Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინის მათრახი და მანდილი


ჰაიდი ტალიავინი
ჰაიდი ტალიავინი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ორსაათიანი დებატების შემდეგ, საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვა და ახალი რეზოლუციის შემუშავება საშემოდგომო სესიისათვის გადაიდო. მანამდე კი ასამბლეაზე მოხსნებით გამოვიდა ჰაიდი ტალიავინი, ევროკავშირის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო საქართველოც დაადანაშაულა და რუსეთიც, თუმცა ორივე ქვეყნის დელეგაცია ტალიავინის მოხსენებით და შემდგომ გამართული კამათით, მთლიანობაში, კმაყოფილი დარჩა.

ელჩი ტალიავინი თითქოს გრძნობდა როგორი იქნებოდა რეაქცია მის მოხსენებაზე და ამიტომ წინასწარვე განაცხადა, რომ კომისია არ აპირებს “რომელიმე მხარეს დააკისროს პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო.” ამის შემდეგ ჰაიდი ტალიავინიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გააცნო 1150-გვერდიანი დასკვნის ძირითადი დებულებები, რაც, მისი აზრით, ყოველმხრივ “გადამოწმებული, დასაბუთებული და ეჭვგარეშეა”:

„მისიის აზრით, ომი საქართველოს ქმედებამ გამოიწვია 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალზე მძიმე არტილერიით იერიშის მიტანით. საქართველოს ხელისუფლების არც ერთი განმარტება, რომელიც მან წარმოადგინა იერიშის რაიმე ფორმით, სამართლებრივი თვალსაზრისით გასამართლებლად, არ იყო დამაჯერებელი განმარტება. კერძოდ, რამდენადაც მისიისათვის არის ცნობილი, არ მიმდინარეობდა რუსეთის მასობრივი სამხედრო ინტერვენცია, რომელიც უნდა შეჩერებულიყო საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალისთვის სროლისას“.

ომი საქართველომ დაიწყო
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “საქართველო-რუსეთის ომის გამომწვევი ფაქტების დამდგენი კომისიის” თავმჯდომარე შემდეგ გადავიდა რუსეთის პასუხისმგებლობაზე და აგვისტოს ომის წინა პერიოდი აღწერა: სამხედრო პროვოკაციები რუსეთის მხრიდან, სეპარატისტების მხარდაჭერა, რუსული პასპორტების დარიგება და, სულ ბოლოს, გადაჭარბებული სამხედრო ძალით საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა.

„მართალია, საკუთრივ ომის დაწყებისთვის პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეს უნდა დაეკისროს, რუსეთის მხარეც დამნაშავეა საერთაშორისო სამართლის მრავალგზის დარღვევაში. ამ დარღვევებს შორისაა - ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდეც კი - რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევის თვალსაზრისით, ამ დარღვევებს შორის არის, აგრეთვე, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საგრძნობლად გასცდა ცხინვალში მყოფი და საქართველოს იერიშის ქვეშ მოქცეული რუსეთის სამშვიდობო შენაერთების დაცვის აუცილებელ პროპორციას,“ განაცხადა ტალიავინიმ.

ჰაიდი ტალიავინის მოხსენებას მოჰყვა კამათი, რომლის მონაწილეები ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეს მადლობას უხდიდნენ "ბრწყინვალე, დაბალანსებული და ამომწურავი" ანგარიშისათვის; ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებასაც, რომ ევროკავშირის არსებობის განმავლობაში ომის მიზეზების გამომწვევი გარემოებებისა და ფაქტების კომისია პირველად შეიქმნა. ჰაიდი ტალიავინის მისამართით ქების სიტყვებს არ იშურებდნენ ქართველი დეპუტატებიც, რომლებიც ყველაფერში ეთანხმებიან დასკვნას, გარდა ერთისა. როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ის, თუ რომელ წუთს და რომელ საათს დაერქმევა ომის დაწყება, მხოლოდ პოლიტიკური შეფასების საქმეა:

„მთავარი არგუმენტი არის ის, რაზეც თვითონაც საუბრობს, რომ არ იყო საკმარისი ჯარები, თუ არასაკმარისი - როდესაც შენს ტერიტორიაზე შემოჭრილია რაღაც რაოდენობა ჯარები, ეს უკვე არის დაპყრობის დასაწყისი, ხო? შემოიჭრნენ შენს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარები. ეს არ არის ომი? ჩემი აზრით, ეს ომია!“

ჰაიდი ტალიავინის მოხსნებით კმაყოფილია რუსეთის დელეგაცია. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, მთელი ევროპა ერთსულოვანია იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. ამის გააზრება, რუსი დეპუტატის აზრით, მას აძლევს იმის იმედის, რომ ევროსაბჭო მომავალში უარს იტყვის "უნაშთო თამაშის" პრინციპზე, რასაც აქამდე საპარლამენტო ასამბლეა ეწეოდა:

„ქალბატონი ტალიავინის საქმიანობისაგან განსხვავებით, მომხსენებლებმა ჩვენს ასამბლეას ტრიბუნალის ფუნქცია შესთავაზეს. ისინი შეეცადნენ მომხდარში მხოლოდდამხოლოდ რუსეთის დადანაშაულებას - თუ ყველა წინა ვერსიას გადავხედავთ, და ამით ჩვენი დისკუსია შეიყვანეს ჩიხში, საიდანაც, იმედი მაქვს, რომ გამოსვლას დავიწყებთ დღევანდელი განხილვის შემდეგ.“

დისკუსიის შემდეგ სიტყვა კვლავ გადაეცა ჰაიდი ტალიავინის, რომელმაც გაიმეორა, რომ ევროკავშირის კომისიის ანგარიში არ არის საგამოძიებო აქტი ან საბრალდებო დასკვნა, რომელიც რომელიმე მხარის დადანაშაულებას გულისხმობს. არასწორი ნაბიჯი ორივე მხარემ გადადგა, ომის შედეგებით კი ყველა მხარე - მათ შორის, ევროპაც - აღმოჩნდა წაგებულიო.

„ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონფლიქტში გამარჯვებული არავინაა. ყველამ წააგო. ეს ეხება არა მარტო იმათ, ვინც სიცოცხლე, და ქონება დაკარგა - ეს ეხება იმედებსა და სამომავლო პერსპექტივებსაც. ვითარება კონფლიქტურ რეგიონში კვლავაც დაძაბულია. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისე ცუდი, როგორც ახლა. და წაგებულებს შორისაა საერთაშორისო თანამეგობრობაც,“ თქვა ტაიავინიმ.

ამით საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დასრულდა. ამჯერად ახალი რეზოლუცია მიღებული არ ყოფილა, ორი თანამომხსენებელის - მათიას ეორშისა და დევიდ უილშირის - ურთიერთგამომრიცხავი ანგარიშების გამო. მაისში, საქართველო-რუსეთის ომის საკითხებზე ორივე თანამომხსენებელს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მათ ადგილს სხვა თანამომხსენებლები დაიკავებენ. შემოდგომაზე კი, ალბათ, მომზადდება ახალი, როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი იმედოვნებს, “უფრო პრინციპული რეზოლუცია”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG