Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 29 აპრილი 2010


დღეს პრესა ეხმაურება შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდე ტალიავინის, გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ”საქართველომ - ტერიტორია, რუსეთმა ნდობა დაკარგა” - ეს ”24 საათის” სათაურია, ”რეზონანსის” პირველ გვერდზე კი წაიკითხავთ: ”ტალიავინიმ ომის გაჩაღებაში ევროსაბჭოშიც დაგვდო ბრალი”. გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი წერს, რომ ტალიავინიმ ”ომის პროვოცირებაში ქართული მხარე კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. თუმცა არც რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების ”სუბსტანციურ და მრავალჯერად” დარღვევებს აუარა გვერდი. ტალიავინის გამოსვლამ სესიაზე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ყველა გამომსვლელი თავს ვალდებულად თვლიდა, სიტყვა რამდენიმე, ასევე ”სუბსტანციური”, კომპლიმენტით დაეწყო შვეიცარიელი დიპლომატის მიმართ”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”საქართველოს რესპუბლიკაში” პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ვრცელ სტატიაში - ”უნიკალლენდი” წერს: ”სააკაშვილი კი გაიძახის საბჭოურ ცხოვრებას არასდროს დავუბრუნდებითო, მაგრამ საქმის არსი სხვაა. როგორღა დაბრუნდება, როდესაც მეტ-ნაკლებად ისევ იქ არის?”.

”ყველა სიახლეში” ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე დავით გამყრელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. საუბარი ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ექსპერტიზას ეხება. ”თუ საიდუმლო არ არის, რა დაჯდა ეს ექსპერტიზა?” - ეკითხება გამყრელიძეს ჟურნალისტი. გამყრელიძის პასუხი: ”დაახლოებით 5 ათასი გირვანქა სტერგლინგი. ვფიქრობ, ამ ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იყო ძვირი... ამ ექსპერტიზით დადგინდა ისიც, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდა თბილისის ცენტრალურ სატელეფონო სადგურში. ხელისუფლება განუწყვეტლივ ლაპარაკობს, რომ ამ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია. რა გამოდის, თბილისის მთავარ სატელეფონო სადგურში დგას რუსეთის სპეცსამსახურების ჩამწერი აპარატურა?” - კითხულობს გამყრელიძე.

”ყველა სიახლეშიც” და ”ახალ თაობაშიც” ქვეყნდება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადება, რომლითაც საზოგადოებას მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდის შექმნის შესახებ აცნობებენ. განცხადებაში წერია: ”ფონდის მიზანი იქნება მხარში ამოვუდგეთ და გავამხნევოთ ისინი, რომელთაც ძალუძთ მედიის დამოუკიდებლობის რეალობად ქცევა, ყოფნით გამბედაობა და აქვთ ხედვა, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსები. ჩვენ თხოვნით მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ბატონ დონალდ მაკლარენს დაგვეხმაროს ფონდის დაარსებაში და შემდგომ უხელმძღვანელოს მას. ბატონ დონალდ მაკლარენს მხარში ამოუდგება პროფესიონალი და პატივსაცემი პიროვნებებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო”, - წერს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

”ალია” შეეცადა კიდევ უფრო მეტი დეტალი გაერკვია თბილისის ბენზინ-გასამართ სადგურზე თბილისის მერისა და მოძრაობა ”7 ნოემბრის” წარმომადგენელ დაჩი ცაგურიას შეხვედრის შესახებ. ავტორი მათი დიალოგის დაბეჭდილ ვერსიას სთავაზობს მკითხველს და შემდეგ დაჩი ცაგურიას ეკითხება, წინასწარ დაგეგმილი იყო მისი იქ მისვლა თუ ”შემთხვევით გადააწყდა” უგულავას. ცაგურია ამბობს, რომ შეატყობინეს, თუმცა წყაროს დასახელებაზე უარს ამბობს. იქვე კი განავრცობს: ”ოღონდ, ეს არის ისეთი წყარო, რომლისგანაც მე ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ისინი ამ ინფორმაციას მომაწოდებდნენ... და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამათი ერთმანეთთან დაპირისპირება ისეთია, რომ შეიძლება ჩვენი გასაშველებელი გახდეს ეს მერაბიშვილის, უგულავას და კიდევ ვიღაცის ბანდები, რომლებიც ხელისუფლებაშია შეკრებილი.”

”ჯორჯიან ტაიმსი” დღეს მნიშვნელოვან ადგილს უთმობს 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალების გახსენებას. ბადრი ბიწაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, პირველ გვერდზე კი წაიკითხავთ: ”სააკაშვილს თავის მოკვლა ვანო მერაბიშვილმა არ დაანება” - თუ ვის ეკუთვნის ეს ციტატა, გაზეთის მესამე გვერდზე ნახავთ. და ეს არის გაზეთის უსახელო ”წყარო”, რომელიც ომის დღეებში პრეზიდენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აღწერს და ჰყვება, რომ მას დაცვის თანამშრომლისთვის იარაღიც კი გამოურთმევია და განმარტოება უთხოვია.

დასასრულ, ”24 საათს” მივუბრუნდები, სადაც ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმის გამარჯვებას ეძღვნება სტატია: ”ზედიზედ მეორე წელია ვისბადენის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალის, GoEast-ის, ჟიური წლის საუკეთესო ფილმის დასახელების შემდეგ სიტყვას ”საქართველო” წარმოთქვამს. ასე იყო შარშან, როდესაც გამარჯვება გიორგი ოვაშვილის ”გაღმა ნაპირმა” მოიპოვა, და ასე იყო წელსაც, როცა ლევან კოღუაშვილის ”ქუჩის დღეები” გრან პრის - ”ოქროს შროშანის” - მფლობელი და ფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG