Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლობოტომია“, ანუ ტვინის დასაჭურისება საინფორმაციო იარაღით


იური ხაშჩევატსკი
იური ხაშჩევატსკი
ლობოტომია სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს ტვინის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთისგან გათიშვას. ამ ნეიროქირურგიული მეთოდის გამომგონებლები თავიდან მას ტკივილისგან ადამიანის განთავისუფლებისთვის იყენებდნენ. დღეს ამ ტერმინს გადატანითი მნიშვნელობით ხმარობენ. ასეა ბელორუსი კინორეჟისორის იური ხაშჩევატკის ფილმის შემთხვევაშიც. დოკუმენტალისტის ახალი ფილმი, სახელწოდებით „ლობოტომია“, ეძღვნება საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ რუსეთის მასმედიის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს.

იური ხაშჩევატსკი ცნობილია პუბლიცისტურად მწვავე დოკუმენტური ფილმებით, რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ თემებს ეძღვნება. ის ავტორია სამ ათეულამდე ფილმისა. მისი ნაშრომები დაჯილდოებულია არაერთი საერთაშორისო პრიზით, მათ შორის, უფლებადამცავი კინოს პრემიით.

აი, რას ამბობს ხაშჩევატსკი საინფორმაციო იარაღზე:

„დიდი ხანია არსებობს საინფორმაციო იარაღი, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოების წინააღმდეგ იყენებს. ეს სრულიად აშკარად ჩანს ბელორუსიის საინფორმაციო სარბიელზე. გაქრა მასობრივი ინფორმაციის პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი საშუალება, განსაკუთრებით - ელექტრონული. საინფორმაციო არხებით მტკნარი სიცრუე ვრცელდება. შემდეგ ბელორუსიის ხელისუფლების ეს გამოცდილება გადაიღო რუსეთმაც. ხდება სერიოზული მოტყუება, მე ვიტყოდი „ტვინების რეცხვა“.

ხაშჩევატსკის თქმით, როცა ამ თემაზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა, დაიწყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. მისი თქმით, მის თვალწინ იყო შესანიშნავი ნიმუში იმისა, როგორ ხორციელდება ეს მოტყუება და რისთვის ხდება ის. ცივილიზაციის დღევანდელ პირობებში ასეთი ვითარება ძალიან საშიშია, რადგან მასმედიის მართვა ყველა ხელისუფლებისთვის მიმზიდველი საქმიანობაა.

შეკითხვას, თუ რაზეა მისი ფილმი - ომზე, პროპაგანდაზე თუ ხალხზე და, აგრეთვე, რა არის მისი მუშაობის მთავარი საგანი, ბელორუსმა რეჟისორმა უპასუხა:

„პროპაგანდაზე და მათზე, ვინც ამ პროპაგანდას განახორციელებს, რუსეთის ჟურნალისტიკის იმ დამონებულ ნაწილზე და იმ ადამიანებზეც, რა თქმა უნდა, ვინც ამ ყველაფერს წინ აღუდგება. ჩემს ფილმში ძალიან ფართო, რეალური ინფორმაციაა იმაზე, თუ რა ხდებოდა მაშინ საქართველოში და იმაზეც, თუ როგორ ახშობდნენ ამას რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ამას ემატება საერთო ვითარება რუსეთში. ფილმს წითელ ზოლად გასდევს რუსეთში იმ ეროვნული იდეის ჩამოყალიბება, რომელშიც ერთიანდება პატრიარქალური „იპარავენ“, რაზეც ჯერ კიდევ კარამზინი ლაპარაკობდა, მარად საბჭოთა „ვიწონებთ“ და პუტინისეული „ტუალეტებში ჩავახრჩობთ.“

რეჟისორს, რომელმაც რუსეთის პროპაგანდაზე გადაიღო ფილმი, ვკითხეთ, რა იცის მან საქართველოს მასმედიის მუშაობაზე იმავე პერიოდში, ომის დროს და მას შემდეგ.

ხაშჩევატსკი ამბობს, რომ საქართველოს პროპაგანდის შესახებ ის ვერაფერს ამბობს, რადგან ის მის ყურამდე არ აღწევს. თუმცა ამბობს, იმავე პროცესებზე დაკვირვება საქართველოშიც შეიძლებაო.

„როგორც ჩემი ფილმის ერთმა მონაწილემ, იულია ლატინინამ, თქვა, ომი სიცრუის გზაა და ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ამ გზას ადგას. მაგრამ ამისთვის მე არ მისმენია და, შესაბამისად, პროპაგანდასაც ვერ ვუწოდებ - მე ამ ველის გარეთ ვარ. ყოველგვარი ინფორმაცია სუბიექტურია, მე აქედან გამოვდივარ. ის პროპაგანდად მაშინ გადაიქცევა, როცა საყოველთაო ხდება და მუდმივად ზემოქმედებს ტვინებზე.“

არის იმის შესაძლებლობა, რომ ხაშჩევატსკის ფილმი შეაფასონ ანტირუსულად. მაგრამ თვითონ რეჟისორი ამბობს, რომ მისთვის იყოს ანტირუსული, ნიშნავს არ უყვარდეს საკუთარი დედა, ეროვნებით რუსი, არ უყვარდეს ნათესავები, არ უყვარდეს ბევრი რუსი მეგობარი. ეს კი მას არ შეუძლია - შეუძლებლია, არ გიყვარდეს დედა და მეგობრები, ამბობს ის:

„მაგრამ შემიძლია არ მიყვარდეს რუსეთის ხელისუფლება. და ვფიქრობ, რუსეთშიც ბევრს არ უყვარს ეს ხელისუფლება. რუსეთის ხელისუფლების ამორალური ქმედება, რომელსაც ფილმში ვაკრიტიკებ, არავითარ შემთხვევაში არ არის ანტირუსული მოტივი. ეს პროტესტია უნიჭო, ვერაგი და დანაშაულებრივი ხელისუფლების მიმართ, რომელიც რუსეთში დღეს იმას აკეთებს, რაც სურს. ნუ ავურევთ ერთმანეთში, რადგან ეს ხელისუფლებას აძლევს ხელს. როცა მას ვინმე თავს ესხმის, ის მაშინვე აცხადებს, რომ მთელ რუს ერს დაესხნენ თავს. ეს ასე არ არის. მათ, ვინც ანტირუსულობაში ჩემს დადანაშაულებას მოისურვებს, ვუპასუხებ: ბიჭებო, თქვენ რა, მოგწონთ თქვენი ხელისუფლება? თუ მას აკრიტიკებთ, იქნებ თქვენც ანტირუსული საქმით ხართ დაკავებული?“

რაც შეეხება ფილმის ჩვენებას და მის შანსს, გაიყიდოს, იური ხაშჩევატსკის თქმით, ფილმი დასამთავრებელია. მის შესახებ 2 მაისს გერმანიის ტელეარხი „ARD“ გადასცემს სიუჟეტს. არაერთი ფესტივალი აპირებს მის ჩვენებას. რაც შეეხება რუსეთს, ამ მხრივ ილუზია არ მაქვსო, გვითხრა ხაშჩევატსკიმ - ჩემს ფილმს იქ, სულ მცირე, მომავალი ხუთი წლის მანძილზე არ აჩვენებენო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG