Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია კახეთში


გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში ღვარცოფული მდინარეების წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია, ზოგიერთ რაიონში კი ადიდებულმა წყალმა დამცავი ჯებირები უკვე გაარღვია და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზია დაზარალებული. აქ სანიაღვრე არხებიდან მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა, დახოცილია შინაური ფრინველი.

მეწყერი ჩამოწვა საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში. ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, 3 ოჯახი დაზარალდა. მათი სახლები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. უსახლკაროდ დარჩენილი კუზანაშვილების, ოტიაშვილების და დოღონიძეების ოჯახები თავს მეზობლებთან აფარებენ. მანავში ჩავიდნენ გეოლოგები და ტერიტორია შეისწავლეს. მათი დასკვნით, შემდგომი გართულებები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. მეწყერი ჩამოწვა გომბორი-თბილისის გზაზეც, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეფერხდა.

წვიმების შედეგად, ადიდდა მდინარე ალაზანიც. გადმოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხი-აფენი-გურჯაანის ავტომაგისტრალი დატბორა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა ამ მიმართულებითაც პარალიზებული იყო.

მოვარდნილმა წყალმა მთლიანად დაანგრია წყლის სათავე ნაგებობა თელავის რაიონის სოფელ შალაურში, რის გამოც 300-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. წყალდიდობით გამოწვეული პრობლემების შედეგად, ლაგოდეხის, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება.

Kკახეთის გუბერნატორის გიორგი ღვნიაშვილის განცხადებით, ყველა საცხოვრებელ სახლში, რომელიც დაიტბორა, წყლის ამოტუმბვა სპეციალური ტექნიკით ხორციელდება. რაც შეეხება მდინარეებს, გუბერნატორის განცხადებით, სამუშაოები გამოდარების შემდეგ დაიწყება.

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

სტიქიის შედეგად რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიში რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრს თელავში, მთავრობის გასვლით სხდომაზე, გააცნო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონს, დახმარების სახით, 130 მილიონი ლარი გამოეყოფა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG