Accessibility links

logo-print
ოკუპირებული გალის რაიონის სკოლის მასწავლებლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. ერთ-ერთი სოფლის სკოლის პედაგოგმა რადიო თავისუფლებას შეატყობინა, რომ ხელფასი, რომელსაც მათ საქართველოს განათლების სამინისტრო კვარტალში ერთხელ უხდის, ხუთი თვეა არ მიუღიათ. რესპონდენტის ცნობით, გალის რაიონის რესურსცენტრში, რომელიც ზუგდიდშია, ხელფასის დაგვიანების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის, საბანკო ხელშეკრულებების გაფომებას, რომელიც პედაგოგებს წესრიგში აქვთ.

”ბოლო ხელფასი მოგვცეს 2009 წლის ნოემბერში და მაშინ გვითხრეს, ეს საახალწლო საჩუქარიაო. კი გავიკვირვეთ, რადგან ახალ წლამდე ერთი თვე იყო დარჩენილი. არ გვეგონა, რომ ასე მოხდებოდა. მოთმინების ფიალა აგვევსო. ხუთი თვეა არ მიგვიღია კუთვნილი ხელფასი. ჩვენ კონფლიქტის ზონაში შიშით გვიწევს მუშაობა. გვითხრან ვერ მოგცემთ ხელფასსო და სხვანაირად მოვიქცევით”, - ამბობს პედაგოგი.

პედაგოგის მიერ დასახელებული მიზეზები ჩამოუთვალეს რადიო თავისუფლებას გალის რესურსცენტრში. მისი ხელმძღვანელის ნონა შონიას განცხადებით, მასწავლებლები კუთვნილ ხელფასებს აპრილის ბოლოს მიიღებენ. ”საბანკო ოპერაციები დაგვიანდა და ხელფასების გაცემა ამიტომ ვერ შევძელით დროზე. პედაგოგებმა 2009 წლის ბოლოს სრულად მიიღეს ხელფასები. ეს პირვლი შემთხვევაა, როცა მათზე ხელფასების გაცემა დაგვიანდა. დღედღეზე ველოდებით ჩარიცხვას და პედაგოგების გამოძახებას დავიწყებთ”, - აცხადებს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია.

თავის მხრივ, ოკუპირებულ რეგიონში მომუშავე მასწავლებლები ფიქრობენ, რომ მათ 2010 წლიდან ხელფასებს არ მისცემენ. ასეთ შემთხვევაში, როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტი იტყობინება, პედაგოგები თბილისში ჩასვლას და განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ცნობისთვის: ოკუპირებულ გალის რაიონში სულ 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 700 პედაგოგი მუშაობს.
XS
SM
MD
LG