Accessibility links

logo-print
ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ”ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა მორიგი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად. ანგარიში, სახელწოდებით ”პრესის თავისუფლება 2010”, ასახავს მსოფლიოს 196 ქვეყნის მდგომარეობას, 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. ზოგადი სურათის მიხედვით, კვლავაც შეინიშნება გაუარესების ტენდენცია, რომელიც უკვე 8 წელიწადს ითვლის. საქართველო, ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის მიხედვით, მართალია, ერთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ ის მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ ”ნაწილობრივ” არის თავისუფალი.

ვიდრე მეტს ვიტყოდეთ ანგარიშში ასახული ზოგიერთი კონკრეტული მონაცემის შესახებ, მოკლედ განვმარტოთ ”ფრიდომ ჰაუსის” კვლევის მეთოდოლოგია. ის ეყრდნობა შეფასებას სამი კატეგორიის მიხედვით. ესენია: საკანონმდებლო გარემო, პოლიტიკური გარემო და ეკონომიკური გარემო. ამ სამ კატეგორიაში ერთიანდება არაერთი შეკითხვა და სწორედ მათზე გაცემული პასუხებით განსაზღვრავს კვლევა ამა თუ იმ ქვეყნის რეიტინგს მედიის თავისუფლების ჭრილში. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დგინდება, მაგალითად, არსებობს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში საკანონმდებლო ბარიერები თუ წნეხი ჟურნალისტებსა თუ მედიასაშუალებებზე; რამდენად გამჭვირვალეა მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობის დადგენის პროცესი და რამდენად ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა გავლენას ახალი მედიასაშუალებების ამოქმედებასა თუ მათი მუშაობის მდგრადობაზე. რეიტინგის მიხედვით, ქვეყნები სამ ჯგუფში ერთიანდებიან. ესენია: ”თავისუფალი”, ”ნაწილობრივ თავისუფალი” და ”არათავისუფალი”. რაც უფრო უახლოვდება ამა თუ იმ ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა ნულს, მით მაღალია მისი რეიტინგი.

როგორც უკვე ვთქვით, გასული წლის ანალიზმა ”ფრიდომ ჰაუსს” ისედაც არასახარბიელო საერთო სურათის კიდევ უფრო გაუარესება უჩვენა. 196 ქვეყნიდან ”თავისუფალთა” კეტეგორიაში ვითვლით 69-ს; ”ნაწილობრივ თავისუფალთა” კატეგორიაში 64, ხოლო ”არათავისუფალთა” კატეგორიაში 63 ქვეყანა ერთიანდება.

ყველაზე კარგი მდგომარეობაა ოთხეულში, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვეციის შემადგენლობით. ამ ქვეყნებში პრესის თავისუფლებისთვის მინიჭებული ქულა 10-ს შეადგენს. ყველაზე უარესი რეიტინგით, 99 ქულით, წარმოდგენილია ჩრდილოეთ კორეა. ამ ქვეყნის გარდა, იმ 10 ქვეყანას შორის, სადაც პრესის თავისუფლების თვალსაზრისით ყველაზე უარესი მდგომარეობაა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამი სახელმწიფო მოხვდა: ბელორუსია, თურქმენეთი და უზბეკეთი.

81 ქულით ”არათავისუფალთა” ნუსხაშია რუსეთი, სადაც მდგომარეობის გაუარესება შეინიშნება. ამავე კატეგორიაშია ყოფილი საჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიც (ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, უკრაინისა და საქართველოს გარდა).

რაც შეეხება საქართველოს, ის უკრაინასთან ერთად, ადგილს გასული წლის კატეგორიაში ინარჩუნებს. აი, რას ამბობს „ფრიდომ ჰაუსის" კვლევის ხელმძღვანელი ქრისტოფერ უოკერი:

”საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ბოლო წლებში სტაბილურ ვარდნას განიცდიდა, ჩვენი დაკვირვებით. ზოგადად ეს შეეხება ნაკლებ სამოქმედო სივრცეს და წნეხს მედიის გარკვეულ სფეროებზე, მაგრამ საქართველო ერთ-ერთია იმ ორი ქვეყნიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში (ბალტიისპირეთის გარდა), რომლებიც კვლავაც რჩებიან ”ნაწილობრივ თავისუფალთა” კატეგორიაში.”

მართალია, საქართველო წელს ერთი ქულით დაწინაურდა ”ნახევრად თავისუფალთა” კატეგორიის გარგლებში და 59 ქულით 126 ადგილი დაიკავა, მაგრამ ამან გავლენა მაინც ვერ მოახდინა საერთო შედეგზე.

მედიის თავისუფლებასთან მიმართებით გაუმჯობესებას ვერ ხედავს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მისი დაკვირვებით, საქართველოში ძირითად პრობლემას არა საკანონმდებლო ბაზა, არამედ კანონების აღსრულება წარმოადგენს. ყველაზე მწვავე პრობლემების ნუსხაში ქორიძე მოიხსენიებს პრობლემებს ცენზურასა და მედიამფლობელების ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით. აქვეა ”ფინანსური დინებების” საკითხი, რაც მედიაზე ზეგავლენის კონტექსტში განიხილება.

”ამ საკითხთან მიმართებით არ იგულისხმება მხოლოდ ელექტრონული მედია, ანუ ის ტელევიზიები, რომლებსაც მთავრობის კონტროლი ეტყობა, არამედ ზუსტადაც - მთელი მედია. გამჭვირვალობის საკმაოდ დაბალი ხარისხი აქვს ქართულ მედიაში ფინანსების შემოდინებას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ.

მედიაექსპერტების მიერ ხშირად გამოთქმული მსგავსი შეფასებების მიუხედავად, შეერთებულ შტატებში მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მილკენის ინსტიტუტში 27 აპრილს სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მედიასაშუალებების მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს ”სრული სისულელე უწოდა.”
XS
SM
MD
LG