Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 აპრილი 2010

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული გაზეთების უმეტესობა უკრაინის პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ამის შესახებ სტატიებს ”რეზონანსის” და ”24 საათის” პირველ გვერდებზე ნახავთ. აქვე ნახავთ ქართველი ექსპერტების კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს მოვლენები. ქართველ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ. რომ მოვლენებს რაიმე განვითარება მოჰყვეს. რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსს“ უთხრა, უკრაინა ბოლო ხანებში არაპროგნოზირებად ქვეყნად ჩამოყალიბდა, ასე რომ, რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ რადამ მაინც მოახერხა რატიფიცირება, მიუხედავად წინააღმდგობისაო. დემურ გიორხელიძემ კი თქვა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესია და ამ ფონზე რაღაც განსაკუთრებული რყევები სასურველი არ არისო”.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტის შესახებ, რომლის მიღებაც პარლამენტმა საარჩევნო რეჟიმში გადასვლამდე ვერ მოასწრო. გაზეთი ჰყვება ამ კანონპროექტის ისტორიას, რომ თავიდან ის ”ქრისტიან-დემოკრატებმა” მოითხოვეს, რათა აჭარის რეგიონალურ ტელევიზიას დახმარებოდნენ, შემდეგ კი კანონპროექტში ცენტრალური ტელევიზიებიც დაამატეს. ქრისტიან- დემოკრატები, გაზეთის ცნობით, კანონპროექტს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. ”ამ კანონპროექტში წერია, რომ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ვიღაცას შეიძლება მწვანე შუქი აუნთონ და უთხრან, რომ გადასახადები არ გადაიხადონ, მერე კი ამ გადაუხდელ გადასახადებს აპატიებენო”, - უთხრა ლევან ვეფხვაძემ ”რეზონანსს”.

დღევანდელმა გაზეთებმა ასევე ფართოდ გააშუქეს გიგი უგულავას წინასაარჩევნო კამპანია. ”ახალი თაობა” სტატიას ამ თემაზე ასე ასათაურებს: ”გიგი გამოძახებით! უგულავას შოუ დაიწყო”. ”30 მაისამდე დიდი შანსია, მკითხველო, რომ გიგი უგულავა თქვენს ოჯახშიც დილის ქარივით შემოიჭრას”, - წერს ავტორი და განაგრძობს: ”გუშინ ნაციონალების კანდიდატი ერის წინაშე ყასბის, ხაბაზის, ფარმაცევტისა და დამლაგებლის ამპლუაში წარდგა. ნაციონალების რჩეული ამ მიმართულებით ოპოზიციას კიდევ ბევრ სალაპარაკოს მისცემს, თუ, რასაკვირველია, ბოროტმა ოპოზიციონერებმა თავადაც არ დაიწყეს ამგვარი საარჩევნო ეშმაკობებიო”, - წერს „ახალი თაობა“.

და, კიდევ ერთხელ რომ მივუბრუნდეთ უკრაინას, ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კიევში კრიმინალური ავტორიტეტის, მეტსახელად ”დედ ჰასანის”, დაპატიმრებაც მოექცა. ”24 საათი” ამ ამბავს სულაც პირველ გვერდზე აქვეყნებს. აქ წაიკითხავთ თბილისელი იეზიდი ქურდის ამბავს, მათ შორის, ისტორიებს მის დაპირისპირებაზე სხვა ქურდებთან - რუდოლფ ოგანოვთან და შემდეგ - ტარიელ ონიანთან.
XS
SM
MD
LG