Accessibility links

logo-print
”ალიანსი საქართველოსთვის” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის ბრძოლას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის გარეშე იწყებს. სოზარ სუბარი, პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების მიღწევის იმედით, საარჩევნო მარათონს ეთიშება. არჩევნებში გამარჯვებისა და საკრებულოში უმრავლესობით გასვლის შემთხვევაში, „ალიანსი“ საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობას სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან ერთად გადაწყვეტს.

”ალიანსს საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სოზარ სუბარის კანდიდატურა ვინმეს სასარგებლოდ არ მოუხსნია. კანდიდატურის მოხსნით, მან ეგრეთ წოდებული პოლიტიკური სიხისტის მოხსნა სცადა, ანუ გაანეიტრალა ის, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო მინიმუმ 26 კაციანი ერთობის შექმნას გაართულებდა.

”მე ვრჩები ჩემი წინადადების და ჩემი შეთავაზების ერთგული და „ალიანსი“ რჩება თავისი შეთავაზების ერთგული, რომ გამარჯვების ფორმულა არის სწორედ შეთანხმებებში. ამიტომაც ის შეთავაზება, რაც გავაკეთეთ, გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ შეთავაზებად, ღიად. შესაბამისად, მე არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ვრჩები ძალიან აქტიურ პოზიციებზე, ამ ბრძოლის წინა ხაზზე ყველგან”, - აღნიშნა სოზარ სუბარმა 29 აპრილს ”ალიანსი საქართველოსთვის” საარჩევნო სიის პრეზენტაციის ცერემონიალზე.

სია 64 კაცით დაკომპლექტდა, სიის სათავეში რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ ”ალიანსის“ მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის ვაკანტურად დატოვება 2 მოცემულობის გათვალისწინებით მოხდა. ესენია „ალიანსის“ უმრავლესობით გამარჯვება ან ოპოზიციის მიერ უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა. ორივე შემთხვევაში „ალიანსი“, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის მოხსნით, პოლიტიკური მანევრირების სივრცეს არამარტო საკუთარ თავს უქმნის.

” ჩვენ დღევანდელი შეთავაზებით გავაკეთეთ ღია განაცხადი, რომ მზად ვართ კოალიციურ მმართველობაზე საკრებულოში, ირაკლი ალასანიას მერობის პირობებში”, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ირაკლი ალასანიას მერობის პირობებში ”გამარჯვების ახალი ფორმულის” ინიციატივით ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი 31 მარტს წარდგა. ”რადგან ალიანსს ჰყავს მერის გამოკვეთილი კანდიდატურა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სხვა ოპოზიციური ჯგუფიდან უნდა დასახელდეს”, -აღნიშნა სოზარ სუბარმა მაშინ და კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან 3 საკითხზე დაიწყო: თბილისის მერის საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე შეჯერება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება ოპოზიციურ პარტიებს შორის. შეთანხმება ვერც ერთ საკითხზე ვერ შედგა, ”ალიანსის” კეთილი ნების დემონსტრირების გაგრძელება კი სოზარ სუბარის საარჩევნო სიის მიღმა დარჩენა აღმოჩნდა.

” სოზარ სუბარმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზად არის უკან დასწიოს საკუთარი ამბიციები. ის მზად არის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი წარდგენილი კანდიდატურა გამოითხოვოს. ჩვენ როდესაც ესეთ განცხადებებს ვაკეთებთ, ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავტოვოთ ვაკანტურად, რათა მოხდეს შეთანხმებები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკურ ძალებთან და მათთან ერთად განვსაზღვროთ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე”, - განაცხადა ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და განმარტა, რომ სოზარ სუბარის კანდიდატურის მოხსნა არჩევნების წინ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების დაწყებას არ გულისხმობს.

„მრეწველები“ მიიჩნევენ, რომ სოზარ სუბარის გადაწყვეტილება ოპოზიციის გაერთიანებისა და საერთო სტრატეგიის შემუშავებისთვის კარგი ნაბიჯია; ქრისტიან-დემოკრატები ფიქრობენ, რომ დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივის გაჩენა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ინგა გრიგოლიას გაყვანის ალბათობასაც ზრდის; „ეროვნულ საბჭოში“ კი სოზარ სუბარის საარჩევნო სიის მიღმა დარჩენა აკვირვებთ და ვარაუდობენ, რომ ყოფილი ომბუდსმენის საკრებულოში ყოფნა უფრო შეუწყობდა ხელს ოპოზიციურ ერთობას, ვიდრე მისი საკრებულოს გარეთ საქმიანობა. „ალიანსის“ მხრიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე სოზარ სუბარის კანდიდატურის მოხსნამ რატომ გახადა აუცილებელი მისი ამოღება საარჩევნო სიიდანაც? ამ კითხვაზე თავად სუბარმა გვიპასუხა:

”მე მგონი, საკრებულოს წევრობა და უდიდესი ფრაქციის თავმჯდომარეობა მაინც გარანტირებული მექნებოდა ხომ? სწორედ იმის ჩვენება მინდა, რომ არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი არც რამე თანამდებობა და არც რამე პოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილს რამენაირად წავართვათ ძალაუფლება, იმიტომ რომ ეს არის ამ ქვეყნის ძალაუფლება. 30 მაისამდე დარჩენილი დროის განმავლობაში მნახავთ ყველგან, სადაც კი ბრძოლაა. არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, კახეთში და, რა ვიცი, ყველგან ვიქნები, სადაც კი საჭიროა. ”
XS
SM
MD
LG