Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის საქართველოსთვის ფრანგული ”მისტრალის” სევასტოპოლში განთავსება


ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრანგეთისგან შეძენილი პირველივე ”მისტრალის” განთავსებას, სავარაუდოდ, სევასტოპოლში აპირებს, რუსეთის მედიამ ჯერ კიდევ მანამდე გაავრცელა, ვიდრე კიევი და მოსკოვი ბევრისთვის სადავო ახალ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ. საუბარია 27 აპრილს რუსეთის დუმაში - ზარ-ზეიმით, ხოლო უკრაინის რადაში შეხლა-შემოხლისა და კვერცხების წვიმის თანხლებით რატიფიცირებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში დარჩენის უფლება 2042 წლამდე გაუხანგრძლივდა. რა დამატებით საფრთხეს შექმნის ”მისტრალით” აღჭურვილი რუსეთი შავ ზღვაზე და რამდენად უკავშირდება მისი მიზნები საქართველოს?

”რუსეთი სევასტოპოლის გარეშე ხეიბარია - ხელის, ფეხისა და ტვინის გარეშე”, - შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდლის, ადმირალ ვლადიმირ კომოიედოვის ამ სიტყვებს რამდენიმე დღის წინ აქტიურად ავრცელებდნენ რუსეთის მედიასაშუალებები. ეკონომიკური ფაქტორის მიუხედავად, ადმირალი აუცილებლად მიიჩნევს სევასტოპოლის სამხედრო ბაზის ისე გაძლერებას, რომ მან დაიტიოს 100 გემი და 25 ათასი ერთეულით განსაზღვრული პირადი შემადგენლობა. მართალია, უზარმაზარი დანახარჯის ფასად შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში დატოვებას რუსეთში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, მაგრამ მაინც აშკარად დომინირებს კმაყოფილების განცდა და სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელების იმედი. რა მიზანი ამოძრავებს რუსეთს? - ამ შეკითხვასთან მიმართებით რუსი ექსპერტები ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებით ლაპარაკობენ და სწორედ ამ ვარაუდების შესაბამისად ხედავენ ისინი შავი ზღვის ფლოტის რეაბილიტაციისა და შევსების პერსპექტივებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოც განიხილება და ეს კარგად ჩანს რუსი ექსპერტის ალექსანდრ კონოვალოვის კომენტარიდანაც, რომელიც 27 აპრილს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” სტუდიაში სტუმრობისას გაკეთდა:

”თუკი ჩვენ ვაპირებთ, რომ სევასტოპოლი განვიხილოთ ბაზად, საიდანაც უნდა შევებრძოლოთ ისეთ მსხვილ მოწინააღმდეგეს, როგორიც საქართველოა, მაშინ ფლოტის სხვა შემადგენლობა გვჭირდება. იქ ჩვენ, სხვათა შორის, სამხედრო ამოცანაც გვაქვს. რადგანაც ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა (ახლა აღარ განვსჯი - სწორად მოვიქეცით თუ არა... ჩვენ ეს გავაკეთეთ...), ჩვენ კისრად ვიღეთ საქართველოს საზღვაო საზღვრის დაცვა. ამიტომ შესაბამისი ხომალდები გვჭირდება. ფლოტის შემადგენლობა თანამედროვე დონეს უნდა შეესაბამებოდეს. რაც ახლა დგას იქ, საერთოდ არაფერს შეესაბამება.”

ფლოტს, რომელიც, ექსპერტების აზრით, ამჟამად მართლაც სავალალო მდგომარეობაშია, სამომავლოდ, სავარაუდოდ, ფრანგული ვერტმფრენმზიდი ”მისტრალი” დაამშვენებს. ამგვარი განცხადების ერთ-ერთ წყაროდ რუსეთის მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენელს იგორ კოროტჩენკოს ასახელებს. მისი თქმით, შესაძლოა სწორედ სევასტოპოლისკენ გასწიოს საფრანგეთისგან შესყიდულმა პირველივე ხომალდმა. აქვე გავიხსენოთ, რომ პარიზსა და მოსკოვს შორის უკვე არსებობს პრინციპული თანხმობა „მისტრალის“ ტიპის 4 ხომალდის შესყიდვასთან დაკავშირებით. ხელშეკრულება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აქედან რამდენს შეიძენს რუსეთი მზა სახით და რამდენს ააშენებს თავად, სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე.

როდესაც ”მისტრალის” სამხედრო შესაძლებლობების შეფასებას ცდილობენ, ანალიტიკოსები ხშირად იხსენებენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ნათქვამ სიტყვებს: საქართველოსთან კონფლიქტის დროს „მისტრალის“ ტიპის გემი რომ გვქონოდა, შავი ზღვის ფლოტი თავის ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და საჭირო აღარ იქნებოდა 26 საათიო.

თუკი რუსეთი სუპერთანამედროვე სამხედრო ხომალდს მართლაც შეიყვანს შავ ზღვაში, ეს საფრთხეს გაზრდის შავი ზღვის აუზის ყველა სახელმწიფოსთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც, - მიაჩნია ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილს:

”ეს დაახლოებით ისეა, რით მოგდევს მტერი - მოგდევს ფეხით, ცხენით თუ მოგდევს ”ფერარის” მარკის ავტომობილით... ანუ რაც უფრო გაუმჯობესებული აქვს ჩვენს ოპონენტს და მოწინააღმდეგეს სამხედრო, ტექნიკური, ტაქტიკური თუ ოპერატიული შესაძლებლობები, მით უფრო მეტი საფრთხის შემცველია ეს ყველასთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის...”

ბესიკ ალადაშვილისგან განსხვავებით, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც თვლის, რომ საქართველოსთვის თანაბრად საშიშია რუსეთი - იქნება ის „მისტრალით“ აღჭურვილი თუ არა. თუმცა სესიაშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ რუსეთი შავ ზღვაში „მისტრალის“ შეყვანას ვერ მოახერხებს, რადგანაც ამას არ დაუშვებს თურქეთი.

”არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თურქეთს ექსკლუზიური უფლება აქვს გაატაროს სხვადასხვა ტიპის საზღვაო საშუალებები ბოსფორის სრუტეში... თურქეთი არ დაუშვებს „მისტრალის“ შეყვანას შავ ზღვაში. მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი, ისევე როგორც ბულგარეთი და რუმინეთი... თუკი თურქეთს აქვს საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისგან თავი დაიცვას, ამ შემთხვევაში მას კოლექტიური პასუხისმგებლობა აქვს რუმინეთისა და ბულგარეთის მიმართ”, - უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ამ გეოგრაფიული - და არამხოლოდ გეოგრაფიული - ფაქტორებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსების ერთ ნაწილს არ უკვირს ნატოს სიმშვიდე, რომელსაც ის რუსეთ-საფრანგეთის სამხედრო გარიგებასთან მიმართებით იჩენს. თუმცა ექსპერტთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის მიზნები, დიდწილად, სწორედ ნატოს წინააღმდეგ არის მიმართული და რომ ალიანსს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG