Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სიღარიბე ბედისწერა არ არის“: საუბარი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მილკენის ინსტიტუტში


აშშ-ში მოქმედმა მილკენის ინსტიტუტმა ამ დღეებში მოაწყო ეგრეთ წოდებული „გლობალური კონფერენცია“, რომლის ლოზუნგი ასე ჟღერს: „განვსაზღვრავთ მომავალს“. კონფერენციას 60 ქვეყნის 3000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მის ერთ-ერთ სამუშაო დღეს სასაუბროდ მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მილკენის ინსტიტუტი გასული საუკუნის ბოლოს დაარსდა როგორც ეკონომიკის კვლევის არაკომერციული, დამოუკიდებელი ცენტრი. ორგანიზაცია სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის, კომპანიებისა და მეწარმეებისთვის ფინანსური კაპიტალის მისაწვდომობის და ეკონომიკის ზრდის ფაქტორების შესწავლაზე მუშაობს. ამჟამად ინსტიტუტი აღიარებულია როგორც ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტი.

27 აპრილს ლოს ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტში, საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის თემა კონფერენციის ორგანიზატორებმა ასე ჩამოაყალიბეს: ”სიღარიბე ბედისწერა არ არის“. საუბარს უძღვებოდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი გედმინი. ჩვენი რადიოს თავკაცმა, როცა თავი წარადგინა, თქვა, სხვათა შორის, ჩვენ ვმაუწყებლობთ გარდამავალ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია ჯერ ბოლომდე არ არის განმტკიცებულიო. ამ ქვეყანათა რიგშია საქართველოც, რომლის პრეზიდენტს გედმინმა ამ საუბრის ბოლოს მისი ოპონენტების აზრის შეფასება სთხოვა. ქვეყანაში, როგორც გედმინმა თქვა, კორუფციის წარმატებით დაძლევის საქმეში დემოკრატიის ორი მთავარი კომპონენტი, მედია და სამართალდაცვა, თამაშობს როლს და ამ მხრივ ხარვეზებია საქართველოშიო. რას იტყვითო.

სააკაშვილმა ”ნაწილობრივ” გაიზიარა სასამართლო სისტემის მისამართით გამოთქმული კრიტიკა, მაგრამ ამ სფეროში წინსვლაზე ილაპარაკა. „ჩვენ წელს შემოგვაქვს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი,” განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის რეიტინგი სულ რაღაც 20% იყო, ხოლო ”ახლა ის 50%-ზე მეტია”. მედიის თავისუფლების მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს კი მან ”სრული სისულელე” უწოდა:

„პრესას რაც შეეხება, ეს სრული სისულელეა. ამას ოპოზიცია მიამიტ უცხოელებს მიასაღებს ხოლმე, სხვათა შორის, თქვენს რადიოსადგურსაც, მაგალითად. ხშირად მესმის კრიტიკა, აქაოდა ტელევიზია არ არის თავისუფალიო. საქართველოში არის ტელეარხები, რომლებიც მთავრობას ემხრობიან, მაგრამ არის სადგურები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან მთავრობას, სძულთ მთავრობა, მაგრამ ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილნიც კი მაინც ნაკლებად კეთილი თვალით გვიყურებენ, ვიდრე, ვთქვათ, CNN-ი დემოკრატიულ პარტიას. საქართველოში ბეჭდვითი მედიის 95 პროცენტი მთავრობის წინააღმდეგია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა ლიბერალურია.

მან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მეორე არხის ახალმა ფორმატმა საეთერო დრო ”ყველა რადიკალური ჯგუფისთვის” ხელმისაწვდომი გახადა. მან იქვე დასძინა, რომ ეთერში ”შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის შესახებ” მოწოდებებიც კი ისმის.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ მისი სამეურვეო საბჭოს ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. 2009 წლის დეკემბერში პარლამენტმა 15-ადგილიან საბჭოში შვიდი ახალი წევრი აირჩია, მათ შორის - 4 წევრი, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან იყვნენ მხარდაჭერილები.
სააკაშვილის თქმით, BBC-ის ექსპერტები ეხმარებიან საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა მან სტანდარტების დაცვა მოახერხოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, დასძინა მან, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი, მაყურებელთა რაოდენობის თვალსაზრისით, 3%-ს არ აღემატება.

”იმედია, ეს მაჩვენებელი გაიზრდება; ამას დრო სჭირდება,” განაცხადა მან. ”მაგრამ პრობლემა არსებობს ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით.”

ეს, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას მედიის მიმართ საქართველოში. კვლავ ამ საუბრის დასაწყისს დავუბრუნდეთ. შეხვედრის წამყვანმა, ჯეფრი გედმინმა, საქართველოს ისტორიის თხრობა დაიწყო 2003 წლიდან, როცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხალხი ქუჩაში გავიდა იმის გამო, რომ სურდა შეცვლილიყო რაიმე, უნდოდა ეკონომიკური სიდუხჭირე, კორუფცია დაეძლია. და აი, მოხდა რევოლუცია, რომელსაც „ვარდების რევოლუციას“ უწოდებენ, თქვა მან და დამსწრეთ აცნობა, რომ ამ ყველაფრის ამტეხი, მოთავე, ამერიკაში განათლებამიღებული მიხეილ სააკაშვილი იყო. გედმინის თქმით, არშემდგარი ქვეყანა გამოცოცხლდა, განახლებულ დემოკრატიულ ქვეყნად გადაიქცა... შემდეგ მან სიტყვა მისცა სააკაშვილს.

სააკაშვილმა თავიდანვე მადლობა გადაუხადა რადიო თავისუფლების პრეზიდენტს იმისათვის, რომ ის რევოლუციის მოთავედ მოიხსენია და განაცხადა, ჩემზე ამბობენ, რომ მშფოთვარე, მყვირალა, ფიცხი ვარო. მან დაუდასტურა გედმინს, რომ საქართველო, მართლაც, არშემდგარი ქვეყანა იყო 6-7 წლის წინ; ტელეფონის ნომრებიც კი არ არსებობდა, სადაც უბედური შემთხვევის დროს შეიძლებოდა დაგერეკათ... გზები არ იყო, კორუფცია ყვაოდა, ჯოჯოხეთისკენ მივემართებოდითო. მოკლედ, ტრანსფორმაცია საჭირო იყო და სწრაფად უნდა გვევლოო.

სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების შესახებ და ჩამოთვალა ”თავისუფლების აქტის” ძირითადი პრინციპები, მათ შორის: თავისუფლება, რომელიც გამოიხატება მთავრობის მიერ ეკონომიკის შეზღუდულად მართვაში; მცირე, დაბალი და მყარი გადასახადები; სახელმწიფოს ჩარევისა და ბიუროკრატიული მითითებებისგან თავისუფალი ეკონომიკა; შესაძლებლობის მიცემა ყველასთვის და ა.შ... გარდა ამისა, მან დაასახელა ბევრი მაჩვენებელი. აღნიშნა, რომ გაიზარდა სახელმწიფო უწყებათა ეფექტიანობა და ახლა ის შეიძლება განვითარებული ქვეყნებისასაც კი შეედაროს. მისი ინფორმაციით, წელს, კრიზისის შემდეგ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, სავარაუდოდ, 6-7 პროცენტით გაიზრდება:

”მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ცხოვრების დონე და, ასე თუ ისე, გაჩნდა საშუალო კლასი. სიღარიბე შემცირდა 52-დან 22 პროცენტამდე. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია, მაგრამ ახლა განსხვავებული ვითარებაა, რადგან ხალხი იღებს ჯანდაცვის დაზღვევას, გაჭირვებული ფენის თითოეული წევრი იღებს დახმარებას.“

სააკაშვილმა დაასახელა არაერთი სხვა მაჩვენებელი, მისი მთავრობის ეკონომიკური და სოციალური წარმატების ნიშანი. სხვათა შორის, მან დამსწრეთ წარუდგინა საქართველოს შთამბეჭდავი პოზიცია „ფორბსის გადასახადებისა და რეფორმების ინდექსში“ 2009 წელს:

„2009 წელს,“ფორბსის გადასახადებისა და რეფორმების ინდექსის“ თანახმად, მეოთხე ადგილზე ვართ მსოფლიოში - კატარის, არაბთა გაერთიანული საამიროებისა და ჰონკონგის შემდეგ. და გადასახადების შემცირების შედეგად, საბიუჯეტო შემოსავალი გაიზარდა.“

სააკაშვილმა გამოსვლისას ილაპარაკა საბანკო სფეროზე და მის მიმართ ხალხის ნდობაზე. კორუფციის დაძლევაში წარმატებაზე საუბრისას პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეთა აზრი მოიყვანა დასტურად და თქვა, რომ, ადრინდელი მონაცემებისგან განსხვავებით, ახლა, საზოგადოების აზრის თანახმად, კორუფცია, როგორც პრობლემა, აღარ არსებობს. ეს, საქართველოს ლიდერის სიტყვით, მნიშვნელოვანია და საპირისპირო მოვლენაა იმისა, რაც რეგიონში ხდება.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა გადასახადების სტაბილურობის კონსტიტუციით გამყარების შესახებაც - იმაზე, რომ რეფერენდუმის გარეშე ძირითადი გადასახადები არ შეიცვლება. ისიც თქვა, რომ მთავრობას არ შეუძლია იქონიოს ბანკები.
მიხეილ სააკაშვილის მოხსენების დასრულების შემდეგ კითხვა- პასუხის დრო დადგა.

პირველ შეკითხვაში ჯეფრი გედმინი შეეხო საქართველოს მენტალურ გარდასახვას. გედმინმა იკითხა, თქვენ ჩაიბარეთ ღარიბი და ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა, მაგრამ ამ სფეროებთან ერთად საქართველოში შეიცვალა ჩვევები, ფასეულობები. რა იყო თქვენი მთავარი გამოწვევა ამ მხრივო. სააკაშვილმა თქვა, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი სოციალური გარდაქმნა. მან ვრცლად ისაუბრა საბჭოთა სახელმწიფოს შესახებ, მართვის საბჭოურ სტილზე - იმაზე, რომ ის ემყარებოდა ტყუილს და ორმაგ მიდგომას; განაცხადა, რომ ეს იყო ცუდი სახელმწიფო, რომელიც დაიშალა, მაგრამ მისი დაბრუნების მოსურნენი კვლავ არიან რეგიონში - ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და იქ არის ამის მცდელობაო.

„ხალხს არ მოსწონდა არც ერთი სახელმწიფო, ყველაზე ნაკლებად ძალადობრივიც კი. ჩვენი ოპონენტები ჩივიან ხოლმე... ჩვენ არავინ გაგვიგზავნია საკონცენტრაციო ბანაკებში. უბრალოდ, სამსახურიდან დავითხოვეთ 50 ათასი ბიუროკრატი, უფრო სწორად, 100 ათასი ბიუროკრატი, მათ შორის - სამართალდამცავი სტრუქტურებიდან. დედაქალაქში ეს არის მოსახლეობის რვა პროცენტი. ისინი ყველანი ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ. თუკი რამე საპროტესტო აქციაა, ისინი დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან მას და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა სტაბილური არ არის. არადა, სტაბილურია! ეს ნორმალურია, რომ ქუჩაში გამოდიან. შარშან მათ სამთავრობო შენობების ბლოკირება მოახდინეს რამდენიმე თვით. თუმცა, საბოლოოდ, ამ ხალხმაც კი შეიგნო, რომ რაღაცები უნდა შეიცვალოს.“

საქართველომ შეძლო ბოლომდე დასცილებოდა საბჭოთა მოდელს, თქვა იქვე სააკაშვილმა. მან სახელმწიფოზე ილაპარაკა, მის საჭიროებაზე, მაგრამ აღნიშნა, სახელმწიფო უნდა კონტროლდებოდესო. მისივე თქმით, ის არც ერთ მთავრობას არ ენდობა, თავისასაც კი, რასაც გამოცოცხლება მოჰყვა დამსწრეთა შორის... შეხვედრის წამყვანმა მიხეილ სააკაშვილს დაუსვა შეკითხვა, რომელიც წარსულს უკავშირდებოდა, ნაწილობრივ. მან ერთმანეთს შეადარა პოლონეთი და ყოფილი სოციალისტური გერმანია, სადაც, გედმინის თქმით, სახელმწიფოს „მამას“ უწოდებენ. პოლონეთში თავის დროზე ძლიერ იყო განვითარებული ეგრეთწოდებული ჩრდილოვანი ეკონომიკა, რასაც ვერ იტყვი გერმანიაზე. ასე რომ, ორი სხვადასხვა მიდგომაა სახელმწიფოს მიმართო. როგორები არიან ადამიანები საქართველოში - როგორიც პოლონეთში თუ როგორიც აღმოსავლეთ გერმანიაშიო? - მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, ისინი უფრო პოლონელებს ემსგავსებიანო.

საქართველოს პრეზიდენტს მოუწია ეპასუხა ასევე შეკითხვაზე რეფორმების შესახებ. შეხვედრის წამყვანმა ჰკითხა, რაც გააკეთეთ, ეკონომიკური ქირურგიული ჩარევა იყო და, ამდენად, მოგიხდებათ, როგორც დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, ბალანსი დაამყაროთ, თორემ ყველაფერს დაკარგავთო. სააკაშვილმა, პასუხად, იხუმრა, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი გასართობი პარკები გვაქვს, ასე რომ, „ამერიკული მთების მსგავსად“, აღმა-დაღმა სვლა გვიხდება. ხალხი რეფორმებით უკმაყოფილო იყო, მაგრამ პოპულარობა ფულივით არის: თუ ჩადებ საქმეში, შემდეგ არჩევნებზე უკან დაგიბრუნდება მოგება, შენს მიმართ ნდობის სახით. მაგრამ ახლა პრობლემები არ გვაქვს - საკმარისი მხარდაჭერა გვქონდა შარშან ადგილობრივი არჩევნების დროსო. სააკაშვილის თანახმად, განახლება ერთადერთი გზაა დემოკრატიული განვითარებისთვის, განახლება კი რეფორმებთანაა დაკავშირებული.

არ გიხსენებიათ ომი. რა იყო ამ ომისა და ოკუპაციის ფასი? -ჰკითხა ჯეფრი გედმინმა სტუმარს. ზარალი ძალიან დიდი იყო, დაღუპული ადამიანების სახით და ამ ტერიტორიებიდან განდევნილების სახით, უპასუხა სააკაშვილმა. მან შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, ნახევარი მილიონია დევნილიო. გაიხსენა აფხაზეთის რეგიონიდან დევნილებიც, მათი ეთნიკური წარმომავლობაც, რომ გამოდევნილი იქნენ ებრაელები, ბერძნები, ქართველები... ამ საზოგადოების ყველაზე განათლებული ნაწილი, საშუალო ფენაო. მაგრამ, მისივე თქმით, შემობრუნება მოხდა, პრობლემები გადავლახეთ და ჩვენი ეკონომიკა იზრდებაო, თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. დამსწრეთა მიერ დასმული შეკითხვები შეეხებოდა ნარკობიზნესთან ბრძოლას, ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას.

მილკენის ეკონომიკის კვლევის ცენტრში შეხვედრის ბოლოს წამყვანმა ჯეფრი გედმინმა დამსწრეთ მოუწოდა, საქართველოში ჩადით, შესანიშნავი ქვეყანააო. დაბოლოს, მან სტუმარს, მიხეილ სააკაშვილს, ჰკითხა, ჯორჯ ბუშის ქუჩა გაქვთ თბილისში და სხვა პრეზიდენტების სახელების დარქმევასაც ხომ არ აპირებთ სხვა ქუჩებისთვისო. საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არსებობს იდეა როლანდ რეიგანის სახელი ეწოდოს ერთ-ერთ ქუჩას მისი ქვეყნის დედაქალაქში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG