Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფილმების დაარქივება” - ქართველები ამერიკულ პროექტში


ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა ქართველი კინოარქივისტების დელეგაცია, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ლოს ანჯელესში, ”იუესაიდის” პროგრამით, ამერიკული კინოარქივების საქმიანობას ეცნობოდა.

საქართველო პროფესიონალი კინოარქივისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, თუმცა შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული ქართველი არქივისტები აღიარებენ, რომ ის, რაც მათ ამერიკაში - უფრო სწორად, ლოს-ანჯელესში და, კიდევ უფრო რომ დავკონკრტდეთ, ჰოლივუდში - ნახეს, მოწმობს, რომ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით ტექნიკურ პროგრესს...

აკადემიის კინოარქივი, მოძრავი გამოსახულების ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია
”არქივის სპეციალისტები, არქივისტის თანამედროვე გაგებით, ჩვენ არ გვყავს და არც სახელმწიფოა დიდად დაინტერესებული”, - გვითხრა ნინო ძანძავამ, რომელიც შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ეროვნული კინოცენტრის არქივის განყოფილებაში მუშაობდა, მაგრამ ეროვნული კინოცენტრის რეორგანიზაციის შემდეგ ეს განყოფილება დახურეს - ყოველ შემთხვევაში, საარქივო დეპარტამენტი ცალკე ჯერჯერობით არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავაც არააქტუალურად ითვლება ძველი ფირების შენახვისა და მოვლის საქმე, ის, რაც შეერთებულ შტატებში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საარქივო საქმიანობას მხოლოდ ჰოლივუდში, ერთდროულად, რამდენიმე ორგანიზაცია ეწევა.

ნინო ძანძავას თქმით, საქართველოს დელეგაცია ოცამდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის - ”სინეტეკის”, ”პროტეკის” წარმომადგენლებს, ყველაზე ცნობილ საარქივო ორგანიზაციებს მსოფლიოში. ევროპული კინოარქივებისგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში არქივები ხშირად კერძო მფლობელებს ეკუთვნით. არქივი კომერციული ორგანიზაციაა და საარქივო საქმიანობა მომგებიანია, რაც, ნინო ძანძავას თქმით, სიურპრიზი იყო ქართველი არქივისტებისთვის. მაგალითად, ”პროტეკს” სისტემატურად მიმართავენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ”ვორნერ ბრაზერსი”, ”ფოქსი”, ”იუნივერსალი”... იხდიან ფულს თავიანთი ფილმების შესანახად.

როგორ წამოვიწყოთ ან როგორ განვავითაროთ საარქივო საქმიანობა? - ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც დასვეს ქართველმა არქივისტებმა ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრების დროს. ნინო ძანძავას ვკითხეთ, როგორ მოხვდნენ დელეგაციის წევრები ამ პროექტში და აპირებენ თუ არა იმ გამოცდილების გაზიარებას საქართველოში, რომელიც მათ ამერიკაში მიიღეს.

მარგარეტ ჰერიკის ბიბლიოთეკა, მოძრავი გამოსახულების ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია
”კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ ვრცელი განაცხადი შევავსეთ. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კონკურსი არ იყო დიდი, რადგან არქივისტები ცოტა გვყავს საქართველოში და ეს საქმიანობა არაა განვითარებული”, - გვითხრა ნინო ძანძავამ.

გამოცდილება მიღებულია, თუმცა საქართველოში რომ საარქივო საქმიანობა განავითარო, მხოლოდ მონდომება, გამოცდილება არაა საკმარისი. საქართველოში ჯერ ტექნიკური ბაზაც არ არსებობს თანამედროვე კინოარქივის შესაქმნელად. ამასობაში განადგურების პირასაა ქართული კინოს ისტორია, რომლის შენახვა კვლავაც არ ითვლება პრიორიტეტულ სფეროდ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG