საბჭო მდივნების არჩევნებს, ნაციონალური მოძრაობის მიერ მისთვის სასურველი კადრების დანიშვნად მიიჩნევს. მათი აზრით, ადგილზე მმართველი პარტია ”ქრისტიან-დემოკრატები” და ”ჩვენ თვითონ” შეთანხმებულად მოქმედებენ.
XS
SM
MD
LG